მზია ორველაშვილი იტალიაში მიემგზავრება
font-large font-small
მზია ორველაშვილი იტალიაში მიემგზავრება
მოცეკვავის გულწრფელი აღიარება

მოცეკვავე მზია ორველაშვილი თავის სფეროში მუშაობას იტალიაში აგრძელებს. იტალიელ მეწყვილესთან ერთად, პროფესულ შეჯიბრებებზე გამოვა, ოღონდ - საქართველოს სახელით. მზიას ინტერნეტით დავუკავშირდით და გერმანიაში მყოფს ვესაუბრეთ:

- საქართველოდან ჩემი გამგზავრება უცებ გადაწყდა. საერთოდ, პანდემიის დასრულებას ველოდი. არ მინდოდა, მუშაობა ისევ სხვა ქვეყანაში გამეგრძელებინა. მოგეხსენებათ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბელორუსიაში ვცეკვავდი. სამშობლოში დაბრუნებული ვფიქრობდი, რომ მუშაობა საქართველოს სახელით გამეგრძელებინა... ყველამ იცის, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ მაქვს - უბრალო, უშუალო ადამიანი ვარ, თავში არაფერი ამვარდნია, მაგრამ შევნიშნე, რომ ჩვენს ქვეყანას ისეთი ხალხი არ სჭირდება, ვისაც თავის სფეროში რამის გაკეთება და ქვეყნისთვის მეტი წარმატების მოტანა შეუძლია. რა თქმა უნდა, საქართველოში ბევრი წარმატებული მოცეკვავე გვყავს, მაგრამ უყურადღებობის, უპატივცემულობის გამო, ქვეყანაში ისეთ ხალხს კარგავენ, ვინც მგონია, რომ არ უნდა დაკარგონ. რაც ბელორუსიიდან დავბრუნდი, ვიგრძენი, რომ საქართველოში არავის ვჭირდები. რთულია, როცა საზღვარგარეთ მყოფს მთელი მსოფლიოს მოცეკვავეები, მასწავლებლები გაფასებენ, შემდეგ კი უცებ ხვდები ქვეყანაში (საქართველოში), სადაც თითქოს არავის სჭირდები, სადაც 19 წლის განმავლობაში აბსოლუტური ჩემპიონი ხარ... ხომ გაგიგონიათ - ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს - მღვდლის ცოლიო? შეიძლება, ვიღაც მეც არ მომეწონოს, მაგრამ თავის სამუშაო სფეროში იდეალური იყოს. უბრალოდ, მინდა, სხვა ქვეყანაში განვვითარდე... შემოთავაზება 2 წლის წინ, პანდემიის დაწყებამდე მივიღე: იტალიაში უნდა წავსულიყავი და მეცეკვა. მწერდნენ, - ჩვენს ქვეყანას შენნაირი მოცეკვავე ძალიან სჭირდებაო. რა თქმა უნდა, გამიხარდა, რომ თავიანთ წერილში ასე კარგად მახასიათებდნენ. მაურიციო, ვისთანაც უნდა ვიცეკვო და ვიმუშაო, საქართველოშიც იყო ჩამოსული, მაგრამ მერე უცებ გზები ისევ ჩაიკეტა. გამგზავრება ვერ შევძელი. თან, უამრავი საბუთი მჭირდებოდა. არც აცრილი ვიყავი... მოკლედ, ეს ამბავი 2 წელი "გაგვეწელა". ბოლოს უკვე ორივემ ხელი ჩავიქნიეთ - ალბათ ერთად ცეკვა არასდროს გვეღირსება-თქო... ჩემი მეწყვილე კარგი ადამიანია, ვმეგობრობთ. ძმასავით მივიღე. ხასიათით იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანან. მერე ვუთხარი, - გერმანიაში ქორწილში მოვდივარ-მეთქი (ქორწილი ჩემს მამიდაშვილს აქვს). - რა მაგარია! იქნებ გერმანიიდან იტალიაში ჩამოსვლა შეძლოო?.. მართლაც, იტალიის ცეკვის ფედერაციამ წერილი დამიწერა, რომ ისევ მელოდებიან. ასე უცებ გადაწყდა, რომ იქ სამსახურსაც დამახვედრებენ, მეწყვილეც გვერდით მეყოლება... ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში აღარ ვიქნები: ჩვეულებრივად, ჩემი სტუდია ღია დავტოვე - ძალიან კარგი ასისტენტი მყავს. ახლაც, 10 ოქტომბრისთვის საქართველოში ჩამოსვლას ვაპირებ. "ცეკვავენ ვარსკვლავები" იწყება, რომელში მონაწილეობასაც აუცილებლად მივიღებ. ჩემს ქვეყანას არ მივატოვებ, რადგან ძალიან მიყვარს!.. უბრალოდ, უცებ იტალიიდან კარგი შემოთავაზება მივიღე - კარგი მეწყვილე, პირობები და დავთანხმდი, რატომაც არა?! რაც ბელორუსიიდან დავბრუნდი, ჩემს სფეროში რეალიზება ძალიან გამიჭირდა. განა იმიტომ, რომ კარგი მასწავლებელი არ ვარ ან რამე მსგავსი? მგონია, რომ ჩვენი მენტალიტეტის გამო, სამეჯლისო ცეკვების სტუდიაში მშობლებს ბიჭების გაშვება უჭირთ, ასევე - გოგონებისაც. ფიქრობენ, ჩემმა შვილმა ნახევრად გახდილმა უნდა იცეკვოსო... გარდა ამისა, პანდემიის გამო ხალხს ისე გაუჭირდა, რომ ბავშვის განვითარებაში ფულის "ჩადება" აღარ შეეძლო. საერთოდ, სამეჯლისო-სპორტული ცეკვების სფეროში დიდი წარმატების მიღწევა შეიძლება. ამას პირადი გამოცდილების საფუძველზე ვამბობ: 18 წლის ვიყავი, როცა საზღვარგარეთ გავემგზავრე. სტუდენტობის პერიოდი იქ გავატარე. საქართველოში 26 წლისა დავბრუნდი, ისიც - იმის გამო, რომ მშობლებმა მთხოვეს: საქართველოში რატომ არ უნდა ჩამოხვიდე? "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობა რატომ არ უნდა მიიღოო?.. საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მართლა არ ვნანობ, რადგან "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" ჩემთვის უზომოდ ბევრი რამ გააკეთა. ეს პროექტი ჩემთვის მეორე ოჯახივითაა, ისე მიყვარს, მაგრამ საქართველოში ისე ვერ ვიყავი, როგორც ევროპაში მუშაობისას, სადაც ჩვენს ცეკვებს უფრო მეტად აფასებენ. დღეს იტალიაში გამგზავრებასთან დაკავშირებული ნაბიჯიც ამიტომ გადავდგი - იქ თავს საჭირო ადამიანად ვგრძნობ.
GzaPress
- სამეჯლისო-სპორტული ცეკვების შემსრულებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" სფეროს პოპულარიზაციას ძალიან შეუწყო ხელი, თუმცა, შენი აზრით, არსებული პრობლემები მაინც დაუძლეველი დარჩა?
- კი, ნამდვილად, რადგან საქართველოში მაინც სხვანაირი მენტალიტეტი გვაქვს... თან, ბევრი ადამიანი ერთმანეთის საქმეში ცხვირს ყოფს, ჭორები ვრცელდება... ყველაფერი ერთმანეთს დაერთო, დავიღალე... მინდა, ჩემს სამუშაო სფეროში განვვითარდე, თუმცა გამგზავრება უფრო მეტად იმიტომ გადავწყვიტე, რომ მინდა, ჩემს შვილებს მომავალი "ავუწყო", ისევ ისეთი ცხოვრება ჰქონდეთ, როგორიც ჰქონდათ, თუნდაც - ფინანსურად. ყველამ კარგად გაიგო, რომ პანდემიის დროს ძალიან "გავიჭედე". მეგობრები და ოჯახის წევრები მარჩენდნენ, როგორც წინა ინტერვიუში ვთქვი. სხვა გამოსავალი არ მქონდა, რადგან ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდი. უფალს მადლობას ვუხდი, რომ უცებ კარგი შემოთავაზება მივიღე. ჩემი ქვეყანა იმ დონეზე მიყვარს, რომ როცა კარიერას დავასრულებ, ისევ საქართველოში ვიცხოვრებ - მანდ მშობლები, ნათესავები მყავს... მამიდაჩემი 28 წელია, გერმანიაში ცხოვრობს. ძალიან განიცდის - საქართველოში დაბრუნება, თავისი კუთხე უნდა. მეც ანალოგიურად ვიქნები. ამიტომაც, სამუდამოდ საზღვარგარეთ გადმოსვლა არ მინდა... მე და ჩემი მეწყვილე აუცილებლად საქართველოს სახელით ვიცეკვებთ.
- თანახმაა?
- კი. ოღონდ შენთან წყვილში ვიცეკვო, კარიერა ერთად შევქმნათ და თანახმა ვარ, საქართველოს სახელით ვიცეკვოთო. საქართველოს კარგი სპორტსმენები, ქვეყნის სახელის საზღვრებს გარეთ უფრო კარგად გატანა სჭირდება... მოკლედ, ცეკვას ჩემი ქვეყნის სახელით გავაგრძელებ, ოღონდ - იტალიასა და უკრაინაში ვივარჯიშებ, რადგან მწვრთნელი უკრაინაში მყავს - მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი მწვრთნელია. მის მიტოვებას არ ვაპირებ. ცეკვის პროფესიულად გაგრძელების ძალიან მეშინია, რადგან დიდი პაუზა მქონდა აღებული: გათხოვება, ორსულობა, პანდემია... ჩემთვის ცოტ-ცოტას კი ვვარჯიშობდი, მაგრამ სიმართლე გითხრა, თავს არ ვიკლავდი - პანდემიამ გამაზარმაცა.
- იტალიელმა მეწყვილემ როგორ გიპოვა?
- საქართველოში გვყავს მსაჯი - ვანო კანდელაკი, რომელიც ჩემი ერთ-ერთი მწვრთნელია. როცა ცეკვაზე გული ამიცრუვდა და გადავწყვიტე, აღარ გამეგრძელებინა, ვანოს ვუთხარი: - საერთაშორისო კატეგორიის მსაჯობაზე "წავალ", ცეკვას მოვრჩი-მეთქი. მიპასუხა: - ამდენი რამე გაგიკეთებია და ცეკვას თავი რატომ უნდა დაანებო, როცა საქართველოში კარგი მოცეკვავეები გვიჭირს?! აუცილებლად უნდა იცეკვოო!.. წერილები თავად დაგზავნა - მზია ორველაშვილი მეწყვილეს ეძებსო. უამრავი შემოთავაზება მივიღეთ, მაგრამ იტალიელ მეწყვილეზე შევჩერდით - კარგი დოსიე აქვს.
GzaPress
- შეჯიბრებებისთვის მომზადების გარდა, იტალიაში კიდევ რას გააკეთებ?
- მაურიციოს იტალიაში, ქალაქ ბენევენტოში, ცეკვის დიდი სტუდია აქვს. დედამისი ბენევენტოს სოციალური ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტია. მათთან ერთად, სტუდიაში ვიმუშავებ და სამეჯლისო-სპორტული ცეკვების მიმართულებით, ერთ-ერთი მთავარი ქორეოგრაფი ვიქნები.
- შვილებთან განშორებას როგორ შეეგუე?
- შვილებთან განშორება ჩემთვის ყველაზე რთულია, მათ ყოველდღე ვეკონტაქტები. მეექვსე დღეა, რაც საზღვარგარეთ ვარ და უკვე ძალიან მიჭირს... ერთადერთი ის მაწყნარებს, რომ ვიცი, ჩემი შვილები კარგ ხელში არიან და არაფერი მოაკლდებათ, თუნდაც - ჩემგან, როცა დავფუძნდები და სამსახურში ყველაფერს დავალაგებ. ვიცი, ყველაფერი იდეალურად იქნება. საქართველოში მალე ჩამოვალ, ბავშვებს ვნახავ, მოვეფერები... ჩამოსვლას ხშირ-ხშირად ვაპირებ, რომ ჩემს შვილებს ყურადღება არ მოაკლდეთ. უფროსი ვაჟი დედაჩემთანაა, რადგან მისი გაზრდილია. მამასაც ეკონტაქტება... უმცროსი ვაჟი თავის მამიკოსთანაა.
- პანდემიასთან დაკავშირებით, გერმანიაში როგორი სიტუაციაა?
- აქ პანდემია საერთოდ არ იგრძნობა. ვაქცინას რეკლამას კი არ ვუკეთებ, მაგრამ მოსახლეობის 72% აცრილია. რესტორნები, სტუდიები, ტრანსპორტი ჩვეულებრივად ფუნქციონირებს. უბრალოდ, მაგალითად, მაღაზიაში შესვლისას ხალხი სამედიცინო ნიღაბს იყენებს, მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს იცავს. პერიოდულად, სკოლებში ბავშვებს ანალიზებს უტარებენ, რადგან პატარები აცრილები არ არიან. ანალიზის ხარჯებს სკოლა ფარავს...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვა