"აქტიურად ვიკვლევ არასრულწლოვნებში დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს"
font-large font-small
"აქტიურად ვიკვლევ არასრულწლოვნებში დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს"
ამერიკაში წარმატებული ქალბატონი, რომლის ცხოვრებაც სავსეა პატარ-პატარა სასწაულებით

ნატალია ვაშაკიძე ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს და ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევით ცენტრში მუშაობს. ეს შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანი ცდილობს გარკვეული კაპიტალი დააგროვოს იმისთვის, რომ სამშობლოში დაბრუნებულმა სოციალურად დაუცველი და პრობაციონერი მოზარდების დახმარება შეძლოს. ნატალია თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას გულახდილად გვიზიარებს.


- დავამთავრე ქუთაისის 38-ე საშუალო სკოლა, შემდეგ აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. პარალელურად, 17 წლიდან პროკურატურაში პრაქტიკაზე დავდიოდი. იურისტთა ასოციაციის ფილიალი ქუთაისში იყო და ერთ-ერთი პროკურორი დაინტერესდა ჩემით; მითხრა, ხომ არ გინდათ, პროკურატურის გზას გაჰყვეთო? - სიამოვნებით-მეთქი. წარმოიდგინეთ, სისხლის სამართლის კოდექსი ზეპირად ვიცოდი, უნივერსიტეტში მეტსახელად "ხადიაში კოდექსს" მეძახდნენ (იცინის). მოკლედ, მიმიღეს პროკურატურაში და სანამ უნივერსიტეტს დავამთავრებდი, 17-დან 22 წლამდე იქ, პოლიციის საზედამხედველო განყოფილებაში გავდიოდი პრაქტიკას. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ პროკურორის თანაშემწედ დავინიშნე.
- ანუ უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე იშოვეთ სამსახური, ეს ბედნიერება და საოცნებო რამაა დღევანდელ საქართველოში.
- არც მაშინ იყო დანიშვნა იოლი საქმე; ან ვიღაცის შვილი უნდა ყოფილიყავი, ან გარკვეული თანხა ჩაგედო "საქმეში", მე კი არც ერთის საშუალება არ მქონდა. წავედი თბილისში და ლამის მთელი თვე გენპროკურატურაში დავდიოდი, როგორმე გენპროკურორის მოადგილეს რომ შევხვედროდი. ვერ ხერხდებოდა, მაგრამ მაინც ვჯიუტობდი. ერთხელაც შემამჩნია ერთმა ჟურნალისტმა (თუ არ ვცდები, "კრიმინალური ქრონიკის" რედაქტორი იყო მაშინ), ბატონმა გია შარიქაძემ და მითხრა, - გოგონა, რამდენჯერაც მოვედი, აქ დამხვდით, ხომ მშვიდობა გაქვთო? ვუამბე, ვინ ვიყავი, რომ სამსახურს ვეძებდი და შეხვედრა მინდოდა კონკრეტულ ადამიანთან. ამ კაცმა, - მე დაგეხმარებითო და პირობა შეასრულა, ბატონ ანზორ ბალუაშვილს მისი წყალობით შევხვდი. დაახლოებით ნახევარი საათი ვისაუბრეთ და ბალუაშვილმა შარიქაძეს უთხრა: ძალიან მომეწონა ეს გოგო, "მამაკაცური ტვინის" იურისტია, აუცილებლად დავეხმარებიო და მართლაც, სიტყვა შეასრულა. ეს საოცრება იყო, ყველას უკვირდა, როგორ მოვახერხე მასთან შეხვედრა.
- ვიდრე საქართველოდან წახვიდოდით, ლექტორადაც მუშაობდით...
- ისე მოხდა, რომ ჩემი ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა და მეც ახალი სამსახურის ძებნა დავიწყე, ამჯერად უკვე დედაქალაქში. ერთ დღეს, სამარშრუტო ტაქსით მგზავრობისას გავიცანი სოხუმის უნივერსიტეტის დეკანი, რომელიც გამომეცნაურა. ჩემ შესახებ რომ ვუამბე, შემომთავაზა: ახლა კონკურსი ტარდება, მიიღეთ მასში მონაწილეობა და მერე ჩემთან მოდით, უნივერსიტეტში, სადაც ლექციებს წაიკითხავთო. უფლის წყალობით, მართლაც გავედი ამ კონკურსზე და 4 წელი სოხუმის უნივერსიტეტში, კათედრაზე ვიმუშავე. ვკითხულობდი ჯერ შრომის, მერე საოჯახო სამართალს.
- შემდეგ გათხოვდით და რუსეთში მოგიხდათ ცხოვრების გაგრძელება...
- დიახ, ასეა. ცოტა არ იყოს უცნაურად გავთხოვდი (იცინის). სადედამთილომ პირველად გასვენებაში დამინახა, მერე დამირეკა და მესაუბრა. მითხრა, კარგი ბიჭი მყავს და მინდა გაგაცნოო. გამოვუტყდი, რომ შეყვარებული არ ვიყავი. მერე ჩემი მომავალი მეუღლის ბიძაშვილიც ჩაერია საქმეში და შეხვედრა მოგვიწყვეს, 4 თვეში კი ოჯახი შევქმენით. ხომ გაგიგონიათ, ბედს ვერსად გაექცევიო...
GzaPress
- მოსკოვში წახვედით და აწყობილი კარიერა მიატოვეთ...
- მართლაც, აქ წარმატებული ქალი, იქ ფაქტობრივად, არავინ ვიყავი. წარმოიდგინეთ, რუსული ენაც კი არ ვიცოდი ნორმალურად... ჩემს დედამთილთან ერთად ისვენებდა ქალბატონი, რომელიც ბაუმანის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა და რადგან მოტივაცია მქონდა, ამ ქალთან დავიწყე ენაში მომზადება. მერე ვუთხარი, ენის პრაქტიკისთვის, რომელიმე ფაკულტეტზე ჩავაბარებ-მეთქი. მიპასუხა: თქვენ ისეთი დონე გაქვთ, ძალიან კარგი იქნება, თუ მოსინჯავთ "ლომონოსოვსო". ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და მეც ჭკუაში დამიჯდა. თუმცა, იქ მისული ბიუროკრატიას შევეჯახე: სად თქვენ და სად ჩვენო? ჩანთაში ორი ბოთლი ხვანჭკარა მედო, რადგან ვიცოდი, სადაც მივდიოდი. ტამარა ვიქტორევნასთან შევედი, მივართვი ეს სასმელი და ვუთხარი: ძალიან გთხოვთ, დამაკვალიანეთ, რა საბუთები უნდა მოვიტანო-მეთქი? ეს ქალი გაოგნებული მიყურებს, - საბუთები რაც უნდა წესრიგში გქონდეთ, აქ არავინ მიგიღებთო. მაინც არ დავნებდი, გამოვედი მისი ოთახიდან და მეექვსე სართულზე მყოფი, ახლა მეშვიდეზე ავედი. საერთაშორისო სამართლის კათედრაზე ერთი პროფესორი დამხვდა: ადგილი არ მაქვს, ვერ მიგიღებო, - ცოტა არ იყოს ცინიკურად შემომხედა ქართველს. რომ მივხვდი, ეს კაცი შოვინისტი იყო, დავიწყე კავკასიური გვარების კითხვა კათედრაზე. მერვე სართულზე წავაწყდი გვარს - ავაკიანი. დავაკაკუნე. ოთახში დიდსათვალეებიანი კაცი იჯდა, - რა გნებავთო? დავიწყე იმით, რომ ასპირანტურაში მინდოდა ჩაბარება. ამ კაცმა მომისმინა და, - მე არ ვიცი, თქვენ რა ვარსკვლავზე ხართ დაბადებული, მაგრამ 4 ადგილი მქონდა და 2 დღეა, მეხუთე ადგილიც დაუშვეს. თუ რეფერატი მომეწონება, ასპირანტად აგიყვანთო. ავედი ისევ ტამარა ვიქტორევნასთან, რომელიც ყავას სვამდა და რომ ვუთხარი, ავაკიანმა შანსი მომცა-მეთქი, ხველა აუტყდა. შემეშინდა, - რა მოხდა-მეთქი? - რას ამბობთ, იცით, ის ვინ არის? ელცინის დროს კონსტიტუციაში ცვლილებები რომ შევიდა, მისი დამსახურებაა. დიდად პატივსაცემი ადამიანია, დიდი პიროვნებაო. გამიხარდა...
დავწერე რეფერატი, მათ მოეწონათ და მიმიღეს. ეს ის პერიოდი იყო, ქართველებს რუსეთში პასპორტებს რომ უხევდნენ, სტუდენტებს სასწავლებელში სიარულის უფლება აღარ ჰქონდათ, სკინჰედებს ხელში არ უნდა ჩავარდნოდი, თორემ შეიძლებოდა მათი მსხვერპლი გამხდარიყავი და ამ დროს, მე მოწვევა მომივიდა...
იცით, 2001 წლიდან დავდიოდი მამა ნიკოლოზ მაქარაშვილთან და მან აბსოლუტურად ყველაფერი მიწინასწარმეტყველა (2007 წელს დაიწყო მდუმარებაში ყოფნა) 5 წლით ადრე, ვიდრე ეს ამბები მოხდებოდა. მითხრა, სიზმარი ვნახე შენზეო და მოვლენები ზუსტად ისე განვითარდა, როგორც ბერმა თქვა. წარმოიდგინეთ, გასაცოდავებულ სამიანზე რომ იცი რუსული და ლომონოსოვის უნივერსიტეტში მოხვდები, თან ასპირანტად აჰყავხარ ყველაზე გავლენიან პროფესორს, ეს ხომ მართლა საოცრებაა და ამ ამბის მოწმეებიც არსებობენ. რადგან ქუჩები არ ვიცოდი, იმ დღეს ორი ქართველი გოგონა მახლდა ლომონოსოვის უნივერსიტეტში ბედის საძიებლად წასულს. და დღეს ვფიქრობ, შემთხვევით არაფერი ხდება. მჯერა, რომ ეს უფლისგან და მამაოსგან იყო.
- ამერიკაში როგორ წახვედით?
- მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც უნივერსიტეტში ჩამოვიდა ცნობილი პროფესორი მაიკლ კლერი, რომელმაც ჩაატარა კონკურსი და 25 ასპირანტი წაგვიყვანა ჯეფერსონის უნივერსიტეტში, სადაც უფასოდ სწავლის საშუალება გვქონდა. პრაქტიკის გავლა ვისურვე არასრულწლოვანთა კოლონიაში. დავდიოდი და ვაკვირდებოდი, როგორ მუშაობდნენ ფსიქოლოგები არასრულწლოვნებთან, ამ ყველაფერმა კი დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, არასრულწლოვნების პრობლემებით დავინტერესდი და გამიჩნდა სურვილი, იგივე მოდელი ჩვენს ქვეყანაში გადმომეღო...
შემდეგ ისევ მოსკოვში დავბრუნდი და გავაგრძელე სწავლა, ვიყავი კათედრაზე. ამ ყველაფრიდან დაახლოებით 10 წლის შემდეგ მოვხვდი ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევით ცენტრში, სადაც დღემდე ვმუშაობ, ხელშეკრულება მაქვს გაფორმებული. ვიკვლევ არასრულწლოვნებში დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს და სტატიას ვწევ პრევენციაზე. ასევე, დავიწყე მუშაობა თემაზე "გაუცნობიერებელი ბულინგი". დანაშაულის გამომწვევ სხვადასხვა მიზეზს შორისაა სწორედ გაუცნობიერებელი ბულინგი, რასაც ადგილი აქვს ოჯახში, მერე ბაღსა და სკოლაში. ამასთან დაკავშირებით სერიოზული ნამუშევარი მაქვს, მაგრამ ყველაფერზე ვერ ვისაუბრებ; არ მინდა ეს თემა უფრო გამჭვირვალე გავხადო, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც იდეების მოპარვაში გახლავან დაოსტატებულები... გავიარე კონსულტაცია ფსიქოლოგთან, რომელმაც მირჩია, - საქართველოში რომ ჩამოხვალთ, მერე გახადეთ ეს თემა "ვიტრაჟულიო".
ამერიკაში ძალიან დაინტერესდნენ თემით, თუ როგორ უნდა მოიპოვოს პოლიციელმა არასრულწლოვნის ნდობა, - ამ თემაზე დაწერილ ჩემს სტატიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ახლა მორიგ ნაშრომს ვწერ, როგორ შეიძლება პოლიციამ არასრულწლოვანი განარიდოს დანაშაულს.
GzaPress
- თანამშრომლობთ ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევით ცენტრთან, საღამოს კი დამატებით ითავსებთ სხვა საქმეს. ისიც მითხრეს, რომ ამას მხოლოდ ერთი მიზნით აკეთებთ, რაჭაში დამოუკიდებლად გააშენოთ ვენახი, სადაც სოციალურად დაუცველ ბავშვებს დაასაქმებთ და იმაზეც იზრუნებთ, რომ მათ ჰქონდეთ პროფესია...
- მართალია, მეუღლე მეუბნება, ამას ყველგან ნუ ამბობ, თორემ შენს საქმეს სერიოზულად ვერ აღიქვამენო, მაგრამ მაინც გეტყვით: ჰარვარდის უნივერსიტეტში მუშაობით და სტატიების გამოქვეყნებით ვერ მოვაგროვებ იმდენ თანხას, რომელიც სხვა ხარჯებსაც დამიფარავს და საშუალებას მომცემს, ჩემი იდეა სამშობლოში განვახორციელო. იმიტომ არ ვმუშაობ დამატებით, რომ ბინა ვიყიდო ან ქონება დავაგროვო. არა, ამის პრობლემა არ მაქვს. ჩემს ოჯახს აქვს ბინებიც და გარკვეული კაპიტალიც. უბრალოდ, დავწერე პროგრამა, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვები და პრობაციონერი მოზარდები ჩავრთო მევენახეობაში, ამისთვის კი უნდა ავაშენო დარბაზ-მარანი. არ მინდა, ამის გამო გავყიდოთ ოჯახის ქონება ან ჩემს შვილებს მოვაკლო რამე, სახელმწიფო გრანტიც ვერაფრით მოვიგე და ისღა დამრჩენია, სამუშაოს რომ მოვრჩები, დამატებით ვიმუშაო და ამ კარგი საქმისთვის საჭირო თანხა მოვაგროვო. სხვათა შორის, არქიტექტორმა ირაკლი ხატელიშვილმა უკვე დაამთავრა პროექტზე მუშაობა. შევიძინეთ მიწა რაჭაში. მოვიძიე 5 თანამშრომელი, ვეტერანი მევენახე-მეღვინეები, რომლებიც მოზარდებს უფასოდ ჩაუტარებენ ლექცია-სემინარებს. მინდა მადლობა გადავუხადო ფსიქოლოგ ქეთევან კობალაძეს, რადგან ჩვენი დახმარების სურვილი გამოთქვა: რაჭაში ჩამოვალ კვირაში ორჯერ და ინდივიდუალურად ვიმუშავებ ბავშვებთანო.
- რატომ მაინცდამაინც რაჭა?
- გარდა იმისა, რომ ჩემი მეუღლე ამ კუთხიდანაა, პროექტის წერისას აღმოვაჩინე, რომ ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი სწორედ რაჭა-ლეჩხუმშია და არჩევანი ამ რეგიონებზე ამიტომაც შევაჩერე. იცით, კვლევებით დასტურდება, რომ დანაშაულის ჩამდენი პირების უმეტესობა სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. ამიტომაც, ჯერ მინდა საქმეში ჩავრთო 15 სოციალურად დაუცველი არასრულწლოვანი (რასაკვირველია, მათი მშობლების თანხმობით) და მერე პრობაციონერ მოზარდებსაც ჩავრთავთ.
- დასაქმებული მოზარდების მშობლებს შესაძლოა არ მოეწონოთ, მათი შვილები პრობაციონერებთან ერთად თუ იმუშავებენ...
- ამ შემთხვევაში ცალკე ჯგუფს შევქმნი. უბრალოდ, მაინც მგონია, რომ ყველანი გაგვიგებენ, რადგან აუცილებელია ამ მოზარდების რესოციალიზაცია. ადამიანი ერთხელ რომ ჩაიდენს მსუბუქ დანაშაულს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეორეჯერაც გაიმეორებს. მე მათ მაქსიმალურ პირობებს შევუქმნი, სწორ გზას რომ დაადგნენ, თან დასაქმდნენ და თან პროფესიას დაეუფლონ. ვფიქრობ, მეღვინეობა-მევენახეობას დიდი მომავალი აქვს. თანაც, საქართველოში ძალიან ბევრი აუთვისებელი მიწაა და როცა ეს არასრულწლოვნები შეხედავენ, როგორ შეიძლება ამ ბიზნესის განვითარება, ეს მათ ბიძგს მისცემს, საკუთარი საქმე წამოიწყონ, იდეები განახორციელონ. დასაქმებული თაობა კი დანაშაულის ჩადენაზე აღარ იფიქრებს, ამის მჯერა...
GzaPress
- იქნებ ოჯახზეც მიამბოთ. მეუღლისთვის, შვილებისთვის თუ გრჩებათ დრო?..
- მეუღლე მეუბნებოდა, - ყველაზე მეტად მეშინოდა, "კარიერისტკა" არ შემხვედროდა, მაგრამ შემხვდაო... არ უყვარს ძაღლის ჯიში ტაქსა. ამას წინათ ჩემი სამი რაჭველი წავიდა ძაღლის საყიდლად, მოიყვანეს ლეკვი, რომელიც როტვეილერი უნდა ყოფილიყო და როცა ლეკვი გაიზარდა, აღმოჩნდა, რომ ტაქსა უყიდიათ. ჰოდა, ასეა, "კარიერისტკაც" შერჩა ჩემს მეუღლეს და ტაქსაც (იცინის)...
ორი შვილი მყავს - 12 და 14 წლის. რუსეთში იზრდებოდნენ, მაგრამ სანამ მე ამერიკაში წამოვიდოდი, ერთი წლით ადრე გადმოვიყვანეთ ბავშვები საქართველოში. მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ მათთვის უკეთესი იქნებოდა, თუ მშობლიურ გარემოში გაიზრდებიან და არა რუსეთში ან ამერიკაში. უკვე ჩემი მეუღლეც ძირითადად საქართველოშია და დაახლოებით ორ წელიწადში, როცა ჰარვარდის უნივერსიტეტთან გაფორმებულ ჩემს ხელშეკრულებას ვადა გაუვა, მეც დავბრუნდები იმ კარგი საქმის ბოლომდე მისაყვანად, რომელიც ჩაფიქრებული მაქვს. მადლიერი ვარ ამერიკის საელჩოს თანამშრომლების. რომ არა მათი ხელშეწყობა, აქ ვერ მოვხვდებოდი. ამას წინათ ვაშინგტონში დამიბარა ჩვენმა ელჩმა და მხარდაჭერა გამომიცხადა, რაჭის პროექტი ძალიან მოგვეწონაო.
მჯერა, ამ საქმეშიც გამიმართლებს და ამის რწმენას იცით, რა მიმძაფრებს? სანამ ამერიკაში წამოვიდოდი, მამა ნიკოლოზმა მაჩუქა ვაზის ტოტი, რომელიც ჩემს დედამთილს აქვს შენახული. მაშინ ვერ მივხვდი, ეს რატომ გააკეთა, რის სიმბოლოდ გადმომცა. და აი, 4 წლის მერე მოდის იდეა, ჩავერთო მეღვინეობა-მევენახეობაში... და კიდევ ერთიც: სანამ წამოვიდოდი, მამა ნიკოლოზის საცხოვრებელ სახლთან მივედი. იმ დღეს არ გამობრძანდა. ვითხოვე, - მამაო, გეხვეწები, რაიმე ნიშანი მომეცი, სწორ გზას ვადგავარ თუ არა-მეთქი. ამ დროს გამოდის ქალი, ვის სახლშიც მამაო ცხოვრობს და კანფეტებს არიგებს. ამ ქალმა მომცა კანფეტი, რომლის ქაღალდზეც ეხატა ამერიკის დროშა და ეწერა ჰოლივუდი. ჩავვარდი საფიქრებელში, ჰოლივუდში რა მინდა-მეთქი. მგონი, წარმოვიდგინე, რომ ცნობილი ადამიანი ვხდებოდი (იცინის). იცით, ჩამოვედი ამერიკაში და ქუჩა, სადაც დავბინავდი, ჰოლივუდის სახელობისაა. აი, ამ ყველაფრის შემდეგ როგორ არ ვირწმუნო სასწაულების? ყველას გისურვებთ, სასწაულებით სავსე, ბედნიერი ცხოვრება გქონოდეთ.
ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ბავშვს მართმევენ და აღარ მიბრუნებენ, უნდათ, სულ თავისთან ჰყავდეთ"
საინტერესო ამბები ყარაბაღიდან
დავით სოკოლოვი წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა...
გაიცანით "მის ემიგრანტი", სამი შვილის დედა მარიამ ჭიღვარია
"ამ გუნდმა დაინახა ჩემში მოტივაცია, რომ ჩემი სოფლის განვითარებაში ჩავერთო"
"დღეს ეს ქალაქი მხოლოდ შავი "პრადოებისთვის" და მათი პატრონებისთვისაა კომფორტული"
ვინ არის ნათია რიგვავა, რომელსაც სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ?
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი