წერილები "გზას"
font-large font-small
წერილები "გზას"
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ქალბატონი ნაზი "ნაციონალების" დროსაც მუშაობდა, მაგრამ მაინც, "ოცნების" ხალხი უფრო მეტად ესიმპათიურება. უნდა, მომავალ არჩევნებზე ისეთი ძალა მოვიდეს, რომელიც ორივეს ჩაანაცვლებს და რაღაც ახალს შესთავაზებს ხალხს, რომელიც მათ ყოფას გააუმჯობესებს.
"ძალიან ძნელია შავისგან თეთრის გარჩევა. ეს რომ ისწავლო, ამას წლები სჭირდება. მძიმეა ეს ცხოვრება და ვერც XXI საუკუნეში, ამ ვითომ ცივილიზებულ ეპოქაში შევძელით ადამიანებმა იმის გაცნობიერება, რომ ცას ვერავინ გამოვეკიდებით. ადრე თუ გვიან, ყველანი იმ ქვეყნად წავალთ, იქ კი ვერავინ ვერაფერს წავიღებთ, გარდა იმისა, რასაც ჭირისუფლები გაგვაყოლებენ...
ძალიან მინდა, ამ ეპოქაში ადამიანებმა ერთმანეთზე იზრუნონ. ერთმანეთი კი არ დახოცონ, არამედ იმაზე ფიქრში გალიონ დღეები, თუ როგორ გაიხანგრძლივონ ცხოვრება. ზოგიერთები ფულის მოხვეჭით ისე არიან დაბრმავებული, მზად არიან სარგებლის მოლოდინში ადამიანის სიცოცხლე სასწორზე შეაგდონ. ზოგიერთი გონიერი ადამიანი თავის სიბრძნეს ბოროტულად იყენებს და ასეთი ბრძენია ყველაზე საშიში კაცობრიობისთვის.
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს და ეს არის ყველაზე დიდი ნაკლი. ეს მთავრობა გადაჰყვა ქართული პოლიტიკიდან "ნაციონალების" სახელის წაშლის მცდელობას, მაგრამ არაფერი გამოსდით. იმდენიც ვერ მოახერხეს, რომ ხალხის თვალში "ნაციონალები" დამნაშავეებად გამოეყვანათ და გაიმასხარავეს თავი. ვისაც "ოცნების" გუნდის სჯეროდა, ბოლო დროს იმათაც აიყარეს გული ამ ადამიანებზე, მაგრამ... არჩევნები კარს მოგვადგა და მათზე უკეთესი არავინ ჩანს...
ახლა ვფიქრობ, ელისაშვილს ხომ არ მივცე ხმა? მაგრამ თბილისისთვის შეძლებს კი რაიმეს გაკეთებას? _ მეეჭვება! მართალია, ახლა ბევრს ყვირის, მაგრამ უამრავი მისნაირი გვინახავს ქართველებს, მერე თბილ სავარძლებში მოკალათებულნი რომ გატრუნულან.
ყველაში ეჭვი რომ გეპარება, ძალიან ცუდია, მაგრამ ასეა ცხოვრება მოწყობილი და ვერაფერს ვიზამთ... ეჭვი ჩვენს არსებობას თან სდევს...
ზოგიერთი კანდიდატი ამერიკას ემხრობა, ზოგი _ რუსეთს, ამის მიხედვითაც ძნელია რომელიმეზე არჩევანი შეაჩერო. ამერიკაც კარგია და რუსეთიც, მაგრამ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენი პატრონი არავინაა. თუ საკუთარ თავს არ ვუპატრონეთ, არავინ მოგვხედავს..."

ბატონი სერგო პენსიონერია. ამბობს, რომ ყოველი არჩევნების წინ საგონებელში ვარდება, რადგან არ იცის, რის მიხედვით შეარჩიოს სასურველი კანდიდატი, მით უმეტეს, რომ საარჩევნო პროგრამაში ყველას ის თემები აქვს მითითებული, რომელიც აუცილებლად მოსაგვარებელია, მაგრამ იმაშიც დარწმუნებულია, რომ კონკრეტული კანდიდატი, როგორც კი აირჩევენ, ამნეზიას მოიმიზეზებს და ეს პროგრამა საერთოდ მიავიწყდება.
"არ მჯერა არც ერთი კანდიდატის. საშინელება და ამაზრზენია იმაზე ფიქრი, რომ ირგვლივ ყველა გატყუებს. სიმართლე რომ გვითხრან, იმასაც ვეღარ დავიჯერებთ. ნერვები გაგვიფუჭეს ხალხს და მერე უკვირთ, რატომ არ მოგწონვართო? რა უნდა მომეწონოს, თქვენ რომ გილხინთ და მე მიჭირს? საინტერესოა, თუ იცით, რეალურად როგორ ცხოვრობს ხალხი თქვენს ქვეყანაში. მშიერი რომ არის ხალხი, ეს საერთოდ არ გადარდებთ?
როგორც კი სოფლისკენ მიმავალ გზაზე გადაუხვევ, ადამიანების გაჭირვებული ყოფა უმალვე თვალში საცემი ხდება. ქალაქი რაღაცით მაინც იკვებება, სოფლის გლეხობამ კი ყველაფერი თავად უნდა მოიყვანოს და მერე საკუთარი ხელით მოწეულ პროდუქტს "კაპიკებში" ყიდიან გადამყიდველებზე. გლეხს მხოლოდ იმდენი თანხა მიაქვს შინ, შიმშილით რომ არ მოკვდეს, გადამყიდველი კი გლეხის ნამუშევრის წყალობით, ორმაგ მოგებას ნახულობს. ამიტომაცაა, აღარავის უნდა მიწის დამუშავება.
პოლიტიკოსებმა, ვინაიდან ხალხის ხარჯზე მოინდომეს ცხოვრება და თავად გამოთქვეს სურვილი ჩვენზე ზრუნვისა, კეთილი ინებონ და რეალურად გააკეთონ საქმე... ჩამკვდარია სოფლებში ცხოვრება. ჩვენთვის სულიერი საზრდო ზედმეტი ტვირთი ჰგონიათ, არადა, ბევრია აქ ოპერასა და თეატრს დანატრებული. გეკითხებით, რატომ არ უნდა იცოდნენ ჩვენმა შვილებმა, რა არის სპექტაკლი? კი, კომპიუტერის მონიტორზე შეუძლიათ უყურონ წარმოდგენებს, მაგრამ როცა მსახიობთან უშუალო კონტაქტი გაქვს, ეს სულ სხვა რამ არის, მაგრამ ყველას "ფეხებზე ჰკიდია" გლეხის და მისი შვილის სულიერება. ჰგონიათ, უხეშები ვართ და სულიც ასეთი გვაქვს... ჰოდა, გეკითხებით, რატომ?..
პარლამენტარებმა ტელევიზიით გამოსვლისას სისულელეებზე კინკლაობას ჯობია, საქმე აკეთონ. გასართობად ჩხუბის ყურება თუ მოგვინდება, აგერ ბატონო, ძაღლებს ვაჩხუბებთ. სამუშაო ადგილები შექმნან და სულაც არ გვინდა მათი უფასო სასადილოები, მათხოვრული სოციალური დახმარება, უფასო ექიმი, როცა მერე მის დანიშნულ წამლებს ვერ იყიდი... დასაქმებულები რომ ვიქნებით, თავად მივხედავთ ოჯახებს და ფულსაც გადავიხდით..."

ბატონი გიორგი ამბობს, რომ მისთვისაც მთავარ პრობლემად უმუშევრობა იქცა. როგორც ამბობს, წლების წინ გამოუშვეს სამსახურიდან იმ მიზეზით, რომ "ნაციონალები" არ მოსწონდა, მაგრამ ახლა სწორედ იმ გუნდს მისტირის, რადგან ახალი მთავრობის "კეთილი საქმეების დამნახავი არ არის..."
"სააკაშვილის გუნდი ნამდვილად არ მომწონდა, მაგრამ მათ ქვეყნისთვის რაღაცები მაინც გააკეთეს. ბიძინა არასდროს მეხატებოდა გულზე, მაგრამ მაინც ვფიქრობდი, რომ დაგვეხმარებოდა და სხვა თუ არაფერი, ახალგაზრდებს მაინც გაუჩნდებოდათ დასაქმების პერსპექტივა-მეთქი. შენც არ მომიკვდე, არაფერი გაუკეთებიათ ამ კუთხით. თავად მილიონები იშოვეს, სახლ-კარის მოწყობას, ქონების დაგროვებას გადაჰყვნენ, სხვებს კი ქამრის შემოჭერისკენ მოუწოდებენ. სირცხვილია, უდიდესი სირცხვილი! დაგვამშიეს. სავსეა ელიავას ბირჟა უმუშევარი ადამიანებით და იქ ჩავლის დროს მაინც არ ფიქრობენ ჩვენს ყოფაზე?
ადამიანმა თავი არასდროს უნდა იგრძნოს უმაქნისად, უსაქმურად და დაუფასებლად. მათხოვრული პენსიით შეურაცხყოფილნი და დაუფასებელნი, თითქოს თავს დამნაშავეებად ვგრძნობთ. ახლა ერთი ქალბატონის წერილი მახსენდება, რომელიც წერდა: "თქვენ მიერ დაუფასებელი წინაპრების შრომითაა მოტანილი აქამდე ეს ერთი ბეწო საქართველო, შაგრენის ტყავივით, ხელში რომ გადნებათ. საავადმყოფოს პალატები ივსება სისხლ­გათეთრებული ბავშვებით. ქუჩაში უპატრონოდ, უსახლკაროდ დარჩენილთა გოდებამ შეძრა ჩვენი სამშობლო. ღმერთო, გვიშველე და მეც მაპატიე, თუ მხოლოდ გასაჭირსა და ვაებას ვხედავ. მადლიანებო, ვინმემ ამიხილეთ თვალები და სიხარულის ცრემლი მადინეთ თქვენი კაცთმოყვარეობით, კეთილი საქმეებით. ნეტავ, ვცდებოდე! ნეტავ, ერთადერთი ადამიანი ვიყო, ვინც ქვეყნის გასაჭირს ხედავს. თუ ასეა, მაშინ ჩამქოლეთ, დამიბნელეთ თვალთა სინათლე, ოღონდაც ჩემი ქვეყანა დამშვიდდეს, მშრომელი ხალხი დაფასდეს..."
ჰოდა, ამ წერილის ავტორს მინდა ვუთხრა, _ არა, ძვირფასო ქალბატონო, მარტო არ ხართ, ჩვენც ვხედავთ ქვეყნის გასაჭირს, მაგრამ ისეთივე ხელებშეკრული ვართ, როგორც ციხეში _ პატიმარი. თავს ზევით ძალა არ არის.
ვისურვებდი, მალე გონიერი და კეთილსინდისიერი ადამიანები მოსულიყვნენ ხელისუფლების სათავეში, ისეთები, რომლებსაც ადამიანების გასაჭირის გათავისების უნარი შესწევთ..."


ქალბატონი ქეთევანი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ხელს აფარებს კრიმინალებს და პოლიციაში დაგროვდა გამოუძიებელი საქმეები, რომლებიც თაროზე შემოდეს. ფიქრობს, რომ ტყეებში გაჩენილი ხანძარი სიცხის ბრალი კი არა, ქვეყნის მტრების ხელით გაჩენილია და ამასაც ასაიდუმლოებენ, რადგან არ სურთ, ხალხი პანიკაში ჩავარდეს....
"გადაიწვა მთელი საქართველო. ჯერ კიდევ იგრძნობა ჰაერში დამწვარი ხეების სუნი. ვინ გაგვცემს ხალხს პასუხს კითხვაზე: რა მოხდა სინამდვილეში? რატომ გავეხვიეთ ცეცხლის ალში? ვინ არის რეალურად ჩვენი მტერი და ვის შურს ჩვენი მდიდარი ბუნების?
რატომ მოხშირდა კრიმინალური ფაქტები? რატომ დაგროვდა გამოუძიებელი საქმეები? ახლობელი მყავს პოლიციაში და ის ამბობს, რომ ბევრ საქმეს "აფუჩეჩებენ". ეზარებათ იმათაც საქმის კეთება, რადგან ალბათ, არ აქვთ სათანადო დაფასება. ჰოდა, აივსო ქვეყანა არაკეთილსინდისიერი ადამიანებით. ეს კატასტროფაა...
მენატრება ნაღდი თბილისელები! ძველი თბილისის ქუჩებში რომ ჩავივლი, ღრმად ჩავისუნთავ ხოლმე ჰაერს. იცით, როგორ მიხაროდა წლების წინ თბილისში ჩასვლა? იქ სულ სხვანაირი სურნელი იდგა, სულ სხვანაირი ურთიერთობა იყო, ახლა კი ქუჩებში მხოლოდ მშიერ სახეებს ვხედავ. ადამიანებს ერთი სული აქვთ, გიკბინონ, შემოგიღრინონ. ამას წინათ მომიხდა დედაქალაქში ჩასვლა, შვილიშვილები მოვინახულე. ქუჩაში ვსეირნობდი და შემთხვევით, ხანდაზმულ ქალბატონს მხარი გავკარი. იმან მე სიტყვები მითხრააა... რა დამავიწყებს! ხალხს ამდენი გასაჭირისგან გონება აქვთ დაბინდული... და მეც ჩუმად გავეცალე, მხოლოდ ბოდიშს ვლუღლუღებდი გაუთავებლად. ამ მხრივ, რაიონებში ცოტა უკეთესი მდგომარეობაა. ხალხს უჭირს, მაგრამ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა არ დაგვიკარგავს... სამწუხაროდ, დაკარგა თბილისმა თავისი ლაზათი და აღარც თბილისელობა თუ თბილისში მცხოვრების სტატუსია ისეთი საამაყო, როგორიც უწინ იყო..."
P.s. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81

ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კა­ცი, რო­მე­ლიც თავს ახა­ლი თა­ო­ბის მონ­ტე კრის­ტოს უწოდებს

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი