"ღამე ჩემში უფრო აღვიძებს შემოქმედებით ენერგიას"
font-large font-small
"ღამე ჩემში უფრო აღვიძებს შემოქმედებით ენერგიას"
ახალგაზრდა ხელოვანის სამი გატაცება

2017 წელს, ონელ ბიჭსა და მის პლასტილინის ფიგურებზე მომზადებული სიუჟეტი ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა. მისი ნამუშევრები პირველად ონში გამოიფინა, შემდეგ - ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმში. ამას ახალგაზრდა მოქანდაკის სხვა გამოფენებიც მოჰყვა. სტუდენტი 100%-იანი გრანტით გახდა. წელს, თავისუფალ უნივერსიტეტში, ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლას ასრულებს მარკეტინგის მიმართულებით, პარალელურად კი ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში მუშაობს.


ზაურ გამყრელიძე ძერწვამ ადრეულ ასაკში გაიტაცა. პლასტილინით ჰქონდა სავსე ერთი უჯრა. რამდენიმე საათი გადაბმულადაც უმუშავია და მიღებული შედეგი მნახველში ყოველთვის განსხვავებულ რეაქციებს იწვევდა. მისი ქანდაკებების პირველი შემფასებლები დედა და ბებია არიან, რომლებიც ბავშვობიდან აქტიურად უჭერდნენ მხარს მის გატაცებას. მისი ნამუშევრები ძირითადად საზღვარგარეთ იყიდება, ინტერნეტით, საერთაშორისო არტისტების პლატფორმიდან. ქანდაკებები გაუგზავნია ევროპასა და ამერიკაშიც. ბოლო პერიოდში, ერთი ნამუშევარი ნიუ-იორკში გაგზავნა, მეორე - სან-ფრანცისკოში. ყველას თავისი ინდივიდუალური აღქმა რომ ჰქონდეს, ქანდაკებებს სახელწოდებები არა აქვს და ამით ცდილობს, მნახველს თავისუფლება მიანიჭოს.
GzaPress
- ბოლო წლების განმავლობაში და დღეს რა დრო ეთმობა ქანდაკებას?
- იმდენ დროს ვეღარ ვუთმობ, რამდენსაც ძველად. ახლა შეიძლება ერთ-ორ თვეში გავაკეთოო რამე, ადრე კი თვეში ერთ ან ორ ნამუშევარს ვაკეთებდი. თუმცა ქანდაკებას ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ძირითადად ღამით ვმუშაობ. ღამე თავისებური მისტიკის მატარებელია, რომელიც ჩემში შემოქმედებით ენერგიას აღვიძებს. შეიძლება გავათენო, დილით ვნახო, რა გავაკეთე და მერე დავიძინო.
- 14 წლის ასაკში პირველი ნამუშევრები ჯერ პლასტილინით შექმენით, შემდეგ კი ბრინჯაოში ჩამოასხით?
- დიახ, 2018 წელს ერთ-ერთი ბანკის დახმარებითა და ინიციატივით, მოქანდაკე გია ჯაფარიძესთან ვიმუშავე, ის დამეხმარა ბრინჯაოში ჩამოსხმის პროცესში. გარკვეულ ხანს მასთან სახელოსნოშიც დავდიოდი და მასტერკლასები გავიარე. ბატონ გიასგან ბევრი საინტერესო პრაქტიკული ცოდნა მივიღე. რა თქმა უნდა, მის შემოქმედებას მანამდეც ვიცნობდი და მომწონდა. გია ჯაფარიძე ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი ქართველი მოქანდაკეა.
- მისი ქანდაკებების უმეტესობა მონუმენტური და "ხელშესახებია", მაგრამ მცირე ზომებისაა. ეს მიმართულება თქვენც უფრო მოგწონთ?
- აქამდე რაც მიკეთებია, ყველაფერი ინტერიერში დატევადი და "ხელშესახებია". ჯერჯერობით მონუმენტურ ქანდაკებასთან შეხება არ მქონია, ასე რომ, ჩემი ინტერესიც ეს არის.
- ბევრ ხელოვანს უჭირს თავის ნამუშევრებთან განშორება, თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ქანდაკებების მიმართ?
- მე ასე არ ვარ. მგონია, როცა ის, რაც ავტორსა და ხელოვნებას შორის პროტესტია, მუშაობის პროცესის დასრულებისთანავე მთავრდება და ამის შემდეგ იწყება პროცესი, როცა ნამუშევარი მნახველს ესაუბრება. ამიტომ მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენი ნამუშევარი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს და თანაგრძნობა გამოხატოს. ეს ხელოვნების პროცესია.
- ადრეულ ასაკშიც კი საკმაოდ ფილოსოფიურად მსჯელობდით თქვენს ნამუშევრებზე. ამ წლების განმავლობაში რა შეიცვალა და ახალ ფორმებს კვლავ თუ ეძებთ?
- ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ისე აქტიურად აღარ ვმუშაობ, ცვლილებისა და ახალი ვიზუალური ენის ძიებაა. ბოლო ნამუშევრები რაც გავაკეთე, ძველებისგან ვიზუალურად განსხვავდება. რაღაცები იცვლება და საბოლოოდ რა სახეს მიიღებს, ჯერჯერობით არ ვიცი. ალბათ მერე უფრო აქტიურად გავაგრძელებ მუშაობას. ეს ბუნებრივია, ადამიანს გინდა განვითარდე და ისეთი ვიზუალური ენა იპოვო, რომელიც ყველაზე უკეთ გადმოსცემს, რისი სურვილიც გაქვს.
- ქანდაკება თქვენი მეორე საქმეა და ჰობად დატოვეთ. სამხატვრო აკადემიაში რომ არ გისწავლიათ, აკადემიური ცოდნის უქონლობა თუ გიშლით ხელს მუშაობაში?
- სიმართლე გითხრათ, პროფესიის არჩევისას პრაგმატული გადაწყვეტილება მივიღე. ქანდაკების მიმართულებით გარკვეული აკადემიური ცოდნის მიღება ყოველთვის შეიძლება, თუმცა ამის გარეშეც შესაძლებელია ამ პროფესიაში იყო და განვითარდე.
GzaPress
- თქვენს ნამუშევრებზე ბევრი შეფასება ისმოდა: "მისი ასაკისთვის ღრმად ფილოსოფიურია", "მძიმე ფიგურებია", "დეპრესიულია" - ამასაც ამბობდნენ...
- ვერ უარვყოფ, რომ ქანდაკებებში უფრო მეტად მძიმე თემები ფიგურირებდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ტიპის ემოციას ადამიანისთვის დიდი ღირებულება აქვს და მათ შორისაა უარყოფითიც, რომლებიც თავისებურ ენერგიას აგროვებს შინაგან სამყაროში და ხან წინსვლას გვაიძულებს, ხან გვაფიქრებს და ხანაც რაღაცებს გადაგვაფასებინებს.
- ბოლო ხანს კიდევ ერთი ჰობი გაგიჩნდათ - ფოტოგრაფია...
- დიახ. კამერის მიმართ ინტერესი ყოველთვის მქონდა, მაგრამ უნივერსიტეტში მეორე კურსიდან სულ უფრო ხშირად დავიწყე გადაღება. ამ პროცესმა კიდევ უფრო განსხვავებული ტიპის სიამოვნება მომანიჭა, შემოქმედებითი გამოხატვის ახალი ენა მაპოვნინა. უმეტესად ქუჩის ფოტოგრაფია და პორტრეტები მომწონს, დოკუმენტური ფოტოგრაფია - ასეც შეიძლება ვთქვათ. აქამდე ფერად ფოტოებს ვიღებდი, ახლა შავ-თეთრსაც ვცდილობ, მაინტერესებს რა გამოვა. ფოტოგრაფიაც ერთგვარი ძერწვაა, ოღონდ - სინათლით. ამიტომ ჩემთვის საინტერესოა ხელოვნების ეს მიმართულება.
- რეალური მოვლენები თუ ლიტერატურული ნაწარმოები თუ არის თქვენი ქანდაკებების შექმნის წინა პირობა?
- კი, ყოფილა შემთხვევა, როცა კონკურსში მონაწილეობისას რომელიმე ხელოვნების ნამუშევრისგან უნდა აგეღო ინსპირაცია. იყო ერთი წიგნი - "451 გრადუსი ფარენჰაიტით", რომელზეც ერთი ნამუშევარი შევქმენი. ზოგი ჩემი ნამუშევარი ხელოვნების სხვადასხვა ნამუშევრისგან მიღებული აღქმის შედეგია.
- არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია, რომ უნდა წერდეთ, თუ ვცდები?
- კი, წერა მიყვარს და ესეც ჩემი ერთ-ერთი ჰობია. ერთი პერიოდი ესეებს ვწერდი, ახლა აქტიურად არა, მაგრამ ჩანახატები ან პატარა მოთხრობა შეიძლება დავწერო.
- თქვენს ქანდაკებებს სახელები არა აქვს, არც ფოტოებსა და მოთხრობებს ასათაურებთ?
- მოთხრობებს კი, მათი დასათაურება მიყვარს. როცა საქმე სიტყვებს ეხება, სიტყვებმა უნდა "ილაპარაკონ", და როცა ვიზუალურ ხელოვნებას, მთავარი ვიზუალი უნდა იყოს. რაც შეეხება ფოტოებს, შეიძლება რამდენიმე ფოტოს შინაარსობრივად სერიული სახელწოდება ჰქონდეს და არა - ცალ-ცალკე.
GzaPress
- თქვენი მომავალი გამოფენა ასე წარმომიდგენია: სივრცეში განაწილებულია თქვენი ქანდაკებები, კედლებზეა თქვენი გადაღებული ფოტოები და ამავდროულად, აქა-იქ თქვენივე ესეებიდან და მოთხრობებიდან ამონარიდებია გაკრული. ცუდი იდეაა?
- საინტერესოა, რატომაც არა? (იღიმის) მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ შეიძლება ეს ყველაფერი ცალ-ცალკეც გაკეთდეს: ქანდაკების გამოფენა, ფოტოებისა და პროზა წიგნად გამოიცეს. იმედია, მომავალშიც ჩემში შემოქმედებითი ენერგია არსად გაქრება, პირიქით - მოიმატებს და აქტიური დავრჩები ყველა მიმართულებით.
- თქვენს თაობას ბევრ კონკურსში, ტრენინგსა და პროგრამაში მონაწილეობის საშუალება აქვს. თუ ხართ აქტიური ამ კუთხით?
- კონკურსების თვალსაზრისით - ნაკლებად, სამოქალაქო აქტივობის თვალსაზრისით ვარ უფრო აქტიური. თუ სადმე რამე პროტესტის გამოხატვაა საჭირო, როგორც წესი, იქ ვდგავარ. ვცდილობ, ჩემი წვლილი შევიტანო ამ ქვეყნის მომავლის ფორმირებაში. რამდენად ჩემი სცენარით მიდის ეს საქმე, ვერ გეტყვით, მაგრამ ვცდილობ, ჩემი დასადები აგური არსად მოვაკლო.
- ჩვენს ქვეყანაში მუდმივად საპროტესტო აქციებია. ბოლოს რა გააპროტესტეთ?
- 5 ივლისის ამბები. ვფიქრობ, ნებისმიერი პროტესტი ჯანსაღია და ცხოვრების ნაწილია. მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა ამა თუ იმ აქციის სულისკვეთებას, ტოლერანტულები უნდა ვიყოთ. ადამიანებმა უნდა შევიგნოთ, რომ ნებისმიერი პროტესტი ჯანსაღი სამოქალაქო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეს ერთადერთი ფუნდამენტია იმ ქვეყნის, რომელშიც ყველა ადამიანი შეიძლება თვითრეალიზებული იყოს და ყველას ერთნაირად უნდა ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება.
P.S. გამოყენებულია ნათია გელანტიას ფოტოები.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარიამ ლომიძის გატაცებას არანაირი კავშირი არა აქვს მის პროფესიასთან.
"პოეტის დანიშნულებაა სხვას ფრთები აჩუქოს"
"ნიანგის "სუპით" დაწყებული, თითქმის ყველა ეგზოტიკური კერძი გამისინჯავს"
ნარი დევიძე ქუთაისში ცხოვრობს, სამი შვილის დედაა და საყვარელი საქმის კეთებასაც ახერხებს.
ადამიანები, რომელთა ნიჭიერება და თავდადება სხვა ქვეყნის ინტერესებს ხმარდება
ეკატერინე ფარულავა 2018 წლიდან ნატურალურ, გემრიელსა და მარგებელ ცუკატებს ამზადებს ბოსტნეულისგან.
შალვა ჩუგუნაძე თბილისელი ახალგაზრდაა, რომლისთვისაც წიწაკის მოყვანა ჰობად იქცა.
ემოცია, რომელმაც ხატვის სურვილი გააღვივა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.