- სკოლის დამთავრების შემდეგ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩავაბარე, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ისტორიულზე გადავიტანე საბუთები. მალევე გავთხოვდი, ბავშვიც მეყოლა და მეოთხე კურსზე ვეღარ შევძელი ლექციებზე სიარული. შემდეგ სპეციალური კურსები გავიარე და ერთხანს ბანკში სესხის ოფიცრად ვმუშაობდი, მერე - მოლარედ, ამასობაში 3 შვილიც შემეძინა და მუშაობა შეუძლებელი გახდა. ამას პანდემიაც დაერთო და ამ ყველაფერმა ახალი საქმის წამოწყებისკენ მიბიძგა.
- ალბათ გეხერხებოდათ ხელსაქმე...
- მგონი, ყველა ბავშვს უყვარს ჩხირკედელაობა და რაღაც-რაღაცების აწყობა, მაგალითად, მძივების, სამაჯურების. ბებია ძალიან კარგად ქსოვდა ულამაზეს სვიტერებს, წინდებს. უნდოდა მეც მესწავლა და ხშირად მაჭერინებდა ხოლმე ხელში საქსოვ ჩხირებს, მაგრამ ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როცა გარდაიცვალა. ახლა რა ცოდნაც მაქვს, ძირითადად, ინტერნეტით შევიძინე და ნელ-ნელა ვიხვეწები. ხელნაკეთი ჩანთების ფოტოებს რომ ვხედავდი, დავინტერესდი, ჩავრთე ვიდეო და ვუყურე, რას როგორ აკეთებდნენ. ვიფიქრე, რა უნდა ამის გაკეთებას, მეც შევძლებ-მეთქი და მასალა ვიყიდე. ისეთ აზარტში შევედი, რომ ვეღარ მოვეშვი. თებერვალში მოვქსოვე პირველი ჩანთა. ვიფიქრე, ვერც სადმე გავდივარ, ვერც ვმუშაობ, ვისწავლი, თან სახლში ვიქნები და თან დროსაც გავიყვან-მეთქი. თავიდან არც მე და არც ჩემს მეუღლეს არ გვეგონა, ჩემს გატაცებას ასეთი დაინტერესება თუ მოჰყვებოდა. მეუღლემ ჩათვალა, რომ გასართობად და დროის გასაყვანად დავიწყე ყველაფერი. სერიოზულად თუ მოვკიდებდი ხელს და თუ ვინმე დაინტერესდებოდა, არ ეგონა. დავიწყე ჩანთებით, შემდეგ სამაჯურები, ყელსაბამები და "სოსკის" საკიდებიც გავაკეთე, ასევე, კალათები ჩვილისთვის. თავდაპირველად მეგობარს მოვუქსოვე შვილისთვის. ვინც ნახა, ყველას ძალიან მოეწონა და ბევრმა შემიკვეთა. უკვე 80 ჩანთა მაქვს მოქსოვილი. ეს ჩემთვის საყვარელ საქმიანობად იქცა, ჩემი თავი და შესაძლებლობები ამაში აღმოვაჩინე.

- რთულია მუშაობის პროცესი?
- თუ რაიმეს გულით მოინდომებ, გამორიცხულია, ვერ შეძლო, ყველაფერი გამოგივა. ბევრი რამ არ ვიცოდი, მაგრამ დაკვირვებით, შრომით, მონდომებით შევძელი და შევისწავლე. ჩემი პირველი ჩანთა იმდენჯერ დავშალე, ვერ გეტყვით, მაგრამ ბევრი მცდელობის მერე ისეთი გამოვიდა, როგორიც მინდოდა. რთულია სახლში მუშაობა, როცა სამი პატარა გყავს, მაგრამ არა შეუძლებელი. ბავშვებს დიდი ყურადღება სჭირდებათ - ბარბარე 6 წლისა, საბა - 5-ის, ნათია - 3-ის. ისე მიეჩვივნენ, სულ რომ ვქსოვ, ამას წინათ ერთი-ორი დღე ისე გავიდა, არაფერი გამიკეთებია და ბარბარემ მკითხა, - დედა, რა ხდება, ჩანთებს რატომ აღარ ქსოვო? სახლში ვმუშაობ და თან ველაპარაკები პატარებს, თან ვქსოვ, ხან თამაშობენ თვითონ და ხელს არ მიშლიან. ასე რომ, დღის განმავლობაშიც ვახერხებ ჩემი საქმის კეთებას, მაგრამ მირჩევნია, ყველას რომ დავაძინებ, ჩემთვის მშვიდად დავჯდე და ვქსოვო. სხვა საქმე რომ არ მქონდეს, დღეში ერთ ჩანთასაც დავასრულებ და ორსაც, მაგრამ ოჯახი დიდ დროს მოითხოვს. სხვათა შორის, გოგონებსაც აქვთ ინტერესი. უფროსმა ბისერები მაყიდვინა და სამაჯური, მძივები გააკეთა.
- მასალად რას იყენებთ?
- სპეციალურ ხის დაფებს, დაპრინტულია, ასევე ვიყენებ ტრიკოტაჟის ძაფს, რითაც ვქსოვ, მაკრამეს ძაფსაც. ვაფორმებ მარგალიტებით, ბისერებით, გააჩნია დამკვეთის სურვილს. სამაჯურებს ბუნებრივი ქვებისგანაც ვაწყობ.
- ბევრი ჩანთა საქართველოს რუკის პრინტით გაქვთ შექმნილი.
- ძალიან მომწონდა საქართველოს რუკის პრინტი. პირველი რომ გავაკეთე და ინტერნეტში დავდე, ბევრს მოეწონა, განსაკუთრებით ემიგრანტებს. ჩემი ბევრი ჩანთა სწორედ საზღვარგარეთ გავყიდე. ამ საქმით ვერ გამდიდრდები, მაგრამ თანატოლებს, რომლებიც ბავშვების გამო მუშაობას ვერ ახერხებენ, ვეტყვი, რომ სახლის პირობებშიც, ისე რომ თავიანთ პატარებსაც არ მოაკლონ ყურადღება, შეიძლება შესაძლებლობების რეალიზება. ბევრმა მომწერა, იქნებ მასწავლოთო. ერთ გოგონას უკვე შევასწავლე. სამომავლოდ მინდა ქუთაისში გავაკეთო პატარა სივრცე, სადაც გაიყიდება არა მარტო ჩემი ხელნაკეთი ნივთები, არამედ სხვა ახალგაზრდა ქალბატონებისაც, ვისაც მათი რეალიზაცია უჭირს.
ნინო ჯავახიშვილი