"უდედობისთვის როგორ გავიმეტო შვილი, ჯერ ძალიან პატარაა ამხელა ტკივილისთვის"
font-large font-small
"უდედობისთვის როგორ გავიმეტო შვილი, ჯერ ძალიან პატარაა ამხელა ტკივილისთვის"
32 წლის ცინარა კიდევ ერთი ქალია, ვინც ხმამაღლა ჰყვება თავის ამბავს. სურს, ამ გადაწყვეტილებით დაასრულოს 9-წლიანი სტრესით, შიშითა და ტკივილით სავსე ცხოვრება, სხვებისთვის კი მაგალითად იქცეს - ეს მისი ისტორიაა, თუმცა ერთადერთი არ არის, ვინც წლების განმავლობაში ძალადობის მსხვერპლად ქცეულა.


- სამეგრელოში დავიბადე და გავიზარდე, ბებიამ - დედაჩემის დედამ გამზარდა, რადგან 9 თვის ვიყავი, მშობლები რუსეთში რომ წავიდნენ საცხოვრებლად. სკოლაც ბებიას სოფელში დავამთავრე. 2 ძმა მყავს, ამჟამად თბილისში ცხოვრობს ჩემი ოჯახი, მაგრამ მათთან იშვიათად მაქვს ურთიერთობა. მშობლების მიმართ პროტესტი მქონდა, რაკი მათგან შორს ვიზრდებოდი. ბებია 16 წლის წინ გარდაიცვალა და მაშინ თბილისში წამოსვლა გადავწყვიტე. თან ვმუშაობდი, თან კოლეჯში, სოცუზრუნველყოფის სამართალზე ვსწავლობდი. პროფესიით არასდროს მიმუშავია, კონსულტანტად დავსაქმდი, 2012 წელს კი გავთხოვდი. მომავალი მეუღლე სამსახურში გავიცანი, იქვე ცხოვრობდა და მაღაზიაში ხშირად შემოდიოდა. ერთმანეთს ვესალმებოდით, ვსაუბრობდით. მერე ერთი პერიოდი დაიკარგა და 3 წლის შემდეგ გამოჩნდა, თურმე ციხეში მჯდარა ყაჩაღობისთვის. მითხრა, - ერთმანეთს შევხვდეთ, დავილაპარაკოთო. ასე მოტყუებით ჩამსვა მანქანაში და თავის სოფელში წამიყვანა. დაახლოებით წელიწად-ნახევარი ვცხოვრობდით დედამთილ-მამამთილთან, მაზლთან და რძალთან ერთად. გამიჭირდა იქ ყოფნა. შემპირდა, რომ მალე უკან დავბრუნდებოდით და მეც გავაგრძელებდი მუშაობას, მაგრამ ერთი კვირა რომ გავიდა და ვკითხე, როდის წავალთ, სამსახურში ჩემს პოზიციაზე სხვას აიყვანენ-მეთქი, მიპასუხა, - სოფელში მინდა ცხოვრებაო. გავაპროტესტე, მაგრამ ერთი კვირის გათხოვილი ამის გამო ოჯახს ვერ დავანგრევდი. მორწმუნე ადამიანი ვარ და ჩემთვის ოჯახის დანგრევა ადვილი არ არის.
- ამბობ, რომ საკმაოდ მძიმე და რთული ხასიათი აღმოაჩნდა...
- ამბობდა, რომ ციხეში ყოფნის გამო შეეცვალა ხასიათი და ადაპტაციისთვის გარკვეული დრო სჭირდებოდა. ფიქრობდა, გადავლახავთ ამ პერიოდსო. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ცუდი სიმთვრალეც ჰქონდა, აგრესიული ხდებოდა, ნებისმიერ რამეზე შეეძლო ეყვირა და ეჩხუბა.
- რადგან დღემდე ერთად ცხოვრობთ, გამოდის, რომ ეგუებოდი ამ ყველაფერს.
- რა თქმა უნდა, პროტესტს გამოვხატავდი. ჩხუბის შემდეგ ატირებული გარეთ, ეზოში გავრბოდი. ხშირად მთელი ღამე იქ ვმდგარვარ სიცივეში, წვიმასა და ყინვაში. არ მინდოდა ვინმეს გაეგო, ისედაც არავინ მყავდა გულშემატკივარი. ალბათ მკითხავთ, მშობლებს და ძმებს რატომ არ სთხოვდი დახმარებასო? როგორც უკვე გითხარით, მათთან არ მაქვს ახლო ურთიერთობა. ქმარი მეუბნებოდა, რომ დრო სჭირდებოდა და მეც ველოდებოდი ამ დროს. თან მეშინოდა, ვინმესთვის დახმარება რომ მეთხოვა, მისთვისაც რამე არ დაეშავებინა. უფრო და უფრო დაგვეძაბა სიტუაცია, შეეძლო ყველაფერზე ეჩხუბა: რატომ გაიხედე იქით, რატომ ჩაიცვი ეს, რატომ წახვედი მეგობართან? ჩემს ტელეფონზე ზარი არ უნდა შემოსულიყო, თორემ იწყებოდა კითხვები: რატომ დაგირეკა, რა უნდოდა და ა.შ. წამართვა ძველი ნომერი და ახალი მიყიდა, რომ ვეღარავის დაერეკა. 7 თვის მერე ფეხმძიმედ დავრჩი, მანამდე მისი ოჯახის წევრებს უშვილო ვეგონე. ბებიამისი მეუბნებოდა, თუ შვილი არ გეყოლება, გაგიშვებთ, ვის რაში სჭირდება ასეთი ქალიო.
- მეუღლის ოჯახის წევრებმა თუ იცოდნენ ამ კონფლიქტის შესახებ?
- როგორ არ იცოდნენ, ზოგჯერ ჩემი დედამთილიც ჩარეულა და უთქვამს, რომ არ შეიძლება შეპასუხება, რადგან ის კაცია, ასე მოსწონს და შენი პასუხებით უფრო მეტად ნუ აღიზიანებო. იმ ზაფხულს, როდესაც გავყევი, მის მეგობრებთან ერთად მთაში წავედით, ექსკურსიაზე. იქ ისეთი რამ მოხდა, რამაც საბოლოოდ დამარწმუნა, რამდენად რთულ მდგომარეობაში ვიყავი: ნასვამი იყო და ამიშარდა, რატომ გამოიარე მაინცდამაინც მაგ მხარესო. შემრცხვა, იმხელა ხმაზე ყვიროდა, ხელით მომქაჩა და წამომათრია. იქვე პატრულის მანქანა იდგა და რომ დავინახე, ვიყვირე, დამეხმარეთ-მეთქი. მაშინ დააკავეს, ოღონდ წვრილმანი ხულიგნობისთვის. გულის სიღრმეში ამოვისუნთქე, რომ გადავრჩი იმ სიტუაციაში, მაგრამ ამის შემდეგ დაიწყო, რაც დაიწყო - საყვედურები მისი ოჯახის წევრებისგან, რომ ჩემი უაზრო ქცევის გამო დაიჭირეს, რატომ ავტეხე ამხელა ამბავი, მემუქრებოდნენ კიდეც, - იცოდე, ეს ასე არ დამთავრდებაო. იმ პერიოდში პირობითიც ჰქონდა, მაგრამ მეორე დღესვე გამოუშვეს. მითხრა, აი, ხომ ხედავ, რომ "ზურგი" მაქვს და სხვა დროს ასეთი რამ აღარ გააკეთოო.
GzaPress
- მერე რა მოხდა, როგორ მოახერხე კვლავ თბილისში დაბრუნება?
- სოფლის სახლი უმცროს ძმას ეკუთვნოდა, ამიტომაც მისი მშობლები დაგვეხმარნენ და თბილისში პატარა ბინა ვიყიდეთ. მეუღლე ხან მუშაობდა, ხან არა. როდესაც სვამდა, მე და ბავშვი სოციალური დახმარების იმედად ვიყავით, ხან მეგობრები მეხმარებოდნენ და ასე გამქონდა თავი. მეზობლის ქალი დალაგებებზე დადიოდა და ზოგჯერ მას მივყავდი, ხან თვითონ იტოვებდა ბავშვს და მე მიშვებდა, ვეცოდებოდი. ქმრისგან ჩუმად უნდა წავსულიყავი. რას ჰქვია, სხვის სახლში წახვიდე და დაალაგო, იქნებ ვინ დაგხვდეს სახლშიო. შორსაც ვერსად მივდიოდი, შინ დაბრუნებულს აუცილებლად უნდა დავხვედროდი...
ერთხანს ავეჯის მაღაზიაშიც ვმუშაობდი, მაგრამ მოვიდა და ვიტრინა ჩაამსხვრია, გვერდით მარკეტში მომუშავე ბიჭი შენი მაღაზიის წინ სიგარეტს ეწეოდა და გინდა თუ არა, შენ გიყურებდაო. მეპატრონემ პატრული გამოიძახა, მაგრამ ისეთი ადგილიდან უსვრია ქვები, კამერებმა ვერ დააფიქსირა, ვინ ისროდა. ხელფასიდან დამიქვითეს, ისედაც 300 ლარი მქონდა თვეში. ყოველი კამათის შემდეგ ხან ტელეფონს წამართმევდა, ხან კარს მიკეტავდა და კვირა ისე გავიდოდა, გარეთ ვერ გავდიოდი, სახლიდან არ მიშვებდა.
ბოლო პერიოდში რატომღაც აიკვიატა, რომ ვუღალატე და ამის გამო მწარედ დავისჯები. ტაძარში ხატის წინ დამაფიცებინა, რომ არ ვიტყუებოდი. მოძღვართან აღსარება ჩამაბარებინა, - მამაო თუ მეტყვის, რომ არ გიღალატია ჩემთვის, ცოცხალს დაგტოვებო. ვუთხარი მოძღვარს, მეუღლე ცილს მწამებს, ღალატს მაბრალებს და მისთვის ნამდვილად არ მიღალატია-მეთქი. მოიყვანეო, - მითხრა. ესაუბრა, დაამშვიდა, ურჩია, ასეთი ფიქრები გონებიდან მოიშორეო, მაგრამ არც მას დაუჯერა, რაკი შენი მოძღვარია, ამიტომ ის თქვა, რაც გაწყობსო. ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. მამაომ რამდენჯერ სთხოვა, ფსიქიატრთან მისულიყო, მაგრამ არ მომყვებოდა. ამას წინათ მესიჯი მომწერა, ისეთი ცოდვილი ხარ, ღმერთს შესთხოვე, იქნებ გაპატიოსო. ამისთანა რა ცოდვა-მაქვს, ვერ გავიგე. ვკითხე, არ დაგამშვიდა მამაოსთან საუბარმა-მეთქი? - იმდენად ფარისევლურად შეგიძლია ადამიანის მართვა, მამაოებიც შენს მხარეს არიანო.
რამდენჯერმე ვთქვი, იმდენს იზამ, ფანჯრიდან გადავხტები ან წავალ და ორივე დავისვენებთ-მეთქი. ამის შემდეგ, ჩემი შვილი როგორც კი ჩხუბის ხმას გაიგებდა ან ფანჯარასთან დგებოდა, დედა არ გადახტესო, ან კარისკენ გაიქცეოდა და მდარაჯობდა, რომ არსად წავსულიყავი. როდესაც ჩვენ ვჩხუბობთ, ის სახლის გასაღებს მალავს, ეშინია. მასწავლებელმა მითხრა ამას წინათ, შენი შვილი ძალიან ნერვიულია; გაკვეთილზეა, მაგრამ თითქოს აქ არ არის, რა ხდება თქვენს ოჯახში, რა პრობლემა გაქვთო? როცა მამამისი სახლშია, ხმას არ იღებს, სანამ მოვა, მანამდე იწყებს ნერვიულობას, ახლა რამეს დაამტვრევს, იჩხუბებსო...
- მიკვირს, რომ არ გაშორდი...
- როგორ? დაგსჯი და ბავშვს წავიყვანო, მემუქრებოდა. უჩემოდ ქვეყნიდან ვერ გაიყვან-მეთქი და სულაც არ არის აუცილებელი ქვეყნიდან გაყვანა, აქვეა საზღვარი, სადაც ქართველები ფეხს ვერ შემოადგამენო, აფხაზეთს გულისხმობდა. შემეშინდა, მართლა ასე არ მოიქცეს-მეთქი. ახლა სკოლაში გამოსაყვანად რომ მივდივარ, ერთი სული მაქვს, შვილს როდის დავინახავ.
არ ვიცი, რა წუთს რას გააკეთებს. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჩემთვის სიკვდილი შვება იქნება, იმდენად მოსაბეზრებელია ასეთი ცხოვრება. ამიტომაც ვყვები ჩემს ამბავს ხმამაღლა. მინდა 9-წლიანი ეს გაუსაძლისი მდგომარეობა დამთავრდეს. შვილის გამო ბევრ რამეს დათმობ, ბევრ რამეს შეეგუები ადამიანი, თორემ აქამდე შეიძლება გამერისკა და სხვაგვარად მოვქცეულიყავი, ან სულაც საკუთარი თავისთვისაც დამეშავებინა რამე. ვიცი, ამ შემთხვევაში ბავშვს არ უპატრონებს, მე კი არც ის მინდა, ჩემი შვილი დედის გარეშე გაიზარდოს, მეცოდება საამისოდ, უდედობისთვის როგორ გავიმეტო ჯერ ძალიან პატარაა ამხელა განსაცდელისა და ტკივილისთვის... მინდა გავშორდე, მაგრამ ამის ძალაც აღარ მაქვს...
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარიამ ლომიძის გატაცებას არანაირი კავშირი არა აქვს მის პროფესიასთან.
"პოეტის დანიშნულებაა სხვას ფრთები აჩუქოს"
"ნიანგის "სუპით" დაწყებული, თითქმის ყველა ეგზოტიკური კერძი გამისინჯავს"
ნარი დევიძე ქუთაისში ცხოვრობს, სამი შვილის დედაა და საყვარელი საქმის კეთებასაც ახერხებს.
ადამიანები, რომელთა ნიჭიერება და თავდადება სხვა ქვეყნის ინტერესებს ხმარდება
ეკატერინე ფარულავა 2018 წლიდან ნატურალურ, გემრიელსა და მარგებელ ცუკატებს ამზადებს ბოსტნეულისგან.
შალვა ჩუგუნაძე თბილისელი ახალგაზრდაა, რომლისთვისაც წიწაკის მოყვანა ჰობად იქცა.
ემოცია, რომელმაც ხატვის სურვილი გააღვივა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.