"ეს ადგილი დადებით მუხტს აღვიძებს, სისხლს ააჩქროლებს..."
ქალბატონმა ეკა მეტრეველმა გამოგვიგზავნა წერილი, სადაც გვიამბო რაჭაში, კერძოდ კი სოფელ ჯინჭვისში აგებული ტაძრის შესახებ. ისიც აღნიშნა, რომ ეს ის სოფელია, რომელსაც მისატოვებლად არა მარტო მოხუცები, არამედ ახალგაზრდებიც ვერ იმეტებენო. წერილის სტილი დაცულია.
"უფალი ბრძანებს: "თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიძთ ყოფად, არცა ერთი"...
ღმერთმა "სახედ თავისად შეგვქმნა", გვიბოძა გონიერება ქვეყნიერების შესაცნობად, მცირედი ნაწილიც გვარგუნა სამყაროდან - უჩვეულოდ ლამაზი და მდიდარი დედამიწა. ჩვენ, ქართველთ ყველაზე საუკეთესო წილი გვხვდა მიწისა, რომელზედაც გოჯი არ არის დარჩენილი ჩვენი წინაპრების სისხლით რომ არ იყოს მორწყული, სამშობლო კი იქიდან იწყება, სადაც თითეული ჩვენგანის მშობლიური კუთხეა და ძირი - ადგილი, სადაც მამაპაპისეული სახლი და კერაა. სწორედ ამ კერის სიყვარულმა მოიყვანა სსიპ "დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის" გენერალური დირექტორი, პროფესორი - ამირან გამყრელიძე სოფელ ჯინჭვისში. ბატონ ამირანის ღვთივკურთხეულმა საქმიანობამ, მისგან გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ შესაძლებელი გახადა მის მშობლიურ სოფელს პატარა ტაძარი ჰქონოდა.
ორ ულამაზეს მდინარეს (გომბრულას და რიონს) შორის მოქცეულ ამ პატარა სოფელს, სხვა მაღალმთიან სოფლებთან შედარებით ჰყავს მკვიდრი მოსახლეობა, მას ღვთის წყალობით არც გაუტეხელი მოხუცები ტოვებენ, უფრთხილდებიან ნაამაგარ სახლ-კარს და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, არც ახალგაზრდები მიდიან მასობრივად, ბედის საძიებლად. ისინი ცდილობენ სოფელს სიცოცხლე და არსებობა შეუნარჩუნონ. სწორედ სოფლის მკვიდრი მოსახლეობის უშუალო ძალისხმევა და ფიზიკური შრომაა ჩადებული ტაძრის შენებაში (ყველას ჩამოთვლა გაძნელდება და არც მინდა ვინმე გამომრჩეს). ყველა - სოფლის მცხოვრები, ზოგჯერ სტუმარიც, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, სიხარულით უერთდებოდა ამ ღვთივკურთხეულ საქმიანობას.
წმინდა კეთილმსახურ მეფე დავით აღმაშენებლის ტაძრის მშენებლობა 2010 წლის 14 მაისს, წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს, მიტროპოლიტ მეუფე ელისეს კურთხევით დაიწყო. ეკლესიის მშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღვის მის ხუროთმოძღვარს ზურა გეწაძეს, რომელმაც უსასყიდლოდ შეადგინა ტაძრის მაკეტი და ყოველ წუთს თვალყურს ადევნებდა მისი მშენებლობის მსვლელობას... აღსანიშნავია ისიც, რომ უპირველესად იდეა, ეკლესიის არსებობისა, ამავე სოფელში მცხოვრებ მამუკა ჩიხრაძეს ეკუთვნის, მან თავად დაიწყო ამ იდეის განხორციელება და "პირველი აგურიც" მისგან დაიდო, შემდეგ კი ეს დიდებული საქმე ბატონმა ამირანმა გააგრძელა.
"არ დარჩენილა ბავშვიც კი, მოდიოდნენ და გვეხმარებოდნენ, სახლში აღარ უნდოდათ წასვლა. ვისაც როგორ შეეძლო, ისე ცდილობდა ამ საქმეში საკუთარი წვლილის შეტანას", - აღნიშნა თეონა მეტრეველმა, რომელიც ამ სოფელშია გაზრდილი და ენერგია არ დაიშურა ტაძრისა და მისი შემოგარენის დასასუფთავებლად. მანვე გვითხრა, რომ ამ ხნის მანძილზე ძალიან ეხმარებოდათ მამა ნოე კერესელიძე - ონის გაბრიელ მთავარანგელოზის ეკლესიის წინამძღვარი - "იგი გვარიგებდა და თვალყურს ადევნებდა თითოეულ ჩვენს მოქმედებას ტაძარში, რომ დალაგების დროს არ დარღვეულიყო ის კანონიკა, რასაც ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოება ითვალისწინებს.
ტაძარი სოფლის სასაფლაოს ტერიტორიაზე აიგო და იმ საოცარ ადგილს გაჰყურებს, რასაც ყველანი "საქორიას" ვეძახით. სოფელი ჯინჭვისი ყველაზე კარგად სწორედ ამ უმშვენიერესი ადგილიდან ჩანს, სწორედ აქედან დაქროლავს ხოლმე მშობლიური ჰაერიც, რაც ყველა ამ სოფლელისთვის დიდ დადებით მუხტს აღვიძებს, სისხლს ააჩქროლებს და ბავშვობის ყველაზე საყვარელ, გაუხუნარ მოგონებებს აცოცხლებს. ბუნების სილამაზე კი ღვთის წყალობით, საქართველოს და მის ერთ-ერთ უსაყვარლეს კუთხეს - რაჭას არ აკლია.
2017 წლის 12 აგვისტოს, წმინდა კეთილმსახურ მეფე დავით აღმაშენებლის ტაძარი ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა, არქიმანდრიტმა მეუფე ვახტანგმა აკურთხა და ტაძარში პირველი წირვა-ლოცვაც აღავლინა. ზიარების მადლით გახარებულმა მოსახლეობამ ეს დღე საზეიმო ლხინითაც აღნიშნა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ ბატონ ამირან გამყრელიძეს და ყველას, ვისაც მცირედი წვლილი მაინც მიუძღვის ამ დიდებულ საქმეში.
ღმერთმა ხელი მოუმართოთ უფლის, მშობლიური კუთხის, ქვეყნის კეთილდღეობისთვის მზრუნველებს..."
P.s. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: ლიკა.ქაჯაია@გმაილ.ცომ