ბატონი გოგი თოდაძე უკვე 26 წელია ქუვეითში, სპორტის ერთ-ერთ სახეობას - ძალოსნობას ემსახურება ღირსეულად და დღეს ეს მიმართულება ყველაზე პოპულარული რომაა ქუვეითში, სწორედ ქართველი მწვრთნელების, მათ შორის ბატონი გოგის დამსახურებაა. ყველაფერთან ერთად, ეს ადამიანი ქუვეითში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ძლიერი საყრდენი და მაკავშირებელი რგოლია.
ბატონმა გოგიმ ამჯერად სხვა რამითაც გაგვაოცა: საკუთარი ტრადიციებით, უკვე მისთვის ყველაზე საყვარელ, მშობლიურ საჩხერეში. სიამოვნებით მივიღეთ მისი მიწვევა და საქართველოს გამორჩეულ კუთხეს, იმერეთს ვეწვიეთ. საჩხერეში ჩასვლის პირველივე წუთებიდან ვიგრძენით, რომ აქ ეს ადამიანი განსაკუთრებულად უყვართ. გამორჩეული სითბოთი ექცეოდნენ ადგილობრივი, მისი აღზრდილები (ამჯერად უკვე სპორტის ოსტატები), თანაკლასელები...
დატვირთული და საინტერესოდ დაგეგმილი განრიგის მიუხედავად, ჩვენ მაინც შევძელით მასთან ბლიც-ინტერვიუს ჩაწერა:
- ბატონო გოგი, პანდემიის პირობებში, როგორ ცხოვრობენ ქართველები ქუვეითში?
- პანდემიური პერიოდის გადატანა ქუვეითში მცხოვრები ქართველებისთვის, ისევე, როგორც მთელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის, იოლი ნამდვილად არ იყო, რადგან იქაც ყველაფერი დაიკეტა და "დავრჩით სახლში". მინიმუმ ორი თვის მანძილზე გარეთ გასვლა პრობლემა იყო. ჩვენ ვრეგისტრირდებოდით სპეციალურ პორტალზე და ჩვენი სოციალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ვჯავშნიდით მისასვლელ ადგილებს, იქნებოდა ეს მარკეტი, აფთიაქი თუ სხვა. რაც შეეხება ჩვენს ანაზღაურებას: სახელმწიფო კლუბებში დასაქმებულ მწვრთნელებს ნახევარ ხელფასს გვიხდიდნენ და დროებით გაგვათავისუფლეს საცხოვრებელი ფართობის იჯარიდან.
საკუთარი მოქალაქეების მიმართ ქუვეითის სახელმწიფომ არ დაიშურა ძალისხმევა, რომ არაფერი მოჰკლებოდათ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ სახელმწიფოს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს თავისი მოქალაქეებისადმი, ჩვენ მიმართ კი თვითონ ხალხი გამოხატავდა დიდ ყურადღებას და პატივისცემას, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ.
მალევე დავიწყე მე ონლაინგაკვეთილები, რადგან მსურველი ბევრი იყო, სახლში ჩაკეტილ ადამიანებს სჭირდებოდათ ფიზიკური დატვირთვა.
- ქუვეითში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი წარმომადგენლობა რაიმეთი თუ გეხმარებოდათ?
- რა თქმა უნდა! ჩვენ გვირეკავდნენ და გვაყენებდნენ საქმის კურსში, როცა ინიშნებოდა რეისი, რათა სურვილის შემთხვევაში საქართველოში დაბრუნებაში შეეწყოთ ხელი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რამდენიმე საქართველოს მოქალაქემ გამოიყენა ეს შესაძლებლობა.

- რას გვეტყვით თქვენი ახალი წარმატების შესახებ?
- ჩემს საქმიანობაში ახალი ისაა, რომ პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა ინტერესი და დატვირთვა ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ. შემომთავაზეს საკუთარი, ჩემი სახელობის კლუბის შექმნა და დაბრუნებისთანავე ამაზე დავიწყებ მუშაობას. იმედი მაქვს, მიზანს მივაღწევთ... ამ ეტაპზე ჩვენი კლუბი საკმაოდ დატვირთულია, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებიდან, ვინაიდან სისტემა სკოლებში მოსწავლეთა შერჩევაზე ზრუნავს, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით. თავისთავად ცხადია, ისინი ითვალისწინებენ კრიტერიუმებს, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება მომავალი აღსაზრდელის შერჩევისას, რაც ჩემ მიერ არის გაწერილი. შემდეგ მოჰყავთ შერჩეული კანდიდატები და მათთვის ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას ვიწყებ; მათი, როგორც წარმატებული სპორტსმენების აღზრდაზე მუშაობას.
ძალოსნობა ქუვეითის სახელმწიფოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა და ყურის ჩემპიონატებში მიღებული შედეგების მიხედვით, ეს დასტურდება: ყოველთვის ვიკავებთ ღირსეულ პირველ და მეორე ადგილს, რაც ჩემი და ჩემი სპორტსმენების მრავალწლიანი შრომის შედეგია. ამისთვის კი ქუვეითის მთავრობას უნდა ვუმადლოდე, მათი მხარდაჭერისა და თანადგომის გამო.
სპორტსმენები დღეს უკვე სიყვარულით იხსენებენ, თუ როგორი რთული იყო მათი წვრთნის წლები, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც მიზანი ამართლებს საშუალებას და ისინიც თავდაუზოგავად შრომობდნენ მწვრთნელთან ერთად.
გრიგოლ ჩუბინიძე, სპორტის ოსტატი:
- როდესაც ვიწყებდი დიეტას ან რამე განსაკუთრებული კვებითი აკრძალვა იყო საჭირო, გოგიც ჩემსავით "იტანჯებოდა" (იცინის). ჩემთან ერთად იწყებდა დიეტას და ზუსტად ისეთივე ცხოვრების წესით ცხოვრობდა, როგორითაც მე. ეს დიდი სტიმული გახლდათ.
დაბოლოს, წერილს დავასრულებთ ბატონი გოგის სიტყვებით: "არ შეიძლება აღსაზრდელს სპორტული დარბაზი დაკეტილი დახვდეს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ დაკარგო მომავალი მსოფლიოს ჩემპიონი. მერწმუნეთ, ჩვენს საქმეში დისციპლინას უდიდესი წილი აქვს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე..."
წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ მწვრთნელს, რომელსაც პირობას აქაც შევახსენებთ: როდესაც ქუვეითში გოგი თოდაძის სახელობის სპორტული კლუბი გაიხსნება, ჟურნალ "გზას" ექნება ექსკლუზიური მასალა უცხო ქვეყნიდან, სადაც ქართველებზე დადებითი წარმოდგენა თუნდაც, ამ ერთი ადამიანის გამო აქვთ.
ლილიანი
"გზის" სპეციალური კორესპონდენტი ქუვეითიდან