ქუჩებში არასდროს გაუგონია სალანძღავი სიტყვები
(I ნაწილი)
"ნამდვილი პოეტები ადამიანთა მოდგმის უფრო სრულყოფილი ნიმუშები არიან", - წერდა იოსიფ ბროდსკი. XX საუკუნის რუს პოეტთა შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ მარინა ცვეტაევა გვევლინება. ეს არის ამბავი იმის შესახებ, როგორ დევნიდნენ საბჭოთა რუსეთში მათივე პოეზიის "უგვირგვინო დედოფალს", როგორ იქცა მისთვის სამშობლო ხაფანგად და რატომ ჩამოიხრჩო თავი შორეულ ელაბუგაში.
მარინა ცვეტაევა მოსკოვში, მაღალი წრის ოჯახში დაიბადა. 1912 წელს, მან და სერგეი ეფრონმა ჯვარი დაიწერეს. თუმცა, მშვიდი ცხოვრება მხოლოდ 5 წელიწადს გაგრძელდა. ოქტომბრის რევოლუციას ცვეტაევა სატანური ძალების გამარჯვებად აღიქვამდა. 1922 წელს, უფროს ქალიშვილთან - არიადნასთან ერთად ქვეყნის დატოვების უფლება მოიპოვა. სერგეი ამ დროს პარიზში სწავლობდა. ოჯახმა ერთხანს ბერლინში იცხოვრა, შემდეგ - პრაღაში; მოგვიანებით კი, როცა ვაჟიშვილი - გიორგი შეეძინათ, პარიზში დასახლდა.
ევროპაში დუხჭირი ემიგრანტული ცხოვრება ცვეტაევასთვის მძიმე გამოდგა. დამოუკიდებელი, უკომპრომისო და დაუმორჩილებელი ბუნების მქონე მარინა რუსული ემიგრაციიდან გარიყული აღმოჩნდა. "ყველაფერი რუსეთისკენ მიბიძგებს. არადა, დაბრუნება არ შემიძლია, რადგან ჩემი იქ არსებობა წარმოუდგენელია..." - წერდა ის.
სამშობლოში დაბრუნება
მარინას ქალიშვილი არიადნა, ჯერ კიდევ პარიზში თავგამოდებულ კომკავშირელად იქცა და საბჭოთა კავშირშიც პირველი, 1937 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა. მის აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა. ის პარიზელ მეგობრებს სწერდა, რომ კაუჩუკის ქარხნის მუშები თავისსავე თეატრში შექსპირს თამაშობდნენ და მოსკოვში არ არის არც ერთი ადამიანი, რომელმაც არ იცის პუშკინი; ქუჩებში არასდროს გაუგონია სალანძღავი სიტყვები და არ შეხვედრია უმუშევარ, მუქთახორა ადამიანებს.
შემდეგ, მარინას ქმარი - სერგეი სამშობლოში საიდუმლოდ დააბრუნეს. თავიდან მას დედაქალაქის ძვირად ღირებულ ოტელებში კომფორტულად აცხოვრებდნენ. მის სტენოკარდიას საუკეთესო კლინიკებში მკურნალობდნენ. ნახევარ წელს დასასვენებლად არკადიაში, ოდესაში ატარებდა, ხან მინვოდსა და კისლოვოდსკში. ეს მისი "ვარსკვლავური" ხანა გახლდათ. 45 წლის ცისფერთვალება, მოხდენილი მამაკაცი, გასაიდუმლოებული წარსულითა და სახიფათო სამუშაოთი მოსკოვში უკვე ეფრონი აღარ იყო, არამედ - ანდრეევი. ასეთი ოპერატიული ფსევდონიმით აცხოვრებდნენ რუსეთში.
ცოტა ხანში სერგეი ეფრონსა და მის ემიგრანტ მეგობრებს - ცოლ-ქმარ კლეპინინებს (იმ დროისთვის გვარი მათაც შეუცვალეს და ლვოვები გახადეს) საცხოვრებლად გადასცეს ერთსართულიანი სააგარაკო სახლი ბოლშევოში, რომელიც დაბის განაპირას, ფიჭვებში იყო ჩაფლული. რეალურად, ის საბჭოთა უშიშროების გასაიდუმლოებულ აგარაკს წარმოადგენდა ან - როგორც ერთხელ, სევდიანად იხუმრა ნინა კლეპინინამ - "წინასწარი პატიმრობის სახლს". პარკეტის იატაკი, მზა ავეჯი, ღია ტერასები - ერთი შეხედვით ტკბილი ცხოვრებისთვის განკუთვნილ თბილ "ბუდედ" მოგეჩვენებოდათ. არადა, ამ სახლში დააპატიმრეს მისი უწინდელი ბინადარიც (თანამდებობის პირი); შემდეგ, სერგეი და მისი ქალიშვილი და ბოლოს - კლეპინინებიც. მაგრამ თავიდან ყველაფერი სხვაგვარად მოჩანდა. ყველანი საერთო სასტუმრო ოთახში შეიყრებოდნენ, საღამოობით ბუხარს აგიზგიზებდნენ. ფარდებჩამოფარებული ფანჯრებიდან გარეთ თბილი სინათლე გამოდიოდა. ოთახში კედელზე საშობაოდ მიმაგრებული ნაძვის ტოტის სურნელი ტრიალებდა. გემრიელ ვახშამს შეექცეოდნენ. არიადნას ხშირად მისი საქმრო - იოსიფ გორდონიც სტუმრობდა. ახალგაზრდა ქალი ხუმრობდა. მამამისი მას კეთილი, მსუბუქი ირონიით შეზავებული ღიმილით უმზერდა. ყველანი რაღაც უცნაურად ხალისიანები იყვნენ. კითხულობდნენ ლექსებს; იგონებდნენ პარიზულ ამბებს; კამათობდნენ ტოლსტოიზე; განიხილავდნენ სტანისლავსკის სისტემას და ელოდნენ... ელოდნენ მარინას ჩამოსვლას.
საუბედუროდ, ყოველ მათგანს ორგანოებიდან თავისი პირადი კურატორი ჰყავდა. მთელი საშინელება კი იმაში მდგომარეობდა, რომ ობიექტურად ისინი კარგი ადამიანები იყვნენ (მაგალითად, კლეპინინი პარიზშიც გამოსცემდა წიგნებს. მისი ცოლი ხატავდა და ადრე ვოდკინის მოწაფეც იყო). მათ უბრალოდ, გაბედული ნაბიჯი გადადგეს სამშობლოში დასაბრუნებლად, რათა ამით რუსული ემიგრაციისთვის მიეცათ ბიძგი.
მარინა ვაგონამდე სპეცსამსახურის თანამშრომლებმა მიაცილეს. მოსკოვში, ბაქანზე ქალიშვილი და მისი საქმრო დახვდნენ. იქვე გაიგო, რომ სერგეის დის ქმარი ორი წლის წინ დააპატიმრეს. ასევე, დააპატიმრეს მისი დაც. ეს ცვეტაევასთვის დიდი დარტყმა იყო.
ავი წინათგრძნობა
ბოლშევოში ოჯახთან ერთად ხუთი თვე გაატარა (ახლა ეს სახლი მისივე სახელობის ქუჩაზე ცვეტაევას სახლმუზეუმადაა წოდებული). მარინა თითქოს ფრთხილად, სიტუაციას უღებდა ალღოს. რა თქმა უნდა, მოსკოვში ის სულ სხვაგვარი დაბრუნდა: შეიყვარა მუქი ტანსაცმელი; ულაზათოდ წაიკრა თავზე; თმაც სულ გაუჭაღარავდა. დილიდან, ტანისამოსზე რაღაც ლურჯ წინსაფარს ჩამოიცვამდა ხოლმე, დიდი ჯიბით, რომელშიც სანთებელას და მუნდშტუკებს ინახავდა. დაბრუნების შემდეგ, არც ერთი ლექსი აღარ დაუწერია, მხოლოდ თარგმანებზე მუშაობდა, ამით ირჩენდა თავს (ისიც, მხოლოდ მაშინ, როცა ნებას დართავდნენ). დაბის ახალი ცხოვრება მას სულაც არ აბედნიერებდა, პირიქით, თითქოს შთანთქავდა.
"სიმყუდროვე მოჩვენებითია. თანდათანობით გული მეჭმევა. ...ენიგმატური ალიას ხელოვნური მხიარულება... ტორტები, ანანასები... ამ ყველაფრით სიმსუბუქეს სულაც არ განვიცდი... დასამარება დღეში ასჯერ... ოფლისა და ცრემლის მდინარეები ჭურჭლის თასში... ვიწყებ იმის გაგებას, რომ სერგეი უღონოა, სრულიად უღონო... ვგრძნობ საკუთარ სიღატაკეს, რომელიც სხვისი ნარჩენებით იკვებება. მე ახლა ჭურჭლის მრეცხავი ვარ. მთელი დღე მხოლოდ ერთი და იმავეს გაკეთება მიწევს - ვღვრი ჭურჭლის ნარეცხ წყალს ბაღში, რომ პირსაბანის ქვეშ მდგომმა თასმა იატაკი არ დასვაროს... სულ მარტო ვარ. გარშემო ყველანი საზოგადოებრივი პრობლემებით არიან გარემოცულნი, იდეებითა და იდეალებით... პირი სიტყვებითა აქვთ სავსე, მაგრამ ვერავინ ხედავს უსამართლობას იმაში, რომ მე ჯაფისგან ხელებზე კანი გადამეტყავა" /ჩანაწერი ცვეტაევას ბოლშევოს რვეულიდან/.
კოშმარის დასაწყისი
პირველად არიადნა დააპატიმრეს. სამი დღით ადრე კი, მარინა მასთან და ვაჟთან ერთად, როგორც იქნა, ცოტა ხნით გამოეთიშა ბოლშევოს და სასოფლო-სამეურნეო გამოფენას დაესწრო. როგორც ჩანს, სადღაც "ზემოთ" ამის ნება დართეს. ზეიმი ბერიამ გახსნა. შადრევნები, ორკესტრი, ცაში 200 წითელი დროშა ფრიალებდა. ტრიბუნიდან ხმამაღალი სიტყვებით გამომსვლელები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ბრბოში უჩინარი, გამხდარი, შეჭაღარავებული ქალი დაიარებოდა, ხელში პაპიროსით. არიადნა ისე იყო აჟიტირებული, ისე ამაყობდა ამ გამოფენით, თითქოს მისი ყოფილიყო. გაიხარა იმითაც, რომ დედამ ხალხური ოსტატებისგან ხელნაკეთი ლომი იყიდა. ქართულ პავილიონებში მას განსაკუთრებულად ვოლიერებში წარმოდგენილი კავკასიური ნაგაზები მოეწონა (ოდესღაც, ახალგაზრდობაში ის საკუთარ თავს სწორედ "ნაგაზს" ეძახდა).
მანამდე, ჟურნალში "ჩვენი კავშირი" არია მთელ ქვეყანას ეფიცებოდა, რომ საკუთარ სამშობლოში ძალიან ბედნიერი იყო. ის წერდა: "ჩემი ხვალინდელი დღე ჩემს ხელშია და კიდევ ბევრი-ბევრი სასიხარულო "ხვალ" გველის".
სამი დღის შემდეგ, ის დააპატიმრეს. ლუბიანკაზე გააშიშვლეს; ტანსაცმელს ღილები დააჭრეს; საცვალს რეზინი გამოაძრეს და წაართვეს ბიუსტჰალტერი, თავი რომ არ ჩამოეხრჩო. ასეთი აღმოჩნდა მისი "ხვალ" და კიდევ ბევრი (14 წელი ციხე, ბანაკი, გადასახლება) "სასიხარულო ხვალ".
ის გვიან ღამით წაიყვანეს. ჯერ ტერასაზე შემაძრწუნებლად დააბრახუნეს. ხმაურზე მარინა გავიდა ნამძინარევი, პერანგის ამარა. სამნი იყვნენ. ჩხრეკა, წიგნების გადაქოთება, წერილების ამოღება. ბოლოს, ორდერიც წარადგინეს, რომელზეც ბერიას ხელმოწერა იყო. გაისმა მოკლე ფრაზა: "თქვენ დაპატიმრებული ხართ!" - რომელმაც დედა-შვილი სამუდამოდ დააშორა. 30 წლის შემდეგ, არიადნა წერდა: "ყველა ჩემიანი ზღურბლზე იდგა და ხელს მიქნევდა. ყველა უძილობისგან გაფითრებულიყო. მე მართლა მჯეროდა, რომ 3 დღეში დავბრუნდებოდი... ამ დღეს უკანასკნელად ვნახე დედა, მამა და ძმა".
არიადნასთვის პირველი ამანათის შეგზავნის უფლება მხოლოდ 4 თვეში მისცეს. მისი პირველი წერილი ბანაკიდან დედამ მხოლოდ წელიწად-ნახევარში, 1941 წლის 11 აპრილს მიიღო (როცა უკვე თვითონ ნახევარ წელზე ნაკლები სიცოცხლეღა დარჩენოდა).
არიას შემდეგ, ერთ თვეში სერგეიც დააპატიმრეს. ნოემბერში კლეპინინებიც წაიყვანეს. დალუქულ ოთახებს შორის, უკვე გაყინულ და ყრუ სახლში მარინა და მისი ვაჟი გიორგი დარჩნენ. ერთხელ, 7 ნოემბერს, მათთან კლეპინინების რძალი ირა მივიდა, რომელმაც არაფერი იცოდა დაპატიმრების შესახებ. როგორც შემდეგ იგონებდა, ჩამკვდარმა სააგარაკო სახლმა, ქარისგან ფიჭვების ჭრიალმა და რიტმულმა კაკუნმა (ეზოში სერგეის სავარჯიშო რგოლები ერთმანეთს ეხეთქებოდა) - თითქოს მეტრონომი ცემდა გამალებით - ის შეძრა. ამ არამიწიერი ხმაურის ფონზე ზღურბლზე ცვეტაევა გამოჩნდა, აჩეჩილი ჭაღარა თმით და საშინელი, ნახევრადშეშლილი გამომეტყველებით. დიდხანს უყურებდა ცარიელი თვალებით. ვერ იცნო. რაღაცას ჩურჩულებდა. მერე გაიგო, რასაც ეუბნებოდა: "წადი შვილო, ჩქარა წადი აქედან. ღმერთი გფარავდეს..."
მეორე დღესვე, მარინამ არავის არაფერი ჰკითხა და შვილთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა. დატოვა ნივთები, ჭურჭელი, ტანსაცმლის ფუთები - ყველაფერი, რაც გააჩნდა.
(გაგრძელება ჟურნალ "გზის" 37-ე ნომერში)
ირინა ჯანდიერი