ნატალი ბარბაქაძე პროფესიით გერმანისტია. 10 წლის განმავლობაში ბანკში ეკონომისტად მუშაობდა, ძალზე დატვირთული და საპასუხისმგებლო სამსახური ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც საკუთარ თავში ხატვის ნიჭი აღმოაჩინა, მისი ცხოვრება პროფესიული კუთხით რადიკალურად შეიცვალა. 2015 წლიდან ჯერ ფურცელსა და ტილოზე დაიწყო ხატვა, 2017-დან კი - მინაზეც. ნამუშევრებს სახელებს არ არქმევს, თუმცა ყველა გარკვეული ემოციური ფონისა თუ მოვლენის შემდეგ იქმნება და თითოეულს თავისი ქვეტექსტიც აქვს. ამბობს, რომ ყველაზე პროდუქტიული ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდია, მისი ყველაზე მეტი ნამუშევარი წელიწადის ამ სეზონებზეა შექმნილი.

- აღდგომის ვნების კვირა იყო. შვილმა, რომელიც ახლა 11 წლისაა, მაშინ საბავშვო ბაღში წასაღებად ხელოვნური კვერცხების ყიდვა მთხოვა. გივიკოს უნდოდა, თავად მოეხატა ისინი. ჯერ საღებავი ვიყიდეთ, შემდეგ კვერცხის შესაძენად "ბიბლუსში" შევედით, მაგრამ არ დაგვხვდა. მუყაოს ქაღალდი წამოვიღე, ვიფიქრე, ამაზე მაინც დავხატავთ რამეს-მეთქი. წითელი პარასკევი იყო, მანამდე ცხოვრებაში არც ფანქარი დამიჭერია ხელში და არც ფუნჯი. მეტიც, თვალის ფანქარი და ლაინერიც არასდროს წამისვამს სწორად, ამიტომ ყოველთვის სადა მაკიაჟით შემოვიფარგლებოდი. მიუხედავად ამისა, შინ მოსულს უცბად ხატვა მომინდა და ანგელოზი დავხატე. დღემდე არ ვიცი, ზეთი, გუაში თუ რა საღებავი გამოვიყენე პირველი ნახატის შექმნისას. ბოლოს ნახატს რომ დავხედე, ძალიან მომეწონა. ბავშვმა გაკვირვებულმა მკითხა, - დედიკო, შენ ხატვა იცოდიო (იღიმის)? მას შემდეგ გარკვეული პერიოდი აღარ დამიხატავს. მერე შვილი ცუდად გამიხდა, გული წაუვიდა, ანალიზები არ ჰქონდა წესრიგში, "ბატონებიც" გაურთულდა და ამ სტრესის ფონზე ისევ ანგელოზი დავხატე. ამ ფიგურაში თითქოს ჩემი შვილი - გივიკო დავინახე. ნახატს, რომელიც ქაღალდზე შევასრულე, მობილურით ფოტო გადავუღე და გერმანიაში მეგობრებს გავუგზავნე. მათ სხვებსაც უჩვენეს და მერე მითხრეს, - გერმანელებმა რომ ნახეს, თქვეს, ნებისმიერი თანხა დააფასოს და შევიძენთო. ძალიან გამიხარდა, მოწონება რომ ხვდა წილად, თუმცა, ამ ნახატს ვერ გავყიდდი, რადგან მასზე ის ემოციაა გადმოცემული, რომელიც ჩემს შვილს უკავშირდება.

- როგორ დაიწყეთ მინაზე ხატვა?
- შობა რომ ახლოვდებოდა, ფანჯრის მინაზე ანგელოზი დავხატე. მერე ინტერნეტში ამ ტექნიკით შესრულებული მხატვრებისა და ნამუშევრების ძიება დავიწყე. მივხვდი, ხატვის ამგვარი მანერა ძალიან ახლოს იყო ჩემთან. ბევრ ძიებას პირველი მცდელობაც მოჰყვა ამ მიმართულებით. ფიგურას ჯერ ფურცელზე ვხატავ, შემდეგ მინის ქვეშ ვათავსებ, რომელზეც ტიხარს ვაკეთებ კონტურით. წინასწარ გამზადებული ნახატის გარეშეც შეიძლება პირდაპირ დახატო მინაზე. ჩემს ნამუშევრებში ჭარბობს: თეთრი, ცისფერი, ლურჯი - ხატვისას ძირითადად ამ ფერებს ვიყენებ. თავიდან უმეტესად ანგელოზებს ვხატავდი, მერე ბალერინების ფიგურები და პუანტები "წამოვიდა". 2017 წელს გამოფენა მოვაწყვე, რომელზეც 40-ზე მეტი ნამუშევარი გავიტანე. წლების განმავლობაში სამსახურში ციფრებს ვითვლიდი და ამას არავინ ელოდა. გაოცებული იყო ხალხი ჯერ იმით, რომ საერთოდ ვხატავდი და თან - მინაზე (იღიმის). ამჟამად ვხატავ სარკეებზე, ვაკეთებ დეკორატიულ სახლებსა და წისქვილებსაც - ერთ-ერთი თეთრი ფიგურა, ჩემი შვილის თხოვნით, პატრიარქს დაბადების დღეზე გავუგზავნეთ. ბოლო პერიოდში ნატურალური ქვებისგან სამაჯურების გაკეთებაც დავიწყე, რაც ძალიან მომწონს. სანათიც განვაახლე და ამ საქმემაც გამიტაცა. სულ სიახლეს ვეძებ და ახალ-ახალი იდეები მინდა განვახორციელო.
ანა კალანდაძე