"სიყვარულს, მეგობრობას დრო ვერაფერს დააკლებს"
font-large font-small
"სიყვარულს, მეგობრობას დრო ვერაფერს დააკლებს"
მარი არღუთაშვილი: "ადამიანი, რომელზეც არავინ არაფერს ამბობს, ალბათ უინტერესოა"

მსახიობმა მარი არღუთაშვილმა ეს ზაფხულიც "პანდემიურად" გაატარა - 2 კვირით დასვენება კი შეძლო, მაგრამ მაშინაც ძალიან ფრთხილობდა. ახლახან სერიალ "იდეალური დედის" გადაღებები განახლდა, თეატრში აქტიური მუშაობა კი ჯერ კიდევ არ დაუწყია. იმედი აქვს, მალე ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში ჩადგება.

- "ადამიანებად ჩვენ გვხდიან დედა და მამა, ადამიანურად კი - აღზრდა" (კარლ ვებერი).
- ამ საკითხთან დაკავშირებით, მგონი, არასწორი მიდგომა გვაქვს. რა თქმა უნდა, დიდი როლი აქვს აღზრდას, მაგრამ სხვა ბევრი ფაქტორიც არის გასათვალისწინებელი. აღზრდის ერთი და იმავე მეთოდით რადიკალურად სხვადასხვანაირად ჩამოყალიბებული ადამიანები გვინახავს და ამიტომ არ ვეთანხმები. რაღა შორს წავიდე, მე და ჩემი და მშობლებმა ერთნაირად აღგვზარდეს, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებულები ვართ. აღზრდის პროცესი გრძელდება სოციუმშიც, სკოლაშიც, სამეგობრო წრეშიც... სხვა რამეა, მისცე რჩევები შვილს და გამოცდილება გაუზიარო, მაგრამ მთლად აღზრდას ვერ დავაბრალებთ ყველაფერს.
- "რა საჭიროა ცხოვრება, თუ არ ცდილობ სხვისი ყოფის შემსუბუქებას?!" (თომას ელიოტი).
- ძალიან ჰუმანური გამონათქვამია და მომწონს. მხოლოდ საკუთარი "მე"-თი ცხოვრება, არა მგონია, სწორი და კარგი იყოს. თუნდაც დღევანდელი მძიმე პერიოდი ავიღოთ: მაშინ, როდესაც უამრავი ადამიანი ცუდად არის და ამ ვირუსს ებრძვის, ბედნიერებისა და კარგად ყოფნის უფლებას არ უნდა გაძლევდეს ის, რომ თვითონ ჯანმრთელი ხარ და არაფერი გაწუხებს. ამიტომ, ამ გამონათქვამს 100%-ით ვეთანხმები.
- "მოთმინება ისეთი უნარია, რომელიც მაშინ ამოიწურება, როცა ყველაზე მეტად არის საჭირო" (რობინ უილიამსი).
- მართალია, თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სწორედ ზუსტ დროს ამოგეწურება მოთმინების ფიალა, ანუ რაზეც აუცილებლად უნდა გქონდეს რეაქცია და ამა თუ იმ მიზეზის გამო თავს იკავებ, ოდესღაც მაინც გიღალატებს მოთმინება და სათქმელს იტყვი... საერთოდ, არა ვარ ფიცხი; ვცდილობ, ემოციები ვაკონტროლო.
- "ნდობა არის ის გრძნობა, როდესაც მაშინაც უჯერებ ადამიანს, როცა იცი, რომ მის ადგილას ყველა ტყუილს იტყოდა" (მენეკენი).
- ნდობას თუ რამე ეჭვი ახლავს, მაშინ უფასურდება. ვფიქრობ, ზედმეტად მიმნდობიც კი ვარ და რაც წლები მემატება, უფრო და უფრო არ მომწონს ეს ამბავი, რადგან გამოცდილება სხვა რამეს გიჩვენებს და გასწავლის.
- "ძალიან ცუდი და აუტანელია, რომ ადამიანი სალაპარაკო საგნად იქცევა ხოლმე. ის უფრო უარესია, როდესაც მასზე არავინ არაფერს ამბობს" (ოსკარ უაილდი).
- ასეა. ადამიანი, რომელზეც არავინ არაფერს ამბობს, ალბათ უინტერესოა და მნიშვნელოვანს არაფერს აკეთებს. მხოლოდ ცუდ რამეებს ხომ არ ლაპარაკობენ, კარგ საქმეს რომ აკეთებ, ამასაც აღნიშნავენ ხოლმე. ჭორებს ვერ გაექცევი, მაგრამ მაინც ჯობს, სალაპარაკო საგნად გადაიქცე, ვიდრე არავინ არაფერი თქვას შენზე.
- "სამი გაზეთის უფრო მეშინია, ვიდრე 100 ათასი ხიშტის" (ნაპოლეონი).
- ძალიან დიდი ძალაა მედია და ალბათ, ამას გულისხმობდა ნაპოლეონი. არ ვცხოვრობ ისე, რომ ჩემზე რაიმე ჭორები აგორებულიყო, მაგრამ მესმის ბევრი რამ, რაც ხდება და ვეთანხმები, რომ ხიშტებზე მეტად საშიშია.
- "კაცები მოწყენილობის გამო ქორწინდებიან, ქალებს ინტერესი აწუხებთ, ბოლოს კი ორივე იმედგაცრუებული რჩება" (ოსკარ უაილდი).
- ეს გამონათქვამი არ მომწონს: როგორ შეიძლება ასე განაზოგადო ეს საკითხი, როდესაც ძალიან ინდივიდუალურია?!
- "სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე - სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები - მარგალიტებად" (მიგელ დე სერვანტესი).
- ასეთია სიყვარული. როდესაც შეყვარებული ხარ, ყველაფერი უარესი ბევრად უკეთესად გეჩვენება. სერვანტესი ჭკვიანი კაცი იყო და ეს არ შეეშლებოდა. თავადაც ასეთი ვარ, როდესაც მიყვარს - სასაცილომდე გაშტერებული (იცინის).
- "უნდილი კაცის ცოლობაზე დიდი სასჯელი ჯერ არ მოუგონია ღმერთს ქალისთვის" (ოთარ ჭილაძე).
- ზუსტად უთქვამს, უნდილი კაციც და ქალიც ძნელი ასატანია და ასეთი კაცის ცოლობა მართლაც სასჯელია.
- "რა აზრი აქვს პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას?! ფასადი განახლდება, "წყალგაყვანილობა" კი ძველი დარჩება" (ფაინა ფელდმანი (რანევსკაია).
- ახლა სხვა დროა. სწორედაც რომ ფასადი უფრო იყიდება და უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ, ვისაც როგორ უნდა, ისე მოიქცევა - ვისაც უნდა, ფასადს შეარემონტებს, ვისაც უნდა - "წყალგაყვანილობას". ადამიანი თავის არჩევანში თავისუფალია.
- "რაც უფრო ცოტა მჭირდებოდა, მით უკეთ ვგრძობდი თავს" (ჩარლზ ბუკოვსკი).
- როდესაც საჭიროებას არ გრძნობ, პრობლემადაც არაფერს აღიქვამ, ხოლო რაც უფრო მეტი გჭირდება, მეტი გაქვს საბრძოლველიც.
- "ერთი ქალი არასდროს აღიარებს მეორის მშვენიერებას" (გოტფრიდ ლესინგი).
- ტყუილია! არასდროს მიჭირს, ვინმეს კომპლიმენტი ვუთხრა. როგორ შეიძლება, სილამაზე, წარმატება, ნიჭიერება არ აღიარო და ხმამაღლა არ თქვა ამის შესახებ?! რატომ უნდა იყო ასეთი დაბოღმილი, არ მესმის.
- "სულელია, ვინც პოლიტიკაში ადამიანებსა და პარტიებზე მათი სიტყვების მიხედვით მსჯელობს" (ლენინი).
- ამ სიტყვას - "სულელს" უფრო გავამძაფრებდი და ვიტყოდი, რომ ბრიყვია ის ადამიანი, ვინც პოლიტიკოსებზე მათი სიტყვების მიხედვით მსჯელობს. პოლიტიკოსების და მით უმეტეს, მათი დაპირებების აღარ მჯერა. არჩევნის დროს ყოველთვის დაბნეული ვარ. ალბათ მანამდე გაკეთებულ მათი საქმეებისა და საქციელის მიხედვით ვაძლევ ხმას.
- "სჯობს იყო შენს თავში დარწმუნებული, გადადგა დამოუკიდებელი ნაბიჯი და თუნდაც დამარცხდე და შეცდომა დაუშვა. ადამიანი ხომ შეცდომებზე სწავლობს. ერთადერთი ნამდვილი შეცდომაა, არ გამოასწორო შენ მიერ დაშვებული შეცდომები" (ილია ჭავჭავაძე).
- სჯობს, დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილებები და შეცდომებზე ისწავლო, მაგრამ თუკი შეცდომას არ იაზრებ და არ გამოასწორებ, ეს მართლაც, კიდევ უფრო დიდი შეცდომაა. მეც ასე მირჩევნია, სხვაზე რომ ვარ დამოკიდებული, ძალიან არ მომწონს. მანქანა არ მყავს და ძირითადად, ტაქსით ვსარგებლობ, ისიც კი ნერვებს მიშლის, მასზე რომ ვარ დამოკიდებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა აგვიანებს ან ცუდად მოძრაობს. იმედია, მალე ვიყიდი.
- "ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა - ეს შეუძლებელია! მათ შორის შეიძლება იყოს ვნება, მტრობა, წყენა, სიყვარული... მეგობრობა კი - არა!" (ოსკარ უაილდი).
- არ ვეთანხმები. ბავშვობიდან მესმის, რომ წარმოუდგენელია მეგობრობა ქალსა და კაცს შორის. მე ნამდვილად მყავს კარგი მეგობარი ბიჭები.
- "ადამიანი თავისსავე მოგონილ ბედს ემორჩილება და ეგუება, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ბედთან შეგუება ადამიანის მთავარი თვისებაა. ეს უფრო იძულების შედეგია, არსებობის აუცილებლობითაა გამოწვეული და ამ თვისების შეძენის შემდეგ ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება იჩრდილება ნაწილობრივ მაინც, რადგან ამ გადამრჩენელი თვისების შეძენა თავისთავად, უმტკივნეულოდ და უმსხვერპლოდ არ ხდება. ის ხანგრძლივი ყოყმანისა და დაუნდობელი სულიერი ბრძოლის ნაყოფია. ეს ბრძოლა კი ყველანაირი ბრძოლისაგან განსხვავდება, თუნდაც იმით, რომ აქ დამარცხებული იმარჯვებს, დათრგუნვილი და ჩაკლული იძენს სიცოცხლის უფლებას (ოთარ ჭილაძე).
- ძალიან შემგუებლური ბუნების ვარ და გულწრფელად გეტყვით, არ მომწონს ეს ამბავი, მინდა, მებრძოლო ვიყო. მეამბოხე ხასიათი მაქვს, თუმცა რაღაცებს რომ შევებრძოლო, ამას დიდი ძალაც სჭირდება, რისკიც, მე კი, ცოტა არ იყოს, მშიშარა ვარ.
GzaPress
- "რაც საწოლში ქალებს ყველაზე მეტად უყვართ, ეს საუზმეა" (რობინ უილიამსი).
- ვერაფრით ვიფიქრებდი, თუ ქალებს საწოლში ყველაზე მეტად საუზმე უყვარდათ...
- "ფული არ გაგაბედნიერებთ. მე ახლა 50 მილიონი მაქვს და ზუსტად ისეთივე ბედნიერი ვარ, როცა 48 მილიონი მქონდა" (არნოლდ შვარცენეგერი).
- დასამშვიდებლად არის მოგონილი ფრაზა - "ფულში არ არის ბედნიერება". რატომ არ არის ვითომ? ფული არ მიყვარს, მაგრამ კომფორტულად ვგრძნობ თავს, როდესაც ანგარიშზე ან საფულეში მიდევს თანხა. მაშინ შემიძლია დახმარების სათხოვნელად მოსულ ადამიანსაც გავუმართო ხელი, ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე რომ აღარაფერი თქვა.
- "წიგნი უზენაესია. ესენი ანადგურებენ წიგნს. პრეზიდენტი ეუბნება რამდენიმე ათას პირველკლასელს: ჩვენ გვჭირდება ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე ახალგაზრდობაო. ჩვენ გვჭირდება სტუდენტობა, ინტერნეტზე მიერთებულიო. ვერ ამოვხსენი ვერაფრით, ვინ გვიშვრება ამას და რატომ. ვერც ის გავიგე, რად გვჭირს ეს უშველებელი" (ოტია იოსელიანი).
- ოტიას რომ პროტესტი ჰქონდა ამასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ ახლა სხვანაირად წარმოუდგენელია. ადამიანებს სიახლეებთან შეგუება გვიჭირს და ალბათ, ამიტომ ამბობდა ამას. არ ვთვლი, რომ დღევანდელი თაობა წიგნს აღარ კითხულობს, საკმაოდ ერუდირებული, ნაკითხი და ინტელექტუალი თაობა მოდის.
- "ადამიანები იმიტომაც ბერდებიან, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, თანდათანობით აკლდებათ სითბო: მშობლების სითბო, შვილების სითბო, შეყვარებულის სითბო, მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების სითბო და, რაც მთავარია, იმედის სითბო. ადამიანს დაბადებიდან სულ თან დაჰყვება იმედის სითბო, ფიქრობს, რომ ერთხელაც იქნება... მაგრამ რაკი ის რაღაც ამ ქვეყანაზე თურმე არ ხდება, ნელ-ნელა, რაც წლები გადის, თანდათან ქრება იმედის სითბო..." (გოდერძი ჩოხელი).
- ძალიან კარგად წერს, მაგრამ ადამიანები ბერდებიან სითბოსა და სიყვარულში, ასეც ხომ ხდება?! ვფიქრობ, მაშინ ბერდები, როდესაც ლექსიკონში უფრო ხშირად ჩნდება სიტყვები "რაღა დროს". ამბობენ, რომ გაცივდა ხალხი, გაუფერულდა გრძნობები და ეს ყველაფერი დრომ მოიტანა, მაგრამ სიყვარულს, მეგობრობას, ჩემი აზრით, დრო ვერაფერს დააკლებს, შეიძლება უბრალოდ გამოხატვის ფორმები შეიცვალოს...
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარიამ გულედანს ტელემაყურებელი გადაცემა "ჩათიდან" იცნობს.
შერონ მარის გულწრფელი ინტერვიუ კარიერასა და პირად ცხოვრებაზე
როცა გიყვარს, ლაღად თავაწეული მიდიხარ
რატომ არა აქვს ფარ-ხმლის დაყრის უფლება ანა დოლიძეს
დიდი ქარტეხილების გამოვლის შემდეგ წერის სურვილი თავისთავად გაჩნდა
რის გაკეთებას აპირებს ლია მუხაშავრია გურულებისთვის
მარიტა როხვაძის დიდი ცდუნება, ბედისწერა და მონატრება
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი