"ადრე მონას იმდენს აძლევდნენ, ჭამაში მაინც ჰყოფნიდა, დღეს ჭამაშიც არ გყოფნის"
font-large font-small
"ადრე მონას იმდენს აძლევდნენ, ჭამაში მაინც ჰყოფნიდა, დღეს ჭამაშიც არ გყოფნის"
"პოლონეთში თუ პატიოსნად იმუშავებ, დაგტოვებენ და გადაგყვებიან კიდეც"

რთული სოციალური ყოფა ბევრს აიძულებს, ქვეყანა დატოვოს და უცხოეთში ეძებოს სამუშაო. ქართველების ერთ-ერთი მიმღები ევროპული ქვეყანა - ჩვენი მეგობარი პოლონეთია. სწორედ ამ ქვეყანაში მიაგნო ზოგიერთმა ქართველმა იმას, რასაც სამშობლოში ვერ ეღირსა.


მამუკა მგელაძე:
- ბოლო ხანს იმდენად დიდ კრიზისში აღმოვჩნდი, რომ უკვე მომავალსაც ვეღარ ვხედავდი. 30 წელია, ერთი და იმავე უბედურებას ვუყურებთ: ვიღაც სათავეში მოდის, გვატყუებს, ქვეყანას დედას უტირებს და მიდის, ხალხის საშველი არაა. დისკრიმინაცია არ დასრულდა, ჩვენში ხომ უბრალო ადამიანები "ფეხებზე ჰკიდიათ". თუ შინაური არ ხარ, მათ ახლო წრეში არ ტრიალებ, გამორიცხულია, ნორმალური სამსახური იშოვო. თუკი მუშაობ, მონურად დაბალ ხელფასს იღებ, მაგრამ "მონურიც" აღარ ჰქვია: ადრე მონას იმდენს აძლევდნენ, ჭამაში მაინც ჰყოფნიდა, დღეს ჭამაშიც არ გყოფნის. სამსულიან ოჯახში მარტო ერთს რომ აქვს 400-ლარიანი ხელფასი, მითხარით, როგორ იარსებო? კომუნალურები გადავიხადო, საკვები ვიყიდო, ჩავიცვა, ბავშვს რაღაც განათლება მივცე თუ რა გავაკეთო? აღარ ვამბობ დამატებით საჭიროებებზე... ჰოდა, ისევ სახელმწიფოს მხრიდან აბუჩად აგდებას გამოვექეცი.
აქ, პოლონეთში ყველაფერი სხვანაირადაა. ორ კვირას გიყურებენ, თუ გაამართლებ, პატიოსნად იმუშავებ, დაგტოვებენ და გადაგყვებიან კიდეც. აი, დღეს, როგორც თავის მოქალაქეებს, მეც მომცეს ექვსი საპონი და ორი სპეციალური ფხვნილი, რკინისგან დატოვებული ჭუჭყი რომ მოვიშორო. რკინეულობაში კი ვმუშაობ, მაგრამ სუფთა გარემოა... აქ წამოვედი უმუშევრობისა და სახელმწიფოს დამოკიდებულების გამო.
- პოლონეთში როგორ მოხვდით?
- ალბათ, როგორც ყველა გაჭირვებული. ეტყობა, შედარებით კარგ ხავსს ჩავჭიდე ხელი, ადამიანებმა ბიძგი მომცეს, რომ ჩემი ხარჯებით როგორმე გამომეღწია. ვალებით წამოვედი, ერთ თვეში ამოვიღებ, მაგრამ თუ სამ თვეში უკან დაბრუნება მომიხდა (დასარჩენი საბუთი თუ ვერ გავაფორმე), "თხა ვიყიდე თხა გავყიდე" გამომივა. ერთი თვე ვალში, მეორე - ჭამა და წამოსვლის გზის ფული, გამოდის, ერთი თვის ფული მრჩება.
- კონკრეტულად სად და რა პირობებში მუშაობთ?
- იმით დავიწყებ, რომ ბოლოს საქართველოში მშენებლობაზე მუშაობით უკმაყოფილო ვიყავი. არანაირი უსაფრთხოების ნორმების დაცვა, ვიღაც თუ მოდიოდა ობიექტზე, - აბა, ქამარი და ჩაფხუტი გაიკეთეთო, ისმოდა. ობიექტიდან რომ გადავარდნილიყავი, ისევ შენ დაგაბრალებდნენ. ჯერ ისედაც დაბალი იყო ხელფასი, მერე ათასნაირ ხრიკს იგონებდნენ, რომ აღებული ფული სახლამდე აღარ მიგყოლოდა.
ახლა, სვეტოჩლოვიცეს დასახლებაში მეტალურგიულ ქარხანაში ვმუშაობ. კმაყოფილი ვარ, ეტყობა, კარგი ხალხი შემხვდა. საგლინავი განყოფილებაა, მილები რომ გამოდის და იწმინდება, სანამ პატრონამდე მივა, ჩვენ ვასუფთავებთ. ზომები დაცული უნდა იყოს, ზედაპირის სათანადოდ დამუშავება, გასწორება მიმდინარეობს. სიმძიმესთან შეხება არ გვაქვს, ყველაფერს ამწე აკეთებს. სხვები უფრო რთულ საქმეზე არიან, მაგრამ როცა გლინვას არ ვაკეთებ, მათაც ვეხმარები.
- რთული სამუშაოა?
- ჩემთვის არა. თავიდან რომ შევედი ქარხანაში, ერთი ფეხი წინ მქონდა, ორი - უკან... ახლა ვფიქრობ, თუ საბუთი გამიკეთეს, სამი წელი კიდევ დავრჩები. ერთადერთი, რაც აქ არ მომწონს, ქარხანაში დასაქმებული მუშების საცხოვრებელი ადგილია. ესეც იმის ბრალია, რომ დამსაქმებელი ბოლომდე პატიოსნად არ ასრულებს ვალდებულებას. ეს პოლონეთის სახელმწიფოს ბრალი არაა, აქ, ადგილზე გაჩენილი პრობლემაა. აი, ხედავთ აქაურ სიტუაციას (ვიდეოზარით ვსაუბრობთ) - ერთმანეთის გვერდითაა შემოსასვლელი, აბანო და სამზარეულო. ბინაში წესიერი გათბობის სისტემა არ არის. გაუგებარია, ზამთარში თუ დავრჩი, როგორ უნდა გავთბეთ. შეხედეთ, ნახშირის ღუმელი რა მდგომარეობაშია. რომ ჩამოვედი, სამუშაო ფორმაც მომცეს, რომელიც ნელ-ნელა დაიხა. ახლა დავურეკე და ვუთხარი ამის შესახებ. მიპასუხეს, - თავიდან ჩვენ შევიძინეთ და ახლა თვითონ უნდა იყიდოო. განყოფილების მენეჯერსაც დავურეკე. - ბოდიში, მამუკა, მაგრამ ვერ დაგეხმარები, ეგ დამსაქმებელმა უნდა მოაგვაროსო. ქარხნის წარმომადგენელს უნდა აინტერესებდეს, სად და როგორ ცხოვრობ, აქამდე როგორ უნდა მოხვიდე და ა.შ.
- რა წინასწარი პირობები დაარღვია დამსაქმებელმა?
- წესით, პირველივე დღიდან დამსაქმებელი ან მისივე ოფისის წარმომადგენელი უნდა გვხვდებოდეს, რაც არ მომხდარა. ყველაფერი ხარჯია, რისი გაღებაც საკუთარი ჯიბიდან გვიწევს. აქ კაცი რომ ჩამოდის, ყველა "კაპიკი" განსაზღვრული აქვს... მეორე - ბინის თაობაზე უპასუხისმგებლობა გაჩვენეთ; მესამე - ნამუშევარი თვის ხელფასს იძლევიან მომდევნო თვეში, დაახლოებით 20 დღის დაგვიანებით. რა გამოდის?.. მე ხომ სამი თვე უნდა ვიმუშაო, ხელშეკრულება უნებურად უნდა დავარღვიო, რადგან ბოლო თვის ხელფასს მომდევნოს 20-25-ში მომცემენ. ამაზე პასუხისმგებლობას ვინ აიღებს?
- ასე რატომ გვიანდება ხელფასის გაცემა?
- ასეა სისტემა აწყობილიო. ადგილობრივები 8-დან 10-მდე იღებენ. მეც რომ ვიკითხე, ავანსად 500 ზლოტი ჩამირიცხეს, დანარჩენს რატომ მიგვიანებენ, მიდი და არკვიე.
- საერთოდ, შრომის ანაზღაურება მისაღებია?
- რასაკვირველია, 3.700-დან 4 ათას ლარამდე გამოდის. ჩამოვედი თუ არა, 40 ლარად ველოსიპედი ვიყიდე. აქ რომ ცხოვრობ, ელემენტარული საჭიროების შიში არ გაქვს. თუმცა, ამათთვის ეს არცთუ დიდი ხელფასია, აქედანაც გარბიან დასავლეთისკენ. ჩვენთვის ეს რეალობა მისაღებია, მეორე მხრივ, დღეში 12 საათი ვმუშაობ (საათში 14 ზლოტის ვიღებ). აი, სად არის კიდევ შესაძლო დარღვევა. ამდენს გვამუშავებენ და როგორც ვხვდები, ნახევარი მაინც თვითონ მიაქვთ.
- ანუ ზეგანაკვეთური შრომა არ ნაზღაურდება?
- არა, საშემოსავლოს ვიხდით, მაგრამ დავიჯერო, სახელმწიფოს ჩვენი შრომის ნახევარი მიაქვს? მაშინ დამსაქმებელს რა რჩება?..
- ქართველების გარდა, ძირითადად რა ეროვნების ხალხი მუშაობს?
- ძირითადად, უკრაინელებსა და ქართველებს იღებენ. ესეც პოლონელების ხაზგასმით მეგობრულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს ჩვენი, ქართველებისა და უკრაინელების მიმართ. ქართველების მიმართ სიმპათიას გამოხატავენ; თავისუფლებისმოყვარე ადამიანებად აღგვიქვამენ და მგონი, არც ცდებიან.
ჩვენს ქვეყანაში რაც უფრო მალე გამოსწორდება მდგომარეობა, მით უკეთესი. განა მიხარია სხვაგან ქარხანაში ბოდიალი. იქ თუ ვერ შევძლებ ოჯახის რჩენას, ისევ აქ დარჩენა მირჩევნია, მაგრამ თუ საბუთი (ე.წ. პოპიტ კარტა) არ გამიკეთეს, იძულებული ვიქნები, უკან დავბრუნდე.
- დოკუმენტს გპირდებიან?
- დიახ, მთავარია, შესაბამის უწყებაში საბუთები შეიტანო და ყველაფერი წესრიგში გქონდეს. აქ რაიონის გამგეობის დონეზე წყდება ყველაფერი, უფრო მარტივად. საქართველოსავით, მარტო ცენტრალური აპარატი კი არ მუშაობს ასეთ ტექნიკურ საკითხებზე. ეკონომიკა, მოქალაქეობის, სამუშაო უფლების საკითხები, ბინით უზრუნველყოფა - რაიონულ დონეზე წყდება. შესაბამისად, საქმის კეთება გაცილებით იოლია, აღარ გვიწევს ზედმეტი სირბილი.
GzaPress
- ქართველები კიდევ რომელ სფეროში არიან დასაქმებული?
- ჩათვალეთ, რომ ძირითადად ქარხნებში მუშაობენ... ჩვენმა ქვეყანამ თავის დროზე უმოწყალოდ დაანგრია ეკონომიკა, ქარხნები, რომლებიც კომუნისტების დროს იყო აშენებული. დღესაც კომუნიზმს დავცინით, როცა იქიდან ყველა შემორჩენილ სიკეთეს დედა ვუტირეთ. აქ ადრინდელი ფაბრიკა-ქარხნები შეინარჩუნეს და მშვენივრად იყენებენ. ჩვენთანაც ხომ სახელმწიფო რეალურად ამაზე იდგა. ახლაც, 50-60-იან წლებში გამოშვებულ დანადგარებზე მუშაობენ, გაგიჟდები, რომ ნახავ. ჩარხები აქვთ, ადრე ჩვენთანაც რომ იყო, ისეთები...
აქ ვჭირდებით, როგორც იაფი მუშახელი. აქაურმა სახელმწიფომ თავისი ეკონომიკის მკვდარი ნაწილი ჩვენი ხელით აამუშავა. ეს შავი სამუშაო ჩვენც გვაძლევს ხელს, გასაგებია, მაგრამ ელემენტარული პირობების უზრუნველყოფაზეც უნდა ფიქრობდნენ, დამსაქმებელს აკონტროლებდნენ, რომ მუშა ღირსეულ გარემოში ცხოვრობდეს. ერთ ბინაში ხუთი კაცი არ უნდა იყოს შესახლებული. ერთი სვამს, მეორეს რაღაც აწუხებს და ღამით წამოხტება ხოლმე, ხან რას აწყდები, ხანაც - რას. ხომ გესმით, როგორი სიტუაციაა?!
- თბილისში განვითარებული ბოლო მოვლენები იქიდან როგორ აღიქმება?
- თუ დანაშაული ჩადენილია, ყველამ უნდა აგოს ამაზე პასუხი. სახელმწიფოს სისუსტეც იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ შესაბამისი კანონი არ გააჩნია და მერე მისი აღსრულებაც არ ძალუძს. ქვეყანამ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქე, რომელი წრიდანაც უნდა იყოს ის. სახელმწიფო როცა ვერ ასრულებს თავის პირდაპირ ფუნქციას, მაშინ დგება ასეთი ტრაგიკული შედეგები.
- რა რჩევებს მისცემთ ევროპაში დასაქმების სხვა მსურველებს?
- გაითვალისწინონ, რომ მოდიან, ტყუილად 320 ლარს (80 ევროს) ნუ იხდიან, ეს მეც გადავიხადე. მერე აქ დამსაქმებელს რომ ვკითხე, - იცი, ჩემგან რამდენი ფული აიღე-მეთქი? - მამუკა, სიმართლე გითხრა, შენგან არაფერი ამიღია, ეს თვითონ, თბილისში გაინაწილესო, - მიპასუხა. უნდა ეცადო, სამუშაო პირდაპირი არხებით მოძებნო. სადაც შუამავალია, ჩათვალე, რომ იქ ორმაგი ხარჯია. ზედმეტი 320 ლარი ვის აქვს?! დღეს ინტერნეტი ყველანაირ საშუალებას იძლევა პირდაპირ კავშირებზე გასასვლელად.
წამოსვლისას ასევე, ცოტა ფული უნდა გქონდეს. რომ ჩამოდიხარ, ათ დღეს მაინც ყველა ვარიანტში გაჩერებენ, სანამ თუნდაც სამედიცინო შემოწმებას გადიხარ. ეს ათი დღე შენი ხარჯით გიწევს ცხოვრება, პირველ ხელფასამდე ასეა. ამიტომ ხელზე მინიმუმ 300 დოლარი უნდა გქონდეს. და კიდევ, ვინც წამოვა, სხვას არ უნდა ამოეფაროს აქ, უნდა იმუშაოს.
გელა მამულაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარიამ ლომიძის გატაცებას არანაირი კავშირი არა აქვს მის პროფესიასთან.
"პოეტის დანიშნულებაა სხვას ფრთები აჩუქოს"
"ნიანგის "სუპით" დაწყებული, თითქმის ყველა ეგზოტიკური კერძი გამისინჯავს"
ნარი დევიძე ქუთაისში ცხოვრობს, სამი შვილის დედაა და საყვარელი საქმის კეთებასაც ახერხებს.
ადამიანები, რომელთა ნიჭიერება და თავდადება სხვა ქვეყნის ინტერესებს ხმარდება
ეკატერინე ფარულავა 2018 წლიდან ნატურალურ, გემრიელსა და მარგებელ ცუკატებს ამზადებს ბოსტნეულისგან.
შალვა ჩუგუნაძე თბილისელი ახალგაზრდაა, რომლისთვისაც წიწაკის მოყვანა ჰობად იქცა.
ემოცია, რომელმაც ხატვის სურვილი გააღვივა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.