კოვიდპანდემიამ სპორტულ სამყაროსაც დიდი პრობლემები შეუქმნა. აქტიურ ადამიანებს ხომ ყველაზე მეტად უჭირთ საკარანტინო რეჟიმში იძულებითი გადასვლა. მაინც რამდენად მნიშვნელოვანია ფიზკულტურა, სპორტი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში? - ამ თემაზე საფეხბურთო კლუბ "გაგრას" ფიზიკური მომზადების მწვრთნელს, ვეტერან მძლეოსანს, შალვა ნადირაძეს ვესაუბრეთ.
- ბატონო შალვა, რა შედეგების წინაშე დაგაყენათ შარშან დაწყებულმა პანდემიამ?
- გასული წლის პანდემიის შედეგები ჩვენი საფეხბურთო გუნდისთვის არცთუ სახარბიელო იყო. კლუბის ყველა წევრი თამაშის წინ ტესტს იღებდა. პირველი ორი ტესტის შემდეგ ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობდა; გუნდი უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად და დავით ყიფიანის სახელობის თასის მოსაგებად ემზადებოდა, მაგრამ თბილისური გვიანი შემოდგომის ცივმა ამინდებმა და წვიმებმა, გაცივების გამო უამრავი ფეხბურთელი გამოგვაკლო; რადგან გაცივებულ ორგანიზმს "კოვიდის" ვირუსი იოლად ერევა, მთელი გუნდი 15-დღიან კარანტინში მოხვდა. მხოლოდ ორდღიანი ვარჯიშის შემდეგ გუნდმა თასის ფინალი ითამაშა. დაძაბულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში გავიმარჯვეთ. გადაღლილმა გუნდმა უკვე მეოთხე დღეს ითამაშა უმაღლეს ლიგაში გადასასვლელი მატჩი ქუთაისის "ტორპედოსთან", სადაც ორი მატჩის ჯამში დავმარცხდით. წარუმატებლობა "კოვიდის" შედეგი იყო. ეს ხდება იმ ფონზე, როცა "გაგრამ" სათასო შეხვედრებიდან გამოთიშა უძლიერესი გუნდები: ბათუმის "დინამო", გორის "დილა" და "საბურთალო".
- რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, სპორტი ავადობის წინააღმდეგ ბრძოლაში?
- პანდემიის წინააღმდეგ მთავარი წამალი ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაა, ასევე კვება ნატურალური პროდუქტებით. ღია სივრცეში მეტი მოძრაობაა საჭირო, სიარული, სირბილი, მთელი სასუნთქი სისტემა და ფილტვები რომ გააქტიურდეს. პირადად ჩემი და საახლობლოს გამოცდილებით, ძალიან კარგ შედეგებს იძლევა სოდიანი თბილი წყლის გამოვლება ყელსა და ცხვირის ნესტოებში. ვინც ფიზკულტურას არ მისდევს, მას უფრო მართებს გამოიჩინოს სიფრთხილე და შეასრულოს გამოცდილი ექიმების რეკომენდაციები.
- როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა?
- ვირუსგადატანილმა ადამიანებმაც იმავე მკაცრი რეჟიმით უნდა გააგრძელონ ცხოვრება, რადგან გამეორების საშიშროება ისევ არსებობს. "კოვიდი" სწორედ გაცივებულ ორგანიზმში აქტიურდება.
- რამდენად მდგრადი აღმოჩნდა ჩვენი ჯანმრთელობის სისტემა ვირუსთან გასამკლავებლად?
- ერთ ასპექტზე გავამახვილებ ყურადღებას. რაღაც ეტაპზე ინტერნეტში გამოჩნდა ჯანდაცვის მინისტრის მოწოდება, რომელიც ჭარბწონიან ადამიანებს ურჩევს, ივარჯიშონ. სარბენი ბილიკების მქონე სტადიონებია ის ადგილები, სადაც რეალურად (მასობრივად) ვარჯიშია შესაძლებელი. მარტო თბილისში ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლებამ ხუთ სტადიონზე დაანგრია ასეთი ბილიკები. დანარჩენი მომდევნო ხელისუფლებებმა 9 სტადიონზე მოშალეს. ერთადერთი ბილიკები გადარჩა "დინამო თბილისის" სტადიონზე, სადაც 1995 წლიდან სავარჯიშოდ სპორტსმენებსაც აღარ უშვებენ. ხელისუფლებამ გაყიდა და დაანგრია თბილისელთა ერთადერთი მასობრივი ჯანმრთელობის კერა - იპოდრომიც.
გარდა თბილისისა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სარბენი ბილიკები დაანგრიეს რუსთავის, ქუთაისის, წყალტუბოს, ზუგდიდისა და ბათუმის ცენტრალურ სტადიონებზეც. სტადიონების ნგრევასთან ერთად დაინგრა ჯანმრთელობის მოყვარული ადამიანების რაოდენობაც - წინათ სტადიონებზე დილიდან საღამომდე უთვალავ ადამიანს ნახავდით. ხაზს ვუსვამ, რომ აღნიშნული სტადიონები დაანგრიეს გადაჯიშებულმა, გადაგვარებულმა საქართველოს მოქალაქეებმა. ისინი არ დაუნგრევია უცხო ქვეყნიდან მოსულ ვიღაც "გადამთიელებს". საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების მიერ ჩადენილი ეს დანაშაული განეკუთვნება "დივერსიას", რომელიც ყველა ქვეყანაში პატიმრობით ისჯება.
- ორი სიტყვა "გაგრის" გეგმებზეც გვითხარით.
- რაც შეეხება ჩვენი გუნდის მომავალს, ვემზადებით სათასო შეხვედრისთვის ქობულეთის "შუქურასთან", ევროპა-ლიგისათვის და უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად. ფეხბურთელებმა გაითვალისწინეს შარშანდელი გამოცდილება "კოვიდის" წინააღმდეგ ბრძოლაში და მკაცრი რეჟიმით ცხოვრობენ. ბოლოს არ შეიძლება არ აღვნიშნო ის ფაქტიც, რაიონის გამგეობები პანემიის პერიოდში საკვები პროდუქტებით რომ ეხმარებოდნენ გაჭირვებულ მოსახლეობას. ურთიერთთანადგომა არა მარტო გადაგვარჩენს ჩვენ ყველას, არამედ სწორ გზაზეც დაგვაყენებს.
გელა მამულაშვილი