5 ათასი წლით დათარიღებული საცხოვრებლები და მათში განთავსებული ნივთები - თიხის ჭურჭელი, სელის ქსოვილი, საკერავი და საქსოვი ხელსაწყოები, თევზსაჭერი ჰარპუნი, თიხის ფიგურები ცხოველებისა და ადამიანების გამოსახულებით, სხვადასხვა დანიშნულების აქსესუარი, მათ შორის - თავის შესამკობელი დიადემები... გუდაბერტყას ნამოსახლარის გათხრის შედეგად აღმოჩენილი ეს ნივთები ამ ტერიტორიაზე 5 000 წლის წინ არსებული საზოგადოებისა და მის მიერ შექმნილი კულტურის შესახებ მოგვითხრობს... სამ ჰექტარზე გაშლილი ტერიტორია შიდა ქართლში, ახალშენსა და ხელთუბანს შორის მდებარეობს. მისი გათხრა 50-იან წლებში დაიწყო.
სერგო ნადიმაშვილის შემდეგ ტერიტორიის შესწავლა არქეოლოგმა, გიორგი მინდიაშვილმა განაგრძო. არსებული ინფორმაცია ახლახან კიდევ უფრო გამდიდრდა - ახალი ნასახლარებისა და მათში განთავსებული ნივთების აღმოჩენისა და შესწავლის შედეგად უძველესი მოსახლეობის, მათი საქმიანობისა და მათ მიერ შექმნილი კულტურის შესახებ არაერთი ფაქტი გახდა ცნობილი... ბატონ გოგის გუდაბერტყას ნამოსახლარზე აღმოჩენილი ნივთებისა და მათ მიერ ნაამბობი უძველეს ხალხთა ისტორიის შესახებ ვესაუბრეთ...
- გუდაბერტყას ნამოსახლარის გათხრა 1956 წელს, გორის მუზეუმის დირექტორმა, სერგო ნადიმაშვილმა დაიწყო. ასეთი მასშტაბის (3 ჰექტარი) Aძეგლი შიდა ქართლში სხვა არ არსებობს. 50-იან წლებში ადრე ბრინჯაოს ხანის ძეგლები შესწავლილი არ იყო. გუდაბერტყას გამოყოფა შემთხვევითი აღმოჩენის შედეგია. ადრე ბრინჯაოს ხანის კულტურა საქართველოს (ყოფილ კავკასიის) სახელმწიფო მუზეუმში შესწავლილი მასალების მიხედვით გამოყო ბორის კუფტინმა და `მტკვარ-არაქსის კულტურა~ უწოდა. კულტურის გამოყოფა ერთგვაროვანი არქეოლოგიური მასალისა (იგულისხმება სხვადასხვა ნივთი) და ტექნოლოგიური ნიშნის მიხედვით ხდება. კუფტინმა დაადგინა, რომ ყველაზე ხშირად ერთმანეთის მსგავსი კერამიკა არაქსის ანუ არეზისა (მდინარის, რომელიც სომხეთის, თურქეთისა და ირანის საზღვარზე მიედინება) და მტკვრის აუზებში იყო აღმოჩენილი და მას `მტკვარ-არაქსის ენეოლითი~ უწოდა. ანუ პერიოდი, რომლითაც არქეოლოგები ქვასთან ერთად ლითონის, სპილენძის გამოყენების დასაწყისს აღნიშნავენ. ეს აღმოჩენა მეტად საგულისხმოა, რადგან ამ პერიოდის ძეგლები კავკასიაში თითქმის არ იყო წარმოდგენილი.
- ამ აღმოჩენამდე საქართველო ასეთი ადრეული დასახლებების ადგილად არ მიიჩნეოდა?
- მანამდე არსებობდა მოსაზრება, რომ საქართველოში მხოლოდ ანტიკურ ხანაში გაჩნდა მოსახლეობა. ეს აზრი სამთავროსა და თრიალეთის გათხრებმა გააბათილა. კუფტინმა ამ მიმართულებით მრავალი საინტერესო ნაშრომი დაგვიტოვა, რისთვისაც ის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს. სწორედ ამ განსაკუთრებული მონაცემების, არაორდინარული და იშვიათი განათლების მქონე პიროვნებასთან ერთად მუშაობდა გუდაბერტყას აღმომჩენი ბატონი სერგო ნადიმაშვილი 30-იან წლებში. ბატონი სერგო თავიდან განათლებით ტოპოგრაფი-გეოდეზისტი იყო. როგორც ჩანს, მუშაობის პროცესში ანთროპოგენული ლანდშაფტის შემჩნევაში თვალი გაეწაფა. ასე მიაკვლია შიდა ქართლში ბევრ მნიშვნელოვან ძეგლს, მათ შორის, გუდაბერტყას ნამოსახლარს.
- ამ ნამოსახლარით თქვენ როდის და როგორ დაინტერესდით?
- 2002 წელს ბაქო-სუფსის მილსადენის ექსპედიციებში მუშაობისას ჯანდარის ტბიდან ქარელის რაიონის ჩათვლით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით საველე ოფიცრად ვმუშაობდი. ბულდოზერებისა და ექსკავატორების მუშაობას ვაკვირდებოდი, რომ რამე არ დაეზიანებინათ. მაშინ მომეცა საშუალება, ეს ადგილები სადაზვერვო თხრილებით მომესინჯა. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მაშინდელი დირექტორის, ვახტანგ ჯაფარიძისგან ნებართვა და დაფინანსება მივიღე, რათა ადგილზე გარკვეული სამუშაოები ჩამეტარებინა. გათხრებმა გუდაბერტყაზე ორი სხვადასხვა პერიოდის ნამოსახლარი ფენა გამოავლინა. ზედა ფენაში მოცემულია გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის კულტურული ფენა, რომელიც ძვ.წ. XII-VII საუკუნეებს მოიცავს. მის ქვემოთ კი ადრე ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურული ფენაა განთავსებული. 2015 წელს, როცა გორის გამგეობის თავმჯდომარემ, დავით ონიაშვილმა გუდაბერტყას ძეგლის არსებობის შესახებ შეიტყო, ყველაფერი იღონა, რათა ამ ადგილზე ტურისტული ობიექტის შექმნის მიზნით არქეოლოგიური კვლევები გაგვეგრძელებინა.
- რა ნივთები იყო თავმოყრილი თქვენ მიერ აღმოჩენილ 2-ოთახიან შენობაში და რას ადასტურებს იმ პერიოდში ამ ტიპის ნივთების არსებობა?
- ეს შენობა 12 მეტრი სიგრძისაა და ბანური გადახურვა აქვს. კედელი იატაკიდან 60 სანტიმეტრის სიმაღლემდეა შემორჩენილი, რაც თავის დროზე მომხდარი ხანძრის დამსახურებაა. შეიძლება ითქვას, რომ იმ უძველესი გუდაბერტყელებისაგან განსხვავებით, რომლებმაც ერთი ფეხით გაასწრეს ცეცხლის წამკიდებელ თავდამსხმელებს, ჩვენ გაგვიმართლა, რადგან გაქცეულებმა ცოტა რამ თუ წაიღეს. ამის საპირისპიროდ, როცა ახალი სახლის აშენების მიზნითაა ძველი შენობა დანგრეული, მათ ნივთები წინასწარ აქვთ გაზიდული და ადგილზე აღარაფერი გვხვდება. ამიტომ, დამწვარი შენობის დანახვა, ჩვენთვის, არქეოლოგებისთვის დიდად სასიხარულოა (იცინის). ამ უბანზე 5 სხვადასხვა დროის შენობის ნაშთი გავთხარეთ. რაც შეეხება ნივთებს, აღმოვაჩინეთ ჩხირებით ნაქსოვი 5 000 წლის წინანდელი სელის ქსოვილი. გამოდის, მათ უკვე იციოდნენ ძაფის დართვა და ამას არა მხოლოდ ჩხირებითა და ყაისნაღით ახერხებდნენ, არამედ მარტივ საქსოვ დაზგებს ფლობდნენ, რითაც საკმაოდ წმინდა ქსოვილს ქსოვდნენ. აქვე ნაპოვნია კვირისტავები, ძვლის ნემსი, თიხისგან დამზადებული ცხოველების ფიგურები, ორივე მხრიდან გახეხილი ცხვრის კოჭი. ასეთი კოჭების დიდი რაოდენობაა აღმოჩენილი დიდ სამეფო ყორღანებშიც. კახეთში, ოქროს ლომის აღმოჩენის ადგილას, დაახლოებით, 365 ასეთი კოჭი აღმოჩნდა. ეს რიცხვი წელიწადის დღეების რაოდენობას ემთხვევა. გახვრეტილი ან გახეხილი კოჭებისა და მრგვალი კენჭების საშუალებით, შესაძლოა, მომავალს ან ამინდს წინასწარმეტყველებდნენ.

- საოცარია და ამ ადამიანების ძირითადი საზრუნავი თავის გადარჩენა და საკვების მოპოვება უნდა ყოფილიყო, თუმცა, ისინი ამასთანავე, ქმნიდნენ, ამუშავებდნენ, აპრიალებდნენ თიხის ჭურჭელს, ამზადებდნენ აქსესუარებს, ქსოვდნენ ქსოვილს... ბუნებრივია, ამაზე დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავდნენ...
- დიახ და გარდა ამისა, აქტიურად აახლებდნენ დაზიანებულ შენობებს. უფრო მეტიც, გვიან ბრინჯაოს ხანაში, ძვ. წ. XVI-VI საუკუნეებში საფუძვლიანი ღუმელები და ფურნეები ჰქონდათ, რომელთა აშენებას საკმაოდ დიდ დროს ანდომობდნენ. აღმოვაჩინეთ თიხის ჭურჭლის სახელური ცხენის გამოსახულებით. ცხენი კავკასიაში გვიან ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, კიმერიელებისა და სკვითების გამოჩენის პერიოდში. აქვე გახლდათ საწური და სახეხი ქვები. ერთ კოკაში ირმის დახერხილი რქები იყო მოთავსებული. როგორც გაირკვა, ირმის რქა სხვადასხვა დაავადების საოცარი სამკურნალო საშუალებაა. მათ შორის, ძლიერი სისხლდენისა და ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. აღსანიშნავია ასევე ჭურჭელი, რომელშიც თაფლის კვალი იყო. ბატონმა სერგომ აქ ორი დიადემა - შუბლის შესამკობი გვირგვინი აღმოაჩინა. გაწმენდის შემდეგ მათზე ირმების, ჯიხვებისა და ყარყატების საინტერესო გამოსახულებები გამოიკვეთა. სავარაუდოა, რომ ირემს წმინდა ცხოველად მიიჩნევდნენ და თაყვანს სცემდნენ. ირმისა და ყარყატების გამოსახულებები მიანიშნებენ, რომ ადამიანები თაყვანს სცემდნენ მზეს, წელიწადის დროებს ირმით, ჯიხვითა ყარყატებით გამოსახავდნენ. შესაბამისად, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ დიადემებზე კალენდარია გამოსახული. ირმებისა და ჯიხვების შეწყვილების პერიოდი ზამთრის პირს ემთხვევა. სამხრეთიდან ყარყატების გამოჩენა კი ზამთრის დასრულების ნიშანია. ისინი წელიწადს ამ ორ სეზონად ყოფდნენ.
- შესაძლებელია თუ არა, აღმოჩენილის მიხედვით ამ პერიოდში ცივილიზაციის არსებობა ვივარაუდოთ?
- ცივილიზაციად ზოგიერთი მეცნიერი კულტურას მიიჩნევს. მეცნიერთა მეორე ნაწილის აზრით კი, ცივილიზაციად შეიძლება მივიჩნიოთ საზოგადოება, რომელიც სახელმწიფოს დონემდე ამაღლდა და შექმნა დამწერლობა ან სხვის დამწერლობას იყენებს. მტკვარ-არაქსის კულტურაში აღმოჩნდა ჭურჭელი ზედ დატანილი პიქტოგრამებით. პიქტოგრამები მხოლოდ ჭურჭლის მორთულობას არ წარმოადგენს, არამედ გარკვეული შინაარსის მატარებელია. გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს უნდა ყოფილიყო დამწერლობის მცდელობა ანუ საზოგადოება ადრეული სახელმწიფოს ზღვართან იყო მისული. ძვ. წ. XXVII საუკუნიდან ამ კულტურის გავრცელების ტერიტორიაზე გამოჩენას იწყებენ დიდი ზომის ყორღანები ანუ გორა-სამარხები. სამარხებს ზემოდან მიწისა და ქვის ყრილი აქვს. ჭურჭელზე ნიშნებისა და ყორღანების გამოჩენა მიგვანიშნებს, რომ პროცესი ადრეული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენაა მიმართული. ჩნდებიან ბელადები, რომლებიც არა მხოლოდ დანიშნულებით, არამედ ქონებრივი მონაცემებითაც აღემატებიან სხვებს. ასეთ გორა-სამარხებში ვხვდებით რიტუალურ ტრანსპორტს - ოთხთვალა ურემს ერთმეტრიანი ბორბლებით. ურემი ხისგანაა დამზადებული და მასზე მიცვალებულია დაკრძალული. ბოლო დროს იქვე აღმოჩნდა რიტუალური გზები. თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ამ გზით დამკრძალავი პროცესია მიემართებოდა სამარხისაკენ, მაგრამ ეს მოსაზრება არ დასტურდება, რადგან ურმების დიდი ნაწილი ან დაშლილი სახითაა წარმოდგენილი, ან მათზე უძრავადაა დამაგრებული ანუ არ ტრიალებს. შესაბამისად, ამ ურმებს პრაქტიკული დანიშნულება არა აქვთ. ეს, უბრალოდ, მათი ხელისუფლების სიმბოლოა. მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ამ გზით მიცვალებულის სული ღმერთის, მზის შესახვედრად უნდა წასულიყო. რაც უფრო დიდია სამარხი, მით მეტი შანსია, რომ ის ტომის ან ტომთა გაერთიანების ბელადს ეკუთვნოდეს. კახეთში ერთ-ერთი მათგანის სიმაღლე 12, დიამეტრი კი - 146 მეტრი იყო. ქვები ქვაყრილში ალაზნის მეორე ნაპირიდან, ანუ 40 კმ-ით დაშორებული ადგილიდან ურმით იყო მოტანილი. ბოლო დროს ასეთი ყორღანი ჩვენი ცენტრის ხელმძღვანელმა, ზურაბ მახარაძემ ლაგოდეხის რაიონში, სოფელ ჭაბუკიანთან გათხარა. ისიც 12 მეტრის სიმაღლის ყრილი იყო და ორი ურემი ჰქონდა ჩატანებული. თიხით ისე კარგად იყო დაკონსერვებული, წყალი ჩადიოდა, მაგრამ ჰაერი ვერ აღწევდა და შესაბამისად, ხე მთლიანად გადარჩენილი გახლდათ. აქვე აღმოჩნდა ტყავი, ქსოვილი და საოცარი, თანამედროვე დიზაინით გაფორმებული ტყავის ჩანთები.
- გუდაბერტყას ნამოსახლარის გათხრის შედეგად მიკვლეული კულტურის ზუსტი დათარიღება შესაძლებელია?
- ეს კულტურა ძვ.წ. 3 100 წლიდან 2 600 წლამდე პერიოდს მოიცავს. გამოდის, ეს ხალხი 700 წელი ერთ ადგილას სახლობდა. შენობები რომ ინგრეოდა, ადგილს ასწორებდნენ და მასზე მეორე შენობას აშენებდნენ. ამ ნგრევა-შენებამ ბუნებრივი ბორცვი თანდათან აამაღლა და კულტურული ფენების სიმაღლემ გვიანი ბრინჯაოს ხანის ჩათვლით 3 მეტრს მიაღწია.
- გათხრების შედეგების განზოგადება თუ გვაძლევს საშუალებას, ამ საზოგადოებისა და კულტურის განვითარების დონეზე ვიმსჯელოთ?
- რა თქმა უნდა. გუდაბერტყაზე სერგო ნადიმაშვილის მუშაობისას ხორბალი, ცხვრისა და ძროხის ძვლებიც აღმოჩნდა. ეს ნიშნავს, რომ მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, მეცხვარეობა და სავარაუდოდ, კულტურული მეფუტკრეობა კარგად იყო განვითარებული. გუდაბერტყელებმა იციან ქსოვა, კერვა - ვიპოვეთ ძვლის ნემსი და ბევრი კვირისტავი. ამ ნასახლარზევე ნაპოვნია ჰარპუნი ანუ თევზის დასაჭერი ჭვილთი (შუბი), რომელსაც ერთი კბილი აქვს. მათ ჰქონდათ გარკვეული რწმენა-წარმოდგენები, კერა მათთვის წმინდა ადგილი იყო. კერის ნატეხებს, ისევე როგორც ამ კერიდან ამოღებულ ნაცარს, არ ყრიდნენ, ორმოებში ინახავდნენ. აქვე ვხვდებით ცხვრის, ხარის, ადამიანების თიხის მინიატიურულ ფიგურებს. ამ უზარმაზარ სივრცეზე სახლობს ხალხი, რომელიც მცირე განსხვავებულობის მიუხედავად, ძირითადად, ერთნაირ კერამიკას ამზადებდა, ერთნაირ სამეურნეო საქმიანობას, მეცხოველეობას, მემინდვრეობას, მეფუტკრეობას, მიწათმოქმედებას, მეცხვარეობას მისდევდა.
შორენა ლაბაძე