რა გახდა მარიამის დაინტერესების მიზეზი, რატომ გადაწყვიტა ვიდეოების გადაღება და "ტიკ-ტოკზე" ატვირთვა? - ამის შესახებ თავად გვიყვება.
- ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტი დავამთავრე. ერთი პერიოდი მეუღლესთან ერთად ოჯახურ ბიზნესს ვმართავდი. ამ ეტაპზე შეჩერებულები ვართ, რადგან დიდი ცხოვრებისეული ცვლილებებისა და გამოწვევების პერიოდი გვაქვს. ერთხანს ოჯახთან - მეუღლესა და ორ შვილთან ერთად ირანში ვცხოვრობდი, ამჟამად თბილისში ვართ. ინტერნეტსივრცეში დაახლოებით ერთი წლის წინ გავაქტიურდი, ხოლო მას შემდეგ, რაც ლოკოკინები მყავს, უფრო ხშირად ვიღებ ვიდეოს და სხვებსაც გარკვეულ წარმოდგენას ვუქმნი მათ სასარგებლო თვისებებზე. საკმაოდ საყვარელი შინაური ცხოველები არიან. სხვათა შორის, რიგ ქვეყნებში - მაგალითად ამერიკაში, აქტუალურია ბავშვისთვის ლოკოკინის ყოლა. მიხარია, ქართველ ბავშვებსაც რომ უყვართ ისინი და იმედი მაქვს, ქუჩაში დანახვისას ცუდად არ მოექცევიან. სხვათა შორის, მოვლაში შვილები მეხმარებიან, ხშირად ეფერებიან კიდეც. მათაც ძალიან შეუყვარდათ.

- თქვენ როდის და რატომ დაინტერესდით ლოკოკინებით?
- რამდენიმე თვის წინ ლოკოკინების პატრონი გავხდი. პირველად ჩემთვისაც უცხო იყო და მახსოვს, წინაღამე კითხვაში გავატარე. უამრავი ინფორმაცია მოვიძიე მათ შესახებ. ვნერვიულობდი, ვაითუ ვერ მომევლო შესაბამისად: პასუხისმგებლობას ხომ ცოცხალ არსებაზე ვიღებდი. ამ გადაწყვეტილების მიზეზი კანის მკურნალობა გახდა. აქატინა ფულიკა აფრიკული ლოკოკინის ჯიშია, რომლის მუცინიც, ანუ ლორწოს მთავარი შემადგენელი ნაწილი, აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. ამის შემდეგ მალევე გავხდი ბევრი პატარა ლოკოკინას "დედიკოც". თითომ 300-ზე მეტი კვერცხი დადო და პაწაწინა ლოკოკინები გამოიჩეკნენ. ამ ყველაფრის ნახვა იმდენად საოცარი იყო ჩემთვის, რომ ვიდეოების გადაღება და ჩემი გამომწერებისთვის მათი გაზიარება დავიწყე.
- ოჯახის წევრებს გაუკვირდათ თქვენი ეს არჩევანი?
- ოჯახში, რა თქმა უნდა, გაუკვირდათ (და არა მხოლოდ მათ). თავიდან ვჩუქნიდი ახლობლებს. ყველას ვთავაზობდი, რომ პატრონები მომეძებნა ჩემი პაწაწინა "გოგოებისთვის": ლოკოკინები ჰერმაფროდიტები არიან და მოფერებით "გოგოებს" ვეძახი. მსურველი იშვიათად თუ გამოჩნდებოდა. ყველას უკვირდა და ვერ ხვდებოდნენ, რაში სჭირდებოდათ ლოკოკინა სახლში. როდესაც პატარები წამოიზარდნენ, აღმოჩნდა, რომ ამდენს ერთად მეტი დრო და მოვლა სჭირდებოდა: ხშირად უნდა გამოგეცვალა ნიადაგი, რომელსაც სპეციალურად ვყიდულობ მათთვის, ასევე მნიშვნელოვანია კვებაც. მოკლედ, ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად ხარჯიც გაიზარდა. ამიტომ გადავწყვიტე, გამესხვისებინა, ოღონდ - ახლა უკვე შეღავათიან ფასად. ვიდეოც გადავიღე მათი დადებითი თვისებების შესახებ და ჩემს "ტიკ-ტოკ" გვერდზე დავაანონსე, რომ ვასხვისებდი. მყავს ხოლმე ასე, 700 და მეტიც, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ვასხვისებ, მათი რაოდენობა მალევე იკლებს. მერე ახალი იჩეკება და ასეთ უწყვეტ რეჟიმში ვართ. ლოკოკინის კვერცხს თითქმის ორი კვირა სჭირდება, რომ გამოიჩეკოს, ხოლო ვისაც გამრავლება არ სურს, ახალ დადებულ კვერცხებს ყინავენ. მე ვერ ვიმეტებ ამისთვის.

- რთულია მათი მოვლა? რამე განსაკუთრებული პირობები სჭირდებათ?
- ძნელი არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, შესაბამისი პირობები სჭირდებათ. სახლში ყოლის დროს აუცილებელია კონტეინერი, რომელსაც საჰაერო მილაკი აქვს. კარგია, თუ ზამთარში ტემპერატურის დამარეგულირებელსაც ჩავუდგამთ. საჭიროა სპეციალური ნიადაგი - მაგალითად, სუფთა ქოქოსის სუბსტრატი დანამატების გარეშე, რომელიც მუდამ ნოტიო უნდა იყოს. საკვებად გამოსადეგია მწიფე, ტკბილი ხილი, ბოსტნეული. ყოველდღიურ კვებით რაციონში უნდა ჰქონდეთ კალციც.
- ოდესმე თუ დაგიგემოვნებიათ ლოკოკინებისგან მომზადებული კერძი?
- არასდროს დამიგემოვნებია, სურვილიც არ მქონია. საერთოდ, უფრო მცენარეული საკვები მომწონს, არც ხორცს ვეტანები დიდად. ახლა კი, როცა უკვე თავადაც გავიცანი ეს საოცარი არსებები, როგორ უნდა შევჭამო?!. ისეთი საყვარლები არიან... ვინც ჩემგან წაიყვანა, უმრავლესობასთან მაქვს კონტაქტი, ძირითადად, ჩემი გამომწერები არიან და მიგზავნიან ხოლმე ფოტოებს, ვიდეოებს. ყველა მწერს, რომ საოცრად შეუყვარდათ, ამას ვერასდროს წარმოიდგენდნენ. ამ დროს ძალიან ბედნიერი ვარ.
- საქართველოშიც გვაქვს ლოკოკინების ფერმა. თქვენც ხომ არ აპირებთ ამ გატაცების ბიზნესად ქცევას?
- საქართველოშიც არის რამდენიმე ფერმა, ოღონდ იქ სხვა ჯიშის ლოკოკინები ჰყავთ, რომლითაც რესტორნებს ამარაგებენ. ლოკოკინა, რომელიც მე მყავს, კანის სამკურნალოდაა განკუთვნილი. როგორც უკვე გითხარით, კოსმეტოლოგიაში ლოკოკინის მუცინით ამზადებენ კრემს, რომელიც საკმაოდ ეფექტურია. მაგალითად, კორეაში, სამხრეთ ამერიკასა და ბევრ სხვა ქვეყანაში სალონებში ტარდება პროცედურები აქატინით, რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებულია. ამ შემთხვევაში დამზადება არ სჭირდება, მხოლოდ დაბან ლოკოკინას და დაისვამ სუფთა კანზე, ის დაცოცავს და მისგან გამოყოფილი მუცინი ახდენს კანის საოცარ რეგენერაციას, საუკეთესოდ ატენიანებს და ებრძვის ნაოჭებს, ავსებს ნაწიბურებს. პირადად მე ლაქების პრობლემა მქონდა და საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ 3-4 პროცედურის შედეგად შესამჩნევი, აშკარა გახდა მისი შედეგი. რაც შეეხება ბიზნესად ქცევას, ამ საქმეს აქ ვერ მოვეკიდები სერიოზულად, თუმცა მაქვს იდეა და შეიძლება მომავალში შევქმნა კანის მოვლის საშუალებები ლოკოკინის მუცინით. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ იდეაა. ვნახოთ, რა იქნება.

- "ტიკტოკერი" ხართ და ბევრი გამომწერიც გყავთ. თუ გეკითხებიან ლოკოკინების შესახებ და ძირითადად, რა აინტერესებთ?
- "ტიკ-ტოკზე" მანამდეც აქტიური ვიყავი. შემეცნებით ვიდეოებს ვიღებდი იმის შესახებ, რაც თავად მაინტერესებდა ან ჩემს თავს ხდებოდა. თუ ჩავთვლიდი, რომ ეს სხვისთვისაც საინტერესო, სასიამოვნო ან სახალისო იქნებოდა, მაშინ ვუზიარებდი ჩემს აუდიტორიას. მერე ირანში ვიყავი და იქ არსებულ ისტორიულ ძეგლებზე გადავიღე პატარა სიუჟეტები, რაც ისტორიულად კავშირში იყო საქართველოსთან. ასევე ვაცნობდი იქაურ კულტურას, ხალხს და ცხოვრების სტილს. ახლა უკვე ლოკოკინების შესახებ ვუზიარებ გამომწერებს ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას. უამრავი ადამიანი მწერს, რომ ჩემი ვიდეოების გამო შეუყვარდათ ლოკოკინები. ისე მსიამოვნებს ასეთი კომენტარების კითხვა, ვერ წარმოიდგენთ. საერთოდ, ჩემი მიმართულება სოციალურ ქსელებში მრავალფეროვანია, ინტერესებისა და ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების შესაბამისად.
ნინო ჯავახიშვილი