გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
იმხანად ტერორიზმის ბრალდებით დახვრიტეს ქუთაისელი ვლადიმერ ჟვანია, რომლის სისხლის სამართლის საქმე 15 ტომისგან შედგება. ამ მასალების მიხედვით, რომელიც უშიშროების არქივშია შემონახული, ირკვევა, რომ მას რამდენიმე ტერორისტული აქტის მოწყობას ედავებოდნენ.
საბჭოთა უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკი აწ გარდაცვლილი გურამ სოფრომაძე წლების წინ მიყვებოდა როგორ გაუჭირდა მაშინდელ უშიშროებას ტერორისტის გამოვლენა და დაკავება. თავად სოფრომაძე აქტიურად იყო ჩართული საგამოძიებო ოპერაციებში.
ამბობდა, ჟვანია არ უნდა დაეხვრიტათო. მის სიკვდილში ედუარდ შევარდნაძეს ადანაშაულებდა პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაც იმ ცნობილ წერილში, რომელიც მან შევარდნაძეს მისწერა. გამსახურდია წერს, თქვენ 1976 წელს დახვრიტეთ ქართველი პატრიოტი ვლადიმერ ჟვანია, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანიო.
უშიშროების არქივში შემონახული მასალების მიხედვით, მოვლენები ასე განვითარდა. გასული საუკუნის 70-იან წლებში საქართველოს დიდ ქალაქებში - სოხუმში, თბილისსა და ქუთაისში მძლავრი აფეთქებები მოხდა. საბჭოთა სივრცეში ეს წარმოუდგენელი იყო. 1975 წლის 22 ივნისს, დილის 11 საათზე, სოხუმში, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის შენობასთან აფეთქების ხმა გაისმა და სამწუხაროდ, ამ აფეთქებას მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. ლენინგრადიდან ჩამოსული დამსვენებელი სერგეი ლევიტინი ადგილზე დაიღუპა.
ჯერ ეს საქმე არ ჰქონდა უშიშროებას გამოძიებული და რამდენიმე თვეში, მორიგი ტერორისტული აქტი, 1976 წლის 12 აპრილს, თბილისში, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს შენობის ფასადთან მოხდა, დღისით, 17 საათზე, ხელწერა იგივე იყო.
ოთხ დღეში კი ქუთაისის წულუკიძის სახელობის ცენტრალურ ბაღში გაისმა აფეთქების ხმა. მთელი ტრაგედია ის იყო, რომ უძლეველი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების აპარატი უძლური აღმოჩნდა დანაშაული გაეხსნა. საკავშირო უშიშროების კომიტეტი უკმაყოფილო იყო საქართველოში საგამოძიებო კომისიის მუშაობით და მკაცრ დირექტივებს იძლეოდა. მოსკოვიდან მოსული ექსპერტიზების დასკვნებით აფეთქების ადგილებზე ნაპოვნი ასაფეთქებელი მოწყობილობები კუსტარულად იყო დამზადებული, ამფეთქებელის შესაძლო პროფესიები კი იყო - გამნაღმველი, სეისმოლოგი, სამთო მომწყობი ან ფიზიკოსი.
გადამოწმდა ყველა შესაძლო ვერსია და საეჭვო პირთა კარტოთეკა, მაგრამ ხელჩასაჭიდი არაფერი ჩანდა. საგამოძიებო ჯგუფი მხოლოდ ერთადერთ ღირებულ ინფორმაციას ფლობდა: სამივე შემთხვევის დროს, თვითმხილველთა ჩვენებებით, დივერსიული აქტის ჩამდენი გამხდარი, საშუალოზე მაღალი, მარჯვნივ თმაგადავარცხილი მამაკაცი უნდა ყოფილიყო... მაგრამ ვინ იყო და რატომ აფეთქებდა სახელმწიფო ობიექტებს - გაურკვეველი რჩებოდა.
აწ გარდაცვლილი უშიშროების პოლკოვნიკი გურამ სოფრომაძე მიამბობდა, როგორ ეძებდნენ ტერორისტს.
გურამ სოფრომაძის მონათხრობიდან:
"ამ აფეთქებებმა ყველა საგონებელში ჩააგდო. 1976 წელს, შუა ზამთარში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად მთავრობის სახლის, სამხატვრო სახლისა და კინოთეატრ რუსთაველის ფანჯრები მთლიანად დაიმსხვრა, სისხლი არ დაღვრილა. გაგრძელება