"ნუ გენაღვლების სწავლისთვის ყრმის წკეპლით ცემით ტირილი"
პენსიონერი ქალბატონის წერილი ამქვეყნიურ სამართლიანობაზე მართლაც დაგაფიქრებთ. მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ფული ადამიანს აფუჭებს და თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ იმ მაღალჩინოსნებს, რომლებსაც საკმაოდ მაღალი შემოსავალი აქვთ, არც ქვეყანაზე დარდი შეაწუხებთ და ვერც მოქალაქეების დუხჭირ ცხოვრებაზე ფიქრი აუჩქროლებთ გულს (წერილის სტილი დაცულია)...
დღეს საქართველო, რა თქმა უნდა, ის აღარ არის, რაც ჩემი ახალგაზრდობის დროს იყო. ცხოვრება წინ მიდის, ვითარდება, მოდის ახალი თაობა თავისი ფიქრებითა და ოცნებებით. ცდილობენ თავის დამკვიდრებას _ ასე იყო ყოველთვის, ყველა თაობასა და ყველა ეპოქაში, მაგრამ რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩემი ღრმა რწმენით, არც ერთ ზნეობრივ ჩარჩოში არ ჯდება. დიდი და პატარა თავის ცოდნასა და გამოცდილებას საქვეყნოდ გვახვევს თავს. თვალს მიადევნებ ტელევიზიით უამრავ შოუს, გვმოძღვრავენ ჟურნალ-გაზეთებიდან და თუკი გაქვს გული, თუკი გიყვარს ქვეყანა, გაგიზრდია შვილები და ახლა შვილიშვილების ბედ-იღბლით ხარ დაინტერესებული, შიში გიპყრობს, რა ქნა, რა გზას უნდა დაადგე? პირადად მე, ძალიან მენატრება ძველად გადაღებული ფილმებისა და სპექტაკლების ყურება. ხორავა, ზაქარიაძე, მაღალაშვილი, ანჯაფარიძე, ჩახავა და რა ჩამოთვლის იმ კეთილშობილი ხელოვანების სახელებს, რომლებიც მთელი ცხოვრება ქართულ გენიას, ზნე-ჩვეულებებს ემსახურებოდნენ სცენიდან თუ ეკრანიდან.
ახლანდელმა თაობამ ამ დიდებული ხელოვანების სახელი კი არა, ერის მამებად წოდებული ილიას, ვაჟას, აკაკის, ტატოს, გალაკტიონისა და სხვა მამულიშვილების სახელიც მიივიწყა. არადა, ამ ადამიანებმა ეს ერთი ციდა ქვეყანა ჩვენამდე მოიტანეს...
ჩვენც ვსწავლობდით სკოლაში და გვქონდა სახელმძღვანელოები, გვყავდა პედაგოგები და ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ მაშინდელი სკოლები ნაკლებ განათლებას აძლევდნენ ახალგაზრდებს, ვიდრე დღეს ხდება. ახლანდელი თაობა საცდელ კურდღელს ჰგავს. აბა, რამდენჯერ შეიცვალა სახელმძღვანელოები, რამდენმა სკოლამ თვითონ აირჩია წიგნები. იმდენი ახალი კანონითა და გაფრთხილებით დახუნძლეს პედაგოგები, რომ თითოეულ მათგანს იმის შიშით, სამსახური არ დაკარგოს, ბავშვისთვის შენიშვნაც ვერ მიუცია. ბავშვისთვის დასჯა და ყურის აწევა ხომ დემოკრატიულ საქართველოს სკოლებისთვის მიუღებელია. ვიღას ახსოვს დიდებული "დავითიანიდან" ამოღებული სიტყვები: "ნუ გენაღვლების სწავლისთვის ყრმის წკეპლით ცემით ტირილი". ბავშვს თუ შენიშვნა არ მიეცი და არ მიუთითე, მაშ, როდის გაარკვიოს, როდის არის მართალი და როდის მტყუანი? ახლა ამბობენ, რომ თურმე, რა საჭიროა, ბავშვმა ამა თუ იმ ნაწარმოებიდან ზეპირად ისწავლოს ფრაზები ან სტროფები? რა მოხდება, რომ ამა თუ იმ თემის წერისას სახელმძღვანელო წინ დაიდოს? სწორედაც ასე დამოძღვრის წყალობითაა, რომ თერთმეტი ათასმა მოზარდმა სკოლა ვერ დაამთავრა. რა მოხდა? ვის რაში სჭირდება ნასწავლი და უმაღლესდამთავრებული? თუმცა, ოფიციანტებად, დამლაგებლებად, დაცვის წევრად და კაზინოების მომსახურე პერსონალადაც მუშაობას აუცილებლად სწავლა-განათლება და დიპლომი სჭირდება, თურმე. სამაგიეროდ, არ შეიძლება, პედაგოგს მაღალი ანაზღაურება ჰქონდეს, რადგან ამ შემთხვევაში, პედაგოგს არ ეყვარება ბავშვიო. აი, თურმე როგორ რყვნის მაღალი შემოსავალი ადამიანს. ჩავწვდი ამ ჭკვიანური გამოთქმის აზრს და მივხვდი, ჩვენს რჩეულებს რატომ აქვთ თურმე გული გაცივებული და რატომ არ ფიქრობენ ხალხზე თუ ქვეყანაზე. თურმე, მათ მაღალი ხელფასები და პრემიები, დანამატები უცივებთ გულს და ამიტომაც იკლავენ თავებს თანამდებობების დასაკავებლად. თუ პედაგოგებს მაღალი ხელფასი ბავშვებს შეაძულებს, ჩინოვნიკებს რაღა შეაყვარებს ქვეყანასა და გაჭირვებულ ხალხს?
ასე უკუღმართად არის მოწყობილი ადამიანის გონება და რას გაიგებს მდიდარი კაცი ხალხის გაჭირვებას.
დემოკრატიული საქართველოს პენსიონერები იმით მაინც ვართ ბედნიერები, რომ ამ ჩვენი სამარცხვინო პენსიის გადამკიდეები, ყველაზე მოსიყვარულე და თავდადებული ხალხი გამოვდივართ. ჩვენს შრომას უქმად არ ჩაუვლია და ამიტომაც დავუფასებივართ დემოკრატიული საქართველოს მთავრობებს. ამ წლების მანძილზე, რაც თავისუფალი და დამოუკიდებლები გავხდით, ვინ იცის, უკვე რამდენი მთავრობის შეცვლის მომსწრეები ვართ, რომელ მათგანს მოუვიდა აზრად, რომ ჩვენც ადამიანები გახლავართ, შრომასა და ჯაფაში დაღლილი და დაავადებულები, გვჭირდება ადამიანური ცხოვრება, დასვენება და გაცვეთილ ჯანმრთელობასთან ბრძოლა. გვჭირდება მკურნალობა და წამლები! მადლობა იმისთვის, რომ ექიმთან მისვლა უფასოა, ზოგიერთი ანალიზიც ხელსაყრელია, მაგრამ ვის ეფიქრება, ექიმის მიერ გამოწერილ წამლებს როგორ ვიყიდით?
პირადად მე, ათ დღეში 50 ლარის წამლები მჭირდება, თვეში _ 150 ლარი პრეპარატებში მეხარჯება, ჰოდა, მრჩება 30 ლარი. იქნებ მასწავლოთ, როგორ ვიმყოფინო ეს თანხა?..
შენ, ვისაც ხელფასი 3.000 ლარი ან უფრო მეტიც გაქვს, რა სინდისით იღებ დანამატს, როცა იცი, როგორ ცხოვრობენ შენს მეზობლად? ნუთუ, ამას ეძახით თავისუფლებასა და თანასწორობას? რა სინდისით მოძღვრავთ ხალხს ტელეეკრანიდან? თანაც, ჩემს თაობას აკრიტიკებთ, არადა, ჩემს თაობას ასეთი სამართლიანობა არასდროს ჰქონია. ჩვენ სხვანაირად გვესმოდა ეს ცხოვრება. ლუკმაპურს გაჭირვებულებს ვუყოფდით. სახელმწიფო ხაზინაში ხელის მოფათურეებს ქურდს ვეძახდით, იყიდე-გაყიდეთი დაკავებულებს _ სპეკულანტებს, ამორალურ ქალებს _ უზნეოებს. ჩვენი თაობის წინაპრები უფრო კეთილები, მშრომელები და ქვეყნის მოყვარულები იყვნენ. ჰოდა, ამიტომ ხართ თქვენც ჯერ კიდევ ქართველები! წინაპრების შრომისმოყვარეობამ და სამშობლო მიწის სიყვარულმა შემოგინახათ საქართველოს მიწა-წყალი; მიწის თითოეული გოჯი გლეხკაცის ოფლით არის მორწყული და დააფასეთ ეს...
ახლა რა ხდება? უპატრონოდ მიგდებულია სოფლები და ამიტომაც, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილ საკვებს ვეძალებით და შედეგიც სახეზეა: ამდენი უხარისხო და ჯანმრთელობისთვის საზიანო საკვების მიღებამ ხედავთ, რა მდგომარეობამდე მიგვიყვანა? ამდენი დაავადება, ამდენი გაახალგაზრდავებული სიკვდილი, ამდენი ავადმყოფი მოზარდის დანახვა გულს მიკლავს.
უკვე 25 წელი მიილია, რაც თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ვინ გაიხარა ამ თავისუფალ, სამართლიან ქვეყანაში ცხოვრებით? ღმერთმა შეგარგოთ, თუკი ალალი შრომით გაქვთ ნაშოვნი ქონება, მაგრამ თუკი ქონება სხვისი ცრემლის, ქურდობის წყალობით შეიძინეთ, გეშინოდეთ! სხვისთვის რაიმეს წაგლეჯა არ შეგრჩებათ...
მაჯერებთ, ჩაკვდაო კორუფცია, არადა, კარგად გაახილეთ თვალები, ჩაკვდა კი არა, ყვავის, ოღონდ _ ერთეულებისთვის. ჩვენი ქვეყანა ძალიან პატარაა, ყველა ერთმანეთის ნათესავია, მეგობარი ან მეზობელი. რამდენიც უნდა ეცადოთ ის დამაჯეროთ, რომ სამართლიან ქვეყანაში ვცხოვრობთ, ვერ დამაჯერებთ ამაში და ვერც იმაში, რომ თანასწორუფლებიანები ვართ. პენსიონერთა დიდ არმიას ლამის, შიმშილით სული გასძვრეს და თქვენი სამართლიანობა როგორ დავიჯერო?
იმაზეც მინდა დაფიქრდეთ, თუ რას მოგვიტანს საზღვარგარეთ სასწავლებლად თუ საცხოვრებლად გაქცეული ხალხი. იქ გაზრდილი მომავალი თაობა ქართულ ზნეს ივიწყებს და ყველაფერ უცხოურს იყვარებს. კი ბატონო, ჩვენს ეპოქაშიც იყვნენ ზნედაცემულები, ღირსებადაკარგული მამაკაცები, მაგრამ სააშკარაოზე კი არ გამოჰქონდათ თავიანთი უსაქციელობა. პარადს არ აწყობდნენ, არც პატივისცემას ითხოვდნენ ხალხისგან და ა.შ.
დღეს თურმე, თავისუფლება ის არის, ქალმა ტელევიზიის ეკრანიდან თავი მოიწონოს საყვარლების რაოდენობით. ჩაიცვას ისეთი სამოსი, რომ უხერხულობაც კი იგრძნოს მისი სიგრძის გამო, მაგრამ ფეხი ფეხზე მაინც გადაიდოს და გამოფინოს თავისი სიმდიდრე. მე ვინ მკითხავს მათ განსჯას? მაგრამ ვერ ვეგუები ჩემი მენტალიტეტის პატრონი ამ ყველაფერს. ნუთუ, ამ საქციელს ამართლებს სიტყვა "თავისუფლება"? ნუთუ, გეი ბიჭებით უნდა ვიამაყოთ ქართველებმა? ნუთუ, მართლა იმდენი არიან, რომ პროტესტის ხმამაღლა გამოთქმის სურვილი უჩნდებათ ზურგგამაგრებულებს? სახლებში არავინ გივარდებათ, იცხოვრეთ ისე, როგორც გსურთ, მაგრამ ნურც პატივისცემას მოითხოვთ. საქართველოს ისტორიას ახსოვს თქვენნაირი ადამიანები, ისინი შრომობდნენ თავისთვის და საკუთარ სურვილებს საქვეყნოდ არ ჰფენდნენ, შედეგად კი ხალხის სიყვარულსაც იმსახურებდნენ. დღეს რომ ზიზღი იგრძნობა არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების მიმართ, ეს ისევ იმის ბრალია, რომ ცდილობთ, იყოთ დაფასებულები...
ახალგაზრდებთან ერთი სათხოვარი მაქვს: ნამდვილო ქართველებო, ნუ მიატოვებთ სოფლებს, უპატრონოდ!
საით გინდა გაიხედო, რა გინდა იწამო? რა დარჩა ქვეყანაში სუფთა და შეურყვნელი? ქართველთა რწმენა შეირყა. თვით ეკლესია-მონასტრებიც შუღლმა მოიცვა. ვისი ბოროტი ხელი და ენა შეურაცხყოფს ერის სალოცავ ტაძრებს? უფლისაც აღარ გეშინიათ? აღარც ღმერთი გწამთ და აღარც _ ხატი. მე კი ბოლოს, ერთი კუპლეტით დავასრულებ სათქმელს:
"რომელ ეკლესიას ვთხოვო მფარველობა,
მომაკვდინებელი საცეცები იქაც მოქმედებენ,
მაინც ღმერთს შევთხოვ, ხალხო, მფარველობას,
ჩვენი საქართველო რომ დიდხანს აარსებოს".
P.s. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81
ლიკა ქაჯაია