ხალხი ნდობას კარგავს; ეჩვენება, რომ ყველა, ვინც მოწყალებას ითხოვს, მხოლოდ და მხოლოდ თაღლითია
ამჯერად, სოფო კობლიშვილმა გამოგვიგზავნა წერილი, სადაც მოთხრობილია მამაკაცზე, რომელიც მოქალაქეებისთვის ფულის დაცინცვლას ერთი და იმავე მეთოდით, წარმატებით ახორციელებს.
"ხალხი რომ ჭრელია, ეს ბევრჯერ მსმენია, მაგრამ ცოტა ხნის წინ რაც შევიტყვე, მსგავსი არაფერი გამეგო და ვერც წარმომედგინა. უკვე მერამდენეჯერ დავრწმუნდი, რომ ცხოვრება ნამდვილად არ არის იმდენად სამართლიანი, რომ ბოლომდე დავრჩეთ კეთილ და გულმოწყალე ადამიანებად და რამ შემიწყო ამაში ამჯერად ხელი, ამას აუცილებლად გიამბობთ.
სოციალური ქსელი რომ განტვირთვისა და დასვენების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ამას ვაღიარებთ, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ საკუთარი პრობლემებით დაკავებულ ყოველდღიურობაში ინფორმაციის წყაროდაც გვევლინება. რა უნდა ისურვო, რომ იქ ვერ შეხვდე, ეს იქნება მეცნიერული კვლევები, მოსალოდნელი ამინდის პროგნოზები, საკაცობრიო საკითხებით შეწუხებული ადამიანების აზრები, სხვადასხვა თემასთან დაკავშირებული ბმულები და კიდევ მრავალი რამ და ჩემთვის სიახლე სულაც არ ყოფილა ის, რომ ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა თავისი ცხოვრებიდან ჩვენთვის რაღაც კონკრეტული ეპიზოდის გაზიარება გადაწყვიტა, მაგრამ იმას კი ნამდვილად არ ველოდი, რისი წაკითხვის პატივიც ჩემს თვალებს ერგოთ.
ყველაფერი ერთი ჩვეულებრივი დღით დაიწყო. ამ ამბის მთავარ გმირს სამსახურში მიეჩქარებოდა, გზაზე აფორიაქებული, სახეშეშლილი კაცი რომ შემოხვდა მობილური ტელეფონით ხელში.
- გამარჯობა, გოგონა, აქ ცხოვრობთ? - ამ მოულოდნელ კითხვაზე გოგომ მეორე ქუჩისკენ ანიშნა და თან განუმარტა, სადაც ცხოვრობდა. კაცმა პირველ რიგში, ის სთხოვა, მათხოვარი არ გეგონოთო. შემდეგ დაბნეულ შემხვედრს აუხსნა, რომ დედა შეუძლოდ გახდომოდა, საავადმყოფოში გადაეყვანათ, მას კი ფული თან არ ჰქონდა, რომ ტრანსპორტით ესარგებლა და მშობელს მიშველებოდა. შეწუხებულმა გოგომ მაშინვე გახსნა საფულე და რაც იმწუთას ჰქონდა, დაუფიქრებლად მისცა კაცს. ამ უკანასკნელმა, რაღა თქმა უნდა, ის მადლობით აავსო და სადღაც გაუჩინარდა.
ამ შემთხვევის შემდეგ ერთი კვირა რომ გავიდა, ჯერ კიდევ უცნობ კაცსა და მის ავად გამხდარ დედაზე ფიქრით დაკავებულ გოგოს ახლა უკვე სულ სხვა ადგილას შეეჩეხა თავისივე ფიქრების ობიექტი. ის-ის იყო, უნდა ეკითხა, - დედათქვენი როგორ არის ან რა მოხდაო? რომ ისეთი რამ მოხდა, რამაც წუთიერად საუბრის უნარიც კი დააკარგვინა:
- გამარჯობა, გოგონა, აქ ცხოვრობთ? - ჰკითხა კაცმა და ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენად დაუჯერებელი იქნებოდა ჩემი მეგობრისთვის ის, რომ ამ ადამიანმა პირველად საოცრად დამაჯერებლად იცრუა, ფული დასცინცლა და მეორედაც იმავეს უპირებდა.
ამ ამბის წაკითხვის შემდეგ საგონებელში ჩავვარდი. შევეცადე, ფანტაზიისთვის გასაქანი მიმეცა და მივხვდი, რამდენი ადამიანის მოტყუება შეიძლებოდა თუნდაც, ერთ დღეში, თაღლითური იდეებით, ხოლო სიმართლის გაგება თითოეულ გაბითურებულში რა გადატრიალებას გამოიწვევდა, ადვილად წარმოსადგენია. ყველაზე დიდი საშინელება ის არის, რომ ასეთი შემთხვევების შემდეგ, ხალხი ნდობას კარგავს; იმის შიში უჩნდება, რომ მეორედაც არ მოტყუვდეს. ეჩვენება, რომ ყველა, ვინც მოწყალებას ითხოვს, მხოლოდ და მხოლოდ თაღლითია და არავითარი გასაჭირი არ აქვს. განა, რატომ უნდა გვაწუხებდეს ასეთი ეჭვები? რატომ უნდა გავხდეთ ერთმანეთისთვის საეჭვოები? რა გვიბიძგებს ამისკენ? ნუთუ, ვერ ვხვდებით, სადამდე მიგვიყვანს ერთმანეთის ნდობით სარგებლობა და სხვის გრძნობებზე თამაში? ადამიანი, რომელსაც ეს ყოველივე თავს გადახდა, გაოცებას დღემდე ვერ ფარავს და იმაზე ფიქრობს, რომ შეიძლებოდა ამ შემთხვევას მასში რაღაც შეეცვალა. ჩემთვისაც არაა მარტივი დასაჯერებელი ის, რომ ფულს ამდენად დავხარბდით და რომ ჩვენს სულიერებასაც კი აღარ ვაფასებთ მასზე მეტად. ჩემი მეგობრის თქმით, მამაკაცს საკმაოდ კარგად ეცვა, მოწესრიგებული იყო და არც გაჭირვებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ასე რომ, ვერც იმას ვიტყვით, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და მოწყალების პირდაპირი ფორმით თხოვნას ამგვარი თაღლითობა არჩიაო.
ამ ამბის თქვენთვის მოთხრობა და თემის განხილვა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მომავალში თქვენც შეძლოთ აწ უკვე მრავალჯერ ნახსენები თაღლითისა და მისი მსგავსების ამ კითხვით აღმოჩენა (რომლის მიზეზიც ის შიშია, რომ "მსხვერპლმა" "მონადირის" ამოცნობა ვერ შეძლოს), რათა მათ მახეში მეტად აღარავინ გაებას. მართალია, ამ მეთოდის შეცვლას წინ არაფერი უდგას, მაგრამ ვფიქრობ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ამასთანავე, მინდოდა მეთქვა, რომ რამდენი ასეთი შემთხვევის შესახებაც უნდა გაიგოთ, არ დაკარგოთ ნდობა და იმის შეგრძნება, რომ ყველა ერთნაირი არ არის; ერთ დღეს ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება შეატყობინონ მობილურით რაიმე სასწაფო საჭიროების შესახებ, ჩვენი საფულე კი ცარიელი აღმოჩნდეს და თუ გარშემო ნდობადაკარგული ადამიანები იქნებიან, ჩვენს დახმარებას ვეღარავინ შეძლებს..."
ამ წერილში მოთხრობილი ამბავი რომ რეალურია, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგანაც ზუსტად ვიცი, ვისზეც არის საუბარი, პირველ ჯერზე, მეც სწორედ მსხვერპლი აღმოვჩნდი თაღლითის, რომელმაც მითხრა, რომ ახლობელის ბავშვი გახდა სასწრაფო საოპერაციო, ხოლო როდესაც შემდეგ ჯერზე ისევ დააპირა ჩემი გაცურება, ავუხსენი, რატომაც აღარ დავეხმარებოდი და ხმის ამოუღებლად გამცილდა.
P.s. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com
ლიკა ქაჯაია