14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
"ჩემო თანამემამულეებო, რამდენიმე საათის წინ გავეცი ბრძანება მიგვეტანა იაერიში ბაშარ ასადის ქიმიური წარმოების ობიექტებზე სირიაში. ეს არის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობით, ჩვენ მათი მადლიერები ვართ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
პენტაგონის ინფორმაციით, ავიადატყების სამიზნე გახდა დამასკოში ქიმიური იარაღის წარმოების კვლევითი ცენტრი, ასვე ქიმიური იარაღის საწყობები და სამეთაურო პუნქტები. სირიის სახელმწფო ტელევიზიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 3 ადამიანია დაჭრილი.
საფრანგეთის თავადცვის მინისტრმა ფლორანს პარლიმ განაცხადა, რომ მოსალოდნელი ავიადარტყმის შესახებ რუსეთი ოპერაციის დაწყებამდე გააფრთხილეს. თუმცა მანამდე აშშ-ის გაერთიანებული სამხედრო შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელმა ჯოზეფ დანფორდმა განაცხადა, რომ ოპერაციის დაწყება არ იყო კოორდინირებული რუსეთთან.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის უწყება ირწმუნება, რომ სირიის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა გაუშვეს, თუმცა კოალიცია ოფიციალურად ამ თემაზე ჯერ ინფორმაციას არ
ავრცელებს.
სირიის მთავრობის განცხადებით, დაბომბვა მოხდა, რათა ხელი შეეშალოს აღმოსავლეთ ღუთაში სავარაუდო ქიმიური შეტევის გამოძიებას.
"ბარბაროსული აგრესია გავლენას ვერ მოახდენს სირიელი ხალხის სიმტკიცეზე, ასევე ჩვენ გმირ შეიარაღებულ ძალებზე", - ნათქვამია სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ვლადიმერ პუტინი სირიაში საერთაშორისო კოალიციის მიერ განხორციელებულ სამხედრო ავიადარტყმებზე პირველ კომენტარს აკეთებს.
კრემლის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, სირიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, აშშ-სა და მათი მოკავშირეების აგრესიული ქმედებების განსახილველად, რუსეთის პრეზიდენტი გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს.
"14 აპრილს აშშ-მა და მათმა მოკავშირეებმა სირიაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და შეიარაღებული ძალების ობიექტებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით, უშიშროების საბჭოს სანქციის გარეშე ჩადენილია აგრესიის აქტი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის
წინა ხაზზე იმყოფება", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
მისივე თქმით, რუსეთი გმობს სირიაზე თავდასხმას, სადაც რუსი სამხედროები კანონიერ ხელისუფლებას ტერორიზმთან ბრძოლაში ეხმარებიან.
"თავისი ქმედებებით აშშ ამძიმებს სირიაში ჰუმანიტარულ კატასტროფას, უბედურება მოაქვს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და ფაქტობრივად ტერორისტების წისქვილზე ასხამს წყალს და ამ ქვეყნიდან და რეგიონიდან ლტოლვილების ახალი ტალღის პროვოცირებას ახდენს", - განაცხადა პუტინმა.