ბადრი ვადაჭკორიას მოგზაურობა საოცრებათა სამყაროში
font-large font-small
ბადრი ვადაჭკორიას მოგზაურობა საოცრებათა სამყაროში
"ნიანგის "სუპით" დაწყებული, თითქმის ყველა ეგზოტიკური კერძი გამისინჯავს"

ფოტოგრაფისა და ჟურნალისტის - ბადრი ვადაჭკორიას შემოქმედებას მრავალ ქვეყანაში იცნობენ: უამრავ ადამიანს გააცნო მან საქართველოს მშვენიერი ბუნება, ჩვენი ქვეყნის ხიბლი და სილამაზე. ბატონ ბადრის კიდევ ერთი დიდი გატაცება აქვს - მოგზაურობა. ინტერვიუს ჩაწერისას გამოგვიტყდა, რომ აზიური ქვეყნები უფრო მოსწონს, თუმცა, ნებისმიერ ქვეყანას აქვს რაღაც იდუმალი და განსაკუთრებული, რასაც სხვაგან ვერსად წააწყდები. უფრო კარგად ამის შესახებ თავად ბადრი ვადაჭკორია გვიამბობს.


- თამამად ვიტყოდი, რომ ლამის მთელი მსოფლიო შემოვლილი მაქვს. უამრავი საინტერესო ადგილი მინახავს, მაგრამ ყველაზე მეტად აზიური ქვეყნები მიტაცებს. რა თქმა უნდა, ევროპაც კარგია, მაგრამ იქ ყველაფერი მეტისმეტად დავარცხნილი და შეღებილი მეჩვენება. აზიაში კი სულ სხვა, იდუმალ სამყაროს ეჩეხები. რომელია ჩემთვის ყველაზე გამორჩეული ქვეყანა?.. პირველ ადგილზე იორდანიას დავაყენებდი.
- რატომ მაინცდამაინც იორდანიას?
- ეს საოცრებათა ქვეყანაა. იქ არის უძველესი, კლდეში ნაკვეთი ქალაქი პეტრა, რომელიც იორდანიის მშვენებაა. "პეტრა" ძველბერძნულად ქვას ნიშნავს. ეს ქალაქი უძველესი დროიდან არსებობს, ისევე, როგორც პეტრას ციხესიმაგრე. ყველაზე გრანდიოზული ნაგებობა, რაც კი ცხოვრებაში მინახავს, ალბათ პეტრას ციხესიმაგრეა. სხვათა შორის, არანაკლები სილამაზისაა ჩვენი პეტრას ციხე, რომელიც აჭარაში გვაქვს, მაგრამ იორდანიაში სულ სხვა სანახაობაა: იქ ეგვიპტური, ბერძნული და რომაული არქიტექტურის მიღწევები ერთმანეთთანაა შერწყმული. იქაურობას თითქოს მოვარდისფრო-მოწითალო ელფერი აქვს და როცა შედიხარ, შენ თვალწინ საოცარი სანახაობა იშლება. იორდანიის სამეფოში ორჯერ ვარ ნამყოფი და ორჯერვე გაოგნებული და განცვიფრებული დავბრუნდი იქიდან. პეტრა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში 1988 წლიდანაა, თანაც, ის ერთ-ერთია თანამედროვე მსოფლიოს შვიდ საოცრებას შორის.
GzaPress
- იორდანიის გარდა, რომელი ქვეყანაა თქვენი რჩეული?
- არაჩვეულებრივი ქვეყანაა ნეპალი, სადაც ძალიან თბილი, მხიარული და ყურადღებიანი ხალხი ცხოვრობს. ნეპალი მნახველს იმით აოცებს, რომ იქ ყველა გეფერება, შინაურივით გიღიმის და პატივს გცემს. ამას ნეპალის ღირსშესანიშნაობებიც ემატება: მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალ მწვერვალს შორის რვა სწორედ ამ ქვეყანაში მდებარეობს. ნეპალში ექსკლუზიური ტურით ვიყავი და ჰიმალაის მთებზე მომიწია ფრენამ. ასე დავათვალიერე მსოფლიოს უმაღლესი, ულამაზესი მწვერვალები. მოკლედ, ნეპალი არაჩვეულებრივი ქვეყანაა, სადაც თბილი და საინტერესო ხალხი ცხოვრობს.
- ასეთ შორეულ ქვეყნებში მოგზაურობისას ეგზოტიკური კერძების გასინჯვა თუ გიწევდათ?
- როგორ არა - ნიანგის "სუპით" დაწყებული, ბაყაყის წვნიანამდე, ყველანაირი კერძი მაქვს გასინჯული. ტაილანდში ყოფნისას, ვეფხვთან ჩახუტებამაც მომიწია, ოღონდ ის ვეფხვი ისე საეჭვოდ იყო გასუსული, რომ ეტყობა დამამშვიდებლის დიდი დოზა ჰქონდა მიღებული. მიუხედავად ამისა, ცალკე ის კვდებოდა შიშით და ცალკე - მე. სხვათა შორის, ტაილანდიც საინტერესო ქვეყანაა. პირველად ვნახე იქ ჭკვიანი სპილოები, რომლებსაც ხორთუმით ფუნჯი უჭირავთ და ხატავენ. ეს სპილოები სპეციალურად ჰყავთ გაწვრთნილი, სიამოვნებით სეირნობენ ტურისტები სპილოებით, რაც ტაილანდში მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
- ამბობთ, რომ უდაბნოს სულ სხვა ხიბლი აქვს, რატომ?
- უდაბნოში ყოფნა განსაკუთრებით მიყვარს. ტუნისი, ეგვიპტე... იქაურ უდაბნოებში ბევრჯერ ვარ ნამყოფი. ძირითადად, აქლემით ან კვადროციკლით ვსეირნობდით. უცნაური იყო ის, რომ ყველა ჩასვლაზე თითო ქუდს ვკარგავდი და მერე უკვე 2-3 კეპი მიმქონდა ხოლმე. უდაბნოს მართლა თავისებური სილამაზე აქვს, შეუდარებელ ფერებს წააწყდები იქ - თითქოს მხატვრის ფუნჯითაა მოხატულიო. ფოტოგრაფისთვის ძალზე საინტერესო სამყაროა. უდაბნოში გადაღებული ფოტოებით სულ სხვა, გამორჩეული ალბომის შექმნა შეიძლება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საინტერესო ქვეყანაა თურქეთი. ალბათ ამიტომაც ვითარდება ამ ქვეყანაში ტურიზმი ასე ინტენსიურად.
- რომელი ქალაქი მოგეწონათ თურქეთში ყველაზე მეტად?
- ამ ქვეყნის დასათვალიერებლად საკმაოზე მეტი დრო მქონდა, რადგან იქ 1994-1998 წლებში დიპლომატიურ სამსახურში ვიყავი. თურქეთი ძველისძველი, უაღრესად იდუმალი ქვეყანაა, ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ორი დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზეა. განუმეორებელი ადგილია კაბადოკია - თურქეთის ზღაპრული კუთხე, რომელიც ცენტრალურ ანატოლიაში მდებარეობს. ის მთელ მსოფლიოშია ცნობილი ზღაპრული ბუნებით, ვულკანური წარმოშობის კლდეებითა და კლდეში ნაკვეთი ძველისძველი მიწისქვეშა ქალაქებით, რომელსაც გაზაფხულსა და შემოდგომაზე ათასობით ტურისტი სტუმრობს. საოცრებაა ქალაქი ეფესო, რომელიც ჯერ ბერძნული პოლისი იყო, შემდეგ კი - მნიშვნელოვანი რომაული ქალაქი მცირე აზიის დასავლეთ ნაწილში. უფრო ადრე - ძვ.წ. I საუკუნეში ეფესო მსოფლიოში სიდიდით მეორე ქალაქი იყო. ეს ქალაქი სახელგანთქმულია იქ მდებარე არტემიდის ტაძრით, რომელიც ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებას შორის ერთ-ერთია.
GzaPress
- რომელი ადგილები მოგეწონათ ევროპაში განსაკუთრებით?
- საფრანგეთში ყველაზე მეტად ელზასი და ლოტარინგია მომწონს, სადაც ძალზე საინტერესო ქალაქი - კოლმარი მდებარეობს. მას "ელზასის სავიზიტო ბარათს" და "პატარა ვენეციასაც" უწოდებენ. არ დავმალავ, რომ ამ ქალაქის სილამაზით გადავირიე... ელზასი მეღვინეობის მხარეა და იქ უამრავი ღვინის ფესტივალი ტარდება. არ შემიძლია არ ვახსენო ევროპის ულამაზესი ქალაქი - ბრიუგე, რომელიც ბელგიის ტერიტორიას ეკუთვნის და საფრანგეთის საზღვართან ახლოსაა. ეს ქალაქიც თითქოს ვენეციას ჩამოჰგავს, რადგან იქაც ბევრი არხია. ვენეცია ხომ ძალიან ლამაზია, მაგრამ გამორჩეულად მე გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის პატარა ქალაქები მიყვარს, რომლებსაც სულ სხვა იდუმალება და სილამაზე აქვს.
- ამერიკაზე რას გვეტყვით?
- ამერიკის ბევრ შტატში ვარ ნამყოფი, მაგრამ ნიუ-იორკი მაინც განუმეორებელი ქალაქია. ის მართლაც საოცარი, თანამედროვე ქალაქია, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა ნახოს. მიუხედავად იმისა, რომ უფრო ძველი, ისტორიული ქალაქები მიზიდავს, ნიუ-იორკმა გამაოცა, რადგან იქ ყველა კულტურა ერთადაა თავმოყრილი. სხვათა შორის, ყველაზე ძველი სახლი, რომელიც ნიუ-იორკშია, 10 წლით უმცროსია ჩემს სახლზე, სადაც აქ - თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ ნიუ-იორკი მაინც საოცრებათა ქალაქია.
- დაბოლოს, მოგვიყევით თქვენი ცნობილი ისტორია მილა იოვოვიჩზე - სად შეხვდით კინოვარსკვლავს?
- მილა იოვოვიჩს მთელ მსოფლიოში იცნობენ. მე მას იალტაში შევხვდი, თავის დედასთან ერთად იყო, რომელიც არანაკლებ ლამაზი ქალია. მოგეხსენებათ, როცა ასეთი ვარსკვლავი ჩამოდის, ყველა მის ნახვას, მასთან დალაპარაკებას და ავტოგრაფის აღებას ცდილობს. იალტაშიც ყველა ცდილობდა, მასთან ერთად ფოტოები გადაეღო. მე ჩემი ფოტოაპარატით ვიყავი, რატომღაც ჩემთან მოვიდა და მთხოვა - ერთად გადავიღოთო. მართლაც, რამდენიმე კადრი გადავიღეთ. მეც ვიღებდი, რადგან მილა ძალიან ფოტოგენურია. თბილისში რომ ჩამოვედი და ჩემმა ცოლმა ეს ფოტო ნახა, გადაირია: - ბადრიკო, არ გრცხვენია? თავი მომჭერი?!. ეს ფერიასავით გოგო შენ ჩაგხუტებია და შენ ამ დაჩინჩულ ჩანთას ჩაჰფრენიხარო?!. - ასეთი საყვედური მივიღე ჩემი მეუღლისგან...
ბოლოს კი ვიტყვი, რომ ამ პანდემიამ ყველა ჩაგვკეტა, მაგრამ ჩემს ფოტოაპარატს არ დაუსვენია: ჩემი საქართველო ყველა ქვეყანას მირჩევნია. ამოუწურავი მასალაა აქ ნებისმიერი ფოტოგრაფისთვის, ბევრ რამეს ხელახლა რომ გადავიღებ, თითქოს მეორედ აღმოვაჩენ ხოლმე. საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი საინტერესო, მრავალფეროვანი ქვეყანაა - ამას ჩვენი მტრებიც კი ვერ უარყოფენ.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარიამ ლომიძის გატაცებას არანაირი კავშირი არა აქვს მის პროფესიასთან.
"პოეტის დანიშნულებაა სხვას ფრთები აჩუქოს"
ნარი დევიძე ქუთაისში ცხოვრობს, სამი შვილის დედაა და საყვარელი საქმის კეთებასაც ახერხებს.
ადამიანები, რომელთა ნიჭიერება და თავდადება სხვა ქვეყნის ინტერესებს ხმარდება
ეკატერინე ფარულავა 2018 წლიდან ნატურალურ, გემრიელსა და მარგებელ ცუკატებს ამზადებს ბოსტნეულისგან.
შალვა ჩუგუნაძე თბილისელი ახალგაზრდაა, რომლისთვისაც წიწაკის მოყვანა ჰობად იქცა.
ემოცია, რომელმაც ხატვის სურვილი გააღვივა
"ისეთი ნივთები მინდა გავაკეთო, რაც საქართველოში არ გაკეთებულა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.