"ბრელოკები", ჭიქები და სამკაული
- ეს ის ნივთებია, რომელსაც პროფესიით არქიტექტორი ნიკა გაგლოშვილი ამზადებს, სამომავლოდ კი პოლიმერული თიხისგან უფრო მრავალფეროვანი სუვენირების შექმნას გეგმავს. საკუთარი ნახელავით მეგობრებსა და ახლობლებს ანებივრებს, თუმცა, თავად ამ ნაკეთობებიდან არაფერი ჰქონდა. ერთხელაც, მისი ნივთების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ შემძენს ნიკასთვის "ბრელოკი" შეუკვეთია - თიხის ფირფიტაზე ხელის მტევნები წარწერით "ოქროსხელება". როცა ავტორს ნივთი დამკვეთისთვის გადასაცემად მზად ჰქონდა, მას ნიკასთვის უთქვამს, - ეგ შენთვის დაიტოვე, გჩუქნიო. ბუნებრივია, ამგვარმა ჟესტმა ძალიან გაახარა ხელოვანი:

- პროფესიით არქიტექტორი ვარ. უნივერსიტეტი წარმატებით დავამთავრე, სტიპედიანტიც ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი პროფესიით არასდროს მიმუშავია. ჩვენი ქვეყანა სამუშაო ადგილების სიმრავლით არ გამოირჩევა, შესაბამისად, მეც აქამდე არ მომეცა საშუალება, სამსახური მეპოვა. ამიტომ იქცა ჰობი ჩემს ძირითად საქმედ. მომავალში თუ შესაძლებლობა მომეცემა, არქიტექტურით დავკავდე, ბევრ საინტერესო პროექტს გავაკეთებ, რადგან ჩემთვის ეს მეტად საინტერესო სფეროა.
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა რომ მიწევდა, ბელარუსის საელჩოში დაცვის პოლიციაში დავიწყე მუშაობა. 1 დღე ვმუშაობდი, 2 დღე შინ ვიყავი, ამიტომ ამ დროის გამოყენება გადავწყვიტე. ცოტაოდენი მასალა და სპეციალური ღუმელი შევიძინე (სადაც გამოძერწილ ნივთებს ვაშრობ), ვიფიქრე, თუ გაამართლებს, მუშაობას გავაგრძელებ-მეთქი. პირველივე ნივთებმა ინტერესი გამოიწვია და ასე მოვდივარ დღემდე. ევროპაში ხელნაკეთი ნივთები უფრო მეტად ფასობს, ჩვენში კი ეს კულტურა ნელ-ნელა იდგამს ფეხს და გაზრდილია საჩუქრებად მათი შეძენის მსურველთა რაოდენობაც. ორიგინალურია, გამორჩეული, თან, ინდივიდუალურ შეკვეთებს რომ ვიღებ, ესეც მოსწონს ხალხს.
- გამოცდილება თუ გქონდათ ამ კუთხით და რა იყო პოლიმერული თიხით შექმნილი პირველი ნივთები?
- ბავშვობიდან ვხატავდი, სამკაულს და სათამაშოებს ვამზადებდი, ხელნაკეთ ნივთებსაც ვქმნიდი სკოლის გამოფენებისთვის და ბევრს იქვე ვტოვებდი. არქიტექტურაზე სწავლის პერიოდში, ხატვა-ხაზვის პარალელურად, ქანდაკებასაც ვსწავლობდი და ამ ყველაფერს ძერწვაში პრაქტიკაც დაემატა. შემდეგ, როცა პოლიმერულ თიხაზე დავიწყე მუშაობა, ცოდნა ნელ-ნელა ჩემით განვავითარე. თავიდანვე "ბრელოკებსა" და ჭიქებზე ამავე მასალით სხვადასხვა ფიგურის დამზადება დავიწყე. ორივეზე თანაბარი მოთხოვნაა, ვერ ვიტყვი, რომელიმე უფრო მეტად მოსწონთ.

- ყველაზე მოთხოვნადი რისი ფიგურებია და რას გეგმავთ სამომავლოდ?
- საქართველოში ჭამა-სმა ყველას გვიყვარს, აქედან გამომდინარე საჭმელ-სასმლის "ბრელოკები" უფრო მოთხოვნადია. ძალიან ბევრი "ბრელოკი" მაქვს დამზადებული: ხინკლის, მჭადისა და ყველის, აჭარული ხაჭაპურის, გუდის ყველის, ნიგვზიანი ბადრიჯნის, ლობიანის, შემწვარი კარტოფილისა და "ყიყლიყოს" ფიგურებით. ასევე - ლუდისა და ღვინის ბოთლების. ასეთ ნივთებს ჩუქნიან როგორც მამაკაცებს, ისე ქალბატონებს. ასევე დიდ ინტერესს იწვევს ჭიქები წყვილების, ოჯახების ან ცალკეული ადამიანების ფიგურებით. ჩემი ნამუშევრები მოსწონთ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ემიგრანტები იძენენ და ქართველებს ან უცხოელებს ჩუქნიან. მრავალფეროვანი არჩევანია და ყველა საკუთარი ან სხვისი ინტერესებიდან გამომდინარე პოულობს სასურველ ფიგურას. ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია. ყველაფერს მე ვაკეთებ, ნამუშევარს ფოტოებსაც ვუღებ და სოციალურ სივრცეში ჩემ გვერდსაც თავად ვმართავ. ნამუშევრებს ხელისგულზე ვდებ და ისე ვუღებ, რომ მასშტაბი უფრო კარგად იყოს აღქმული. მინდა, ამ მასალით რელიეფური სურათები შევქმნა და ჩარჩოში ჩავსვა. კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და ალბათ მომავალში ყველა ჩანაფიქრს განვახორციელებ.
ანა კალანდაძე
ანა კალანდაძე