"თავმომწონე ქალს არ უხდება ზედმეტი სიშიშვლე"
ქალბატონი, რომლის წერილსაც მცირეოდენი შესწორებით ვბეჭდავთ, აღფრთოვანებულია კახა კალაძის მერობით და მის გამკრიტიკებლებს მოუწოდებს, ჯერ საკუთარი ქმედებები გააკრიტიკონ, მერე ილაპარაკონ სხვებზე. ბრაზობს იმ ქალბატონებზეც, რომლებიც ხშირად გამოდიან ქალთა უფლებების დამცველთა როლში და რომლებმაც ბოლოს ისიც მოითხოვეს, მამაკაცების მხრიდან ქალებზე "მიშტერება" კანონით დასჯადი იყოსო...
"თუ არა კოკა გაბაშვილს, ვის მოუვიდოდა თავში რამდენიმე დღის წინ არჩეული მერის გაკრიტიკება? რა კარგია, ბატონო გაბაშვილო, სხვის თვალში ბეწვს რომ ხედავ და საკუთარ "ჩასაფრებულ" თვალებში დირესაც ვერ ამჩნევ. თქვენ თუ არ გახსოვთ, ჩვენ, ბრბოდ მონათლულ ხალხს გვახსოვს თქვენი დროის პარლამენტისა და საკრებულოს სხდომები. ვის აღებინებდით ხმას ბატონო? თქვენვე ჭრიდით და თქვენვე კერავდით. სად იყო მაშინ მთავრობის მუშაობით უკმაყოფილო პარლამენტისა თუ არასამთავრობოების პრეტენზიები? ჯანსაღ კრიტიკას არაფერი სჯობს, მაგრამ სად არის სამართალი? ამდენი წელია, ინგრევა საქართველოს საშინაო და საგარეო ცხოვრება. დიდმა, ძალიან დიდმა სატკივარმა და ბოროტებამ ეს ქვეყანა ლამის დასასრულამდე მიიყვანოს. მთავრობის სათავეში მოხვედრილო ადამიანებო, რომლებმაც არ იცით, რა დამსახურებისთვის აღმოჩნდით ქვეყნის სათავეში, იქნებ ერთხელ მაინც მიიხედოთ უკან და გამოუტყდეთ საკუთარ თავს, ააშენეთ თუ დააქციეთ ეს ქვეყანა? გაიძარცვა ბანკები, შეიჭამა ხალხის შენახული ანაბრები, ერთეულებმა ჩაიგდეთ ხელში ქვეყნის ქონება, მაგრამ დამნაშავე არავინ ხართ. ამაყად თავაწეული დადიხართ. ამაყობთ საკუთარი მარიფათით, ყველაზე მეტს ლაპარაკობთ და ლანძღავთ სხვებს, თელავთ ეროვნულ ადათ-ჩვევებს, აქებთ დემოკრატიას და XXI საუკუნეს, ჰბაძავთ ევროპასა თუ ამერიკას, გადმოგაქვთ იქაური ზნე-ჩვეულებები და რაც მთავარია, კარგავთ ქართულ ჩვევებს. გაჩნდა ასეთი ფრაზა: "ქალებმა გადაარჩინეს საქართველო!" სად წავიდნენ მამაკაცები, რატომ დაჩაჩანაკდნენ გორგასლის, ცხრა ძმათა, სამასი არაგველების სისხლის შთამომავლები? ჩვენს მომავალში რამ მოამრავლა ამდენი ჰომოსექსუალიზმის მომხრე? სად დაიკარგა მამა-პაპათა ვაჟკაცობა და თავმოყვარეობა? ბიჭებო, ნუთუ ესეც სხვათა მიბაძვაა?..
გული მტკივა 75 წლის ქალს იმის გამო, რომ ქალებს ასეთი მონდომებით გსურთ პირველობა. განა ჩვენს წინაპრებს არ ჰყავდათ გამორჩეული ქალები? განა ადრე ქალები არ იყვნენ მეცნიერები, კოლმეურნეობის თავმჯდომარეები, რაიკომის მდივნები? განა სამამულო ომში ქალებს ნაკლები წვლილი აქვთ შეტანილი? მაგრამ მათ შრომასა და ცხოვრებაში ამ დიდებას ნამდვილი ქალური თავმოყვარეობით იღებდნენ, დღევანდელი ქალები კი თურმე, დაჩაგრული და თავისუფლებაწართმეულები ყოფილან. ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოთ, შვილებო? ჩვენს ისტორიაში ვის ახსოვს ისეთი დრო, რომ ქართველი ქალები ქუჩაში ასეთი უზნეო ტრაფარეტებით გამოსულიყვნენ და საქვეყნოდ გამოემჟღავნებინოთ თავიანთი ლესბოსელობა?
ზოგიერთები ითხოვენ კანონში ცვლილების შეტანას: ნუ მომაჩერდება კაცი, ნუ გამიჩერებს მანქანასო. დალოცვილებო, თვალები არა გაქვთ? ასეთი სიშიშვლე, დღეს რომ ქალაქის ქუჩებში შეგხვდებათ, განა კარგია? ქალს, რომელსაც 20 სანტიმეტრი სიგრძის ქვედაბოლო აცვია, მკერდი მოშიშვლებული და ჭიპი გაშიშვლებული აქვს, ქუჩაში სიგარეტით ხელში მოსეირნობს, მე, უკვე საკმაოდ მოხუციც კი გავაყოლებ თვალს. ძველი ვარ, არა და ჩამორჩენილი დემოკრატიული საქართველოსთვის! თავმომწონე ქალს არ უხდება ზედმეტი სიშიშვლე, მისი სილამაზე სამოსშიც კარგად აღსაქმელია, ეს უნდა იცოდეთ! ჰოდა, თუ მაინც თქვენსას გაიტანთ, მაშინ ისიც გაითვალისწინეთ, რომ კაცი მოგაშტერდებათ და ეს ისევ თქვენი ბრალია. ჩაიცვი ისე, როგორც ქალს შეჰფერის და ცუდად არავინ შემოგხედავს, ხოლო თუ მაინცდამაინც გაშიშვლება გინდა, გაშიშვლდი ზღვაზე ყოფნისას, საცურაო აუზში... მაგრამ იქნებ იქაც უჩივლოთ კაცებს?
ერთი ჰყვებოდა: გაჩერებაზე ვიდექი და მანქანა გამიჩერა კაცმა. წავედი, გამომყვა. ამით ჩემი თავმოყვარეობა შეილახაო. ყოველი ხის ძირთან გამომწვევად ჩაცმული ქალი ხომ მხოლოდ იმიტომ იყინება, რომ მანქანა გაუჩერონ?..
უამრავი ქალი, რომელიც მუშაობს და შინ შემოაქვს მხოლოდ თავისი ნაოფლარი, თანდათან ამაყდება, უჩნდება შეგრძნება იმის, რომ ყოვლისშემძლეა, ჯერ აბუზღუნდება, მერე საყვედურებით აავსებს ოჯახის წევრებს და ვაი, ასეთი ქალის ქმარს, რომელსაც უამრავი დამამცირებელი სიტყვის ატანა მოუწევს.
ბოდიში, ჩემო XXI საუკუნის ქალებო, ბევრი დანაშაული საკუთარ თავშიც უნდა ეძებოთ. თქვენ კი, ახალგაზრდა თანამდებობის პირებო, ეცადეთ მდივნებად, უკაცრავად, ოფისის მენეჯერებად 50-60 წლის ქალები აირჩიოთ. ხომ გაგიგონიათ, ქალმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვერ დააკავებსო. ჰოდა, სამსახური არ დაგაკარგვინოთ მიშტერებამ...
ამ წერილს გწერდით, როცა ტელევიზიის საშუალებით გავიგე კობა დავითაშვილის თავზარდამცემი ავადმყოფობის ამბავი. განა ამ პიროვნებასთან მაინც არ ხართ დამნაშავე "ნაციონალებო"? ვინ დარდობთ ან თავს ვინ იდანაშაულებთ ამ ადამიანის წინაშე? რამ ჩაკლა თქვენს გულებში პატივისცემის, სიყვარულის, სამართლიანობის გრძნობები?! მარტო ეს თავზარდამცემი ქმედება უდიდესი შავი ლაქაა თქვენს არსებობაში.
დამთავრდა არჩევნების ციებ-ცხელება. მწამს, რომ თბილისმა სამართლიანი არჩევანი გააკეთა. ჩემი ერთი ხმაც შენ გეკუთვნის, შვილო, კახა. მართალია, არც აქამდე გაკლდა სინდისმოსვრილი ადამიანების თავდასხმა, მაგრამ მინდა მადლობა გადაგიხადო, რომ ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს და წონასწორობა ვერ დაგაკარგვინეს, რომ შეინარჩუნე შენი თავმდაბლობა. არავის დაუნახავს შენს სახეზე ქედმაღლობა, მიუხედავად უამრავი წარმატებისა. მიუხედავად იმისა, რომ ხან ივანიშვილის (რა გეშველებოდათ ზოგიერთებს, ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო, ვის გალანძღავდით?) ქვეშევრდომს გიწოდებენ და საქმის უცოდინარს, მაინც არ კარგავ იმედს, რომ ოდესმე მიხვდებიან, რა სიკეთესაც აკეთებ.
იცით, რატომ ავირჩიეთ ეს ადამიანი მერად? იმიტომ, რომ მოგვბეზრდა თქვენი გაანჩხლებული სახეების ყურება, სხვისი ლანძღვის მოსმენა და საკუთარი უმსგავსობების არდანახვა, არაღიარება. თქვენ რომ გააზრებულად, მიზანმიმართულად დაგენგრიათ ის ძველი წყობა და ახლის აშენება ისე დაგეწყოთ, იქნებ ეს სავალალო მდგომარეობა, შიმშილი და სიკვდილიანობა ჩვენს ქვეყანას არ განეცადა. ის საშინელი 30-იანი წლები, რომელიც ხალხის მეხსიერებიდან არ იშლება და ისტორია სამუდამოდ შეინახავს, განა ახალი დემოკრატიული წყობისთვის უცხოა? არა, ბატონებო, თქვენც იმ საშინელი სიკვდილით, გაჭირვებით, წართმევა-წაგლეჯითა და ომებით მოიყვანეთ დემოკრატია. უამრავი ახალგაზრდა ჩაწვა მიწაში, უამრავ ოჯახს არ ღირსებია შვილის საფლავი, შიმშილმა და უიმედობამ უამრავ ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე. საქართველოს ტერიტორიაზე "დაქრის" საშინელი ავადმყოფობები, რომელიც ჩვენს მომავალს, სულ თოთო შთამომავალს უსწრაფებს სიცოცხლეს. მითხარით ერთი, რის ფასად? ეს არის სანუკვარი თავისუფლება? ან საერთოდ, რა არის თავისუფლება? ნუთუ ის არის თავისუფლება, თვით ქვეყნის კონსტიტუციაც კი სხვათა დახმარებისა და ყურის აწევის გარეშე რომ ვერ მიგვიღია? ქართული კანონმდებლობით დასჯილი დამნაშავე სტრასბურგის სამართალდამცავებს გაუმართლებიათ და პოლიტიკურ პატიმრებად უღიარებიათ. თავისუფლება ღირსებია ქვეყანას, რომლის საზღვრებს უამრავი ქართველი გაურბის და სხვა ქვეყნებს აფარებენ თავს. აქ იბადებიან და იზრდებიან თაობები, რომლებიც ძველებისგან განსხვავებით, სულ სხვა წესებით იზრდებიან, ყალიბდებიან. განა შეძლებენ სხვა მიწა-წყალზე გაზრდილი თაობები ამ ჩვენს ქვეყანაში გაზრდილი, გაჭირვებაში მცხოვრები ახალგაზრდების წუხილის გაგებას? რომელი ერთი პასუხგაუცემელი კითხვა უნდა დაისვას, ადამიანებო? სად მიგვიყვანს ამ ქრისტიან ერს ამდენი მუსლიმანური სარწმუნოების მქონე ადამიანთა მიერ ქართული მიწა-წყლის დაპატრონება? სად ხედავთ ქართველებო ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს?
მდიდრები და ღარიბები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან ქვეყანაში. ყველას თავისი გზა აქვს გასავლელი. იცხოვრეთ ისე, როგორც თქვენ გსურთ, მაგრამ ისე, რომ სხვა არ შეურაცხყოთ, არ დაჩაგროთ და არ დასცინოთ.
თავისუფლება ყველა ადამიანის სულსა და გულში უნდა იყოს.
წლები გარბის, ჩემი თაობის დღეები და წუთები ითვლება და რა მიგვყვება საუკუნო სასუფეველში? მხოლოდ შელახული თავმოყვარეობა, დამადლებული სიცოცხლე, ფიქრი იმაზე, რომ არარაობები ვყოფილვართ, არც გვიშრომია, არც არაფერი შეგვიქმნია და ამიტომაც, საზოგადოების ყველაზე დაბალ, დაუფასებელ ფენად ვიქეცით, უბრალოდ, პენსიონერები კი გვქვია. რაღა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ სხვა თაობის ანუ მომავალ პენსიონერებს მაინც, დაფასებული სიცოცხლე ვუსურვოთ, მათ მაინც გაუთენდეთ უკეთესი მომავალი და ეს კეთილი დღე თქვენ უნდა გაათენოთ კახი, მამუკა, არჩილ, ზაალ, თამარ, მარიამ... ღმერთმა გამრავლოთ შვილებო და შეგანახვინოთ ქართული ადათ-წესები. უკვდავი მიწა-წყალი, რომლის დასაკუთრებას ასე ცდილობენ უცხოელები. უშველეთ ამ დალოცვილ ქვეყანას.
ძვირფასო რედაქცია, დარწმუნებული ვარ, უამრავ ადამიანს ჩემზე მეტად შეუძლია დღევანდელობის უკუღმართობის დანახვა და აზრის გამოთქმა, მაგრამ მეც მათქმევინეთ! ჩემს გულისტკივილს ასე სახალხოდ მხოლოდ თქვენი ჟურნალის საშუალებით თუ გამოვთქვამ. აი, ქალების პროტესტს კი მეც ვუერთდები და მივმართავ მანდილოსნებს: თანასწორობა, იცოცხლეთ, კარგია, მაგრამ ზომიერება, საკუთარი თავის პატივისცემა, შენი მანკიერების სხვის თავზე არმოხვევა და ლაპარაკის მოსმენის, პასუხის გაცემისა და ჩაცმის კულტურა შეგვესისხლხორცებინოს ყველას.
დარჩენილი სიცოცხლის დღეებში თქვენთვის მლოცველი ლეილა კაკაბაძე".
P.s. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com
"და კიდევ, ჩემი რწმენით, ერთი მანკიერი კანონი დაიდებს ბინას ჩვენს ცხოვრებაში, ეს არის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია. ჩვენ ირგვლივ ალბათ, არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეხებია ეს პრობლემა. რამდენად არის ეს ავადმყოფობა, ამაზე ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ არის თანდაყოლილი და შეძენილი ავადმყოფობები. ნარკომანიას _ ამ მავნე ჩვევას მოზარდობისას ეყრება საფუძველი. არის დროის სულ მცირე მონაკვეთი, რომელიც მშობლებს არ უნდა გამორჩეთ. დღეს ახალგაზრდებს ძალიან ბევრი დრო აქვთ უსაქმურობისთვის. სკოლის მოსწავლეები დილით სკოლაში კი მიდიან, მაგრამ რჩებიან თუ არა ბოლომდე გაკვეთილებზე? _ ამას როგორც სკოლის თანამშრომლები, მშობლებიც უნდა აკონტროლებდნენ. თუ არა დედა, სხვა ვინ შეამჩნევს შვილის ცხოვრების სტილის ცვალებადობას? მოზარდი ხომ უმეტეს შემთხვევაში, ვიღაცას ჰბაძავს. ცდილობს ცხოვრებაში ადგილის დამკვიდრებას. იჩენს სამეგობრო წრეს და ღმერთმა ნუ ქნას, მის სამეგობრო წრეში თუნდაც ერთს ჰქონდეს გასინჯული ამ ავად სახსენებელი ნარკოტიკის გემო, ის ერთი სხვებსაც ჩაითრევს. სხვაგან ნუ ვეძებთ გაჩენილი სატკივრის მიზეზს, მიზეზი თითოეულ ოჯახშია, თითოეულ დედაში. დედებო, უფრო მეტი ყურადღება, უფრო მეტი სიყვარული და შვილის დღის რეჟიმის კონტროლია საჭირო! კონტროლი ისე, რომ ბავშვისთვის შეურაცხმყოფელი არ იყოს. აი თქვენ კი, ჩემო საყვარელო ადამიანებო, თქვენივე სურვილით თავს ნუ მოახვევთ სხვას ამ მავნე ჩვევას. ეს საშინელება ჩვენს თაობებს მოწამლავს და ხელიდან გამოგვაცლის მათ ჯანსაღ სიცოცხლეს. არა, არა და არა! ეს ავადმყოფობა კი არა, მავნე, თანაც, შეძენილი ჩვევაა".
ლიკა ქაჯაია