პატარა ბავშვივით გაქცეული სოხუმი
font-large font-small
პატარა ბავშვივით გაქცეული სოხუმი
ნურასდროს ნუ ვიტყვით: სოხუმი დაეცა...

"გზის" წინა ნომერში ვწერდი, რომ აუცილებლად მოგიყვებოდით სოხუმის დაცემის დროს სამჯერ გადარჩენილ ადამიანზე - მელისა გელაძეზე... სიმბოლურად, ამ წერილის წერა 29 სექტემბერს დავიწყე და დიდხანს ვფიქრობდი ყოველ სიტყვაზე, რომლითაც ის ტკივილი უნდა გადმოცემულიყო, რომელსაც სახელად ამქვეყნიური ჯოჯოხეთი შეიძლება ეწოდოს და ასევე, იმედიც, რომელსაც აფხაზეთის დედასაქართველოზე შემოერთებას ნიშნავს...
მადონა კალანდიას მცირე მოგონებას გადავაწყდი ინტერნეტსივრცეში. ოდნავი ცვლილებებით მასაც გთავაზობთ, მაგრამ ძირითადი სათქმელი მაინც წერილის ფინალური ნაწილისკენ იქნება (ჩანაწერის სტილი დაცულია)...


"უკვე 29 სექტემბერია. უსაშინლესი დღე ჩემს ცხოვრებაში. ორი კბილებამდე შეიარაღებული აფხაზი ბოევიკი შემოიჭრა ჩემს ქუჩაზე. ოთხი უსაყვარლესი ნათესავი ერთად დახვრიტა. მეც მომკლავდნენ, მაგრამ ერთმა უთხრა მეორეს, სახლში შევიყვან, ოქროს წავართმევ და მერე მოვკლავო. კარგი, ოღონდ ჩქარა მოათავე ეს საქმე, ოქრო გამოართვი და მოკალიო. მივეცი აფხაზს ფული, დედაჩემის და ჩემი ოქროს ნივთები. მოეწონა, საკმაო რაოდენობის იყო. გაუხარდა. მითხრა, არ მოგკლავ, გარეთ არ გამოხვიდე, ჩემმა მეგობარმა არ დაგინახოსო. კიბე ჩაირბინა და ავტომატის ჯერი გაუშვა, მეგობარს რომ გაეგო... წავიდა და ოთხი საყვარელი ადამიანი ერთად, ერთ ეზოში დახვრიტა. ოთხივეს ჩემი ხელით დავუხუჭე თვალები და გავაპატიოსნე. შემდეგ ჩემი სახლის წინ სიმინდის ყანაში ვიმალებოდი... შემოვიდნენ აფხაზები, ქუჩაში ღორი მოკლეს, ეზოში შემოათრიეს და მკვდრებს გვერდით მიუწვინეს... ძლივს მოვახერხეთ მე და ბიცოლამ მისი შვილის საკუთარ სახლში გადაყვანა და დივანზე დაწვენა... შვიდი დღის მერე ყანიდან გამოვედი. დავინახე, ბიცოლას ბარი ეჭირა ხელში, რომ შვილი დაემარხა. ბარი გამოვართვი და საფლავი გავუთხარე ბიძაშვილს - არა, უფრო ძმას. დედისერთა ვიყავი, ყველაზე პატარა, ბიძაშვილები მხრებზე შემისვამდნენ და "აჩუ, აჩუ ცხენოს" ძახილით ეზოში დამარბენინებდნენ... ასეთ ბიძაშვილს ჩემი ხელი გავუთხარე საფლავი, ზეწარში შევახვიე და ისე დავასაფლავე სახლის უკან. დანარჩენების საფლავიც მოგვიანებით გავთხარე... აფხაზეთის ომმა ჩემს ხერხემალზე გადაიარა. გაგრაში აფხაზებმა დაიჭირეს 21 წლის ბიჭი, ვაჟა ჩიქოვანი, ბიძაშვილისშვილი. მიიყვანეს სახლში. სახლს წაუკიდეს ცეცხლი. მას თვალები დასთხარეს, ყველა სახსარი გადაუტეხეს, მერე დაკეპეს და ღორებს შეაჭამეს ქართველობის გამო... სოხუმში, ბათუმის ქუჩაზე მომიკლეს ორი უსაყვარლესი დეიდაშვილი... მომიკლეს მოსწავლეები, ძმები მაჩაიძეები... მეგობრები, მეზობლები... ერთ მეზობელს საკუთარი ხელით გაათხრევინეს საფლავი და ცოლ-შვილი ცოცხლად დაამარხვინეს..."
გავა დრო და ქალბატონი მადონას ნაამბობი ავი ფანტაზიის ნაყოფად ჩაითვლება და მას არ დაიჯერებენ ის ადამიანები, ვისაც არ უნახავს ომი ან ომისგან ნაოხარი ადგილები. მე კი მაქვს ნანახი სიცოცხლეშეწყვეტილი სოფლები, ქალაქები და მჯერა, რომ ადამიანებს შეუძლიათ გაექცნენ ადამიანობას, სატანის მსახურებად იქცნენ და მოაწყონ ჯოჯოხეთის მასკარადი შავი ფერებით...
მელისა 16 წლისა იყო, როცა ბებიის სახლში პირველად შეხედა სიკვდილს თვალებში. 19 სექტემბერი იდგა. ახალგაზრდა კაცი შევიდა სოხუმურ ეზოში. მელისამ დაინახა ფეხაკრეფით მომავალი "ლიმონკიანი" მეზობელი და მიხვდა, რა მოხდებოდა წუთების მერე, ამიტომ სასწრაფოდ სახლის იმ ნაწილისკენ წავიდა, საიდანაც სარდაფში ჩააღწია და უცებ გრგვინვა გაისმა... სამი დღე და ღამე ტიროდა ისტერიულად, ჩუმად, ღაპაღუპით ჩამოსული ცრემლებით პატარა, ცისფერთვალება გოგო. რას ტიროდა? უფრო იმას ალბათ, რომ იმ ადამიანმა შეაგდო ბომბი სახლში, რომელთანაც ერთად გაიზარდა, ერთად დადიოდნენ ზღვაზე, ერთად შეექცეოდნენ ნაყინს და მხოლოდ ერთი ღობე ყოფდა მათ სახლებს... ჰო, ჭიშკარიც იყო იმ ღობეში, "მოკლეზე" ერთმანეთთან სასიარულოდ, ოღონდ მანამდე სასიკეთო სვლისთვის...
GzaPress
"სახელსა და გვარს, ეროვნებასაც ვიტყვი, მაგრამ ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს? აფხაზი არ იყო. მერე ნაღმზე აფეთქებულა და ამიტომ არ ვახსენებ მის ვინაობას. არც ვუყურებდით ჩვენ ერთმანეთს ეთნიკურად ადრე. ერთად გავიზარდეთ, ერთად დავდიოდით ზღვაზე. არ აქვს სახელი იმ გრძნობას, რომელიც მაშინ დამეუფლა, როცა ვხედავდი სარდაფის მცირე სარკმლიდან, როგორ ისროლა ბომბი სახლის იმ მხარეს, სადაც უმეტეს დროს ვატარებდი. 19-20 და 21 სექტემბრის ღამის სარდაფი ჩემი შიშია, რომელიც თვალებში ჩამრჩა. 22-ში ოჯახის მეგობარმა ვიღაც გამოგზავნა, მელისა სოხუმშია და ცოცხალი თუ გადარჩა, მიაკითხეო. ნანგრევებიდან გამოსულს გამიძღვა ის კაცი აეროპორტისკენ. თითქმის სამი საათი ვიარე შენობების კედლებზე აკრულმა. არავინ იცოდა, კედლიდან კედლამდე მივაღწევდით თუ არა. ვაბიჯებდი ცხედრებს და უკვე ვეღარ ვხედავდი მთელი სიცხადით იმ საშინელებას, რაც სოხუმში ტრიალებდა. გვამებზე გადაბიჯებას თუ შემოვლას ალბათ, სიცოცხლის სურვილით შეპყრობილი ვახერხებდი, სხვა ახსნა ვერ მოვძებნე... აეროპორტში სამი თვითმფრინავი იდგა. ერთი აივსო და გაფრინდა, მეორეს ტრაპი ხალხით გაჭედილიყო და ჩემი სხეულიც შევაკვეხე ხალხის მასაში. ორი სამხედრო იდგა კართან და ბორტზე მხოლოდ ქალებს, ბავშვებს, მოხუცებსა და დაჭრილებს უშვებდნენ. ჩემი ადგილი იმ თვითმფრინავში არ აღმოჩნდა. ასანთის ღერიც აღარ შეეტევაო და ტრაპზე გაშეშებული დავრჩი სხვებთან ერთად. არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა, ალბათ სულ რამდენიმე წუთში ის თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა - სამოქალაქო თვითმფრინავს ჭურვი ესროლეს. გაქვავებული ვუყურებდი ტრაპიდან. მერე სატვირთო თვითმფრინავისკენ გადაგვიყვანეს. არავის მოუვიდა აზრად, რომ ტრაპი მიეტანათ და ვიღაც მაღალი, ახალგაზრდა კაცი მხრებზე გვისვამდა, ვიღაც ბორტიდან ხელს ჩამოყოფდა და აგვისროდნენ მაღლა. მუცლებით ვეჯახებოდით კედელს, ალბათ ბევრს ძვლებიც დაებზარა, მაგრამ მაშინ ერთი იყო მიზანი: დროზე გავცლოდით იქაურობას. გვერდზე გადახრილი მოფრინავდა სოხუმიდან თბილისისკენ თვითმფრინავი... აეროპორტიდან ავტობუსებით სამი მარშრუტით წაგვიყვანეს, ვაგზლის მოედანზე ჩამომსვეს და ჩუსტებიანი გოგო შევეხვეწე ერთ მძღოლს, სახლამდე მივეყვანე უფულო და დაქანცული. შენნაირი აქ, იცი, რამდენიაო? მერე ასაკიანმა ცოლ-ქმარმა მადლი დაიდვეს, სახლამდე მიმიყვანეს და მხოლოდ ის მახსოვს, როგორ გადმოვედი მათი "ჟიგულიდან" და დამეძინა. როცა გავიღვიძე, დედა მადგა თავზე... ახლა ტიკ-ტოკით ვეხმიანები ადამიანებს და ყველას ვაიმედებ, რომ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში. ერთი წუთითაც არ ვკარგავ იმედს. სამწუხაროდ, ახალ თაობას ნაკლები ინფორმაცია აქვს აფხაზეთზე. აფხაზებიც მისმენენ ხოლმე, მაგრამ არ უყვართ სიმართლის მოსმენა. მე კი მაინც ვყვები იმას, რაც ჩემი თვალით ვნახე, რაც განვიცადე..."
ეს ამბავი მელისასგან განჯაში, გამარჯვების პარკში მოვისმინე. ცისფერთვალება ქალი გულამოსკვნილი ტიროდა ნაღმზე აფეთქებული სახლის წინ, სადაც ერთმანეთში არეულიყო ნაღმის ნარჩენი, ბეტონის ნაფლეთები, საბნის ნაგლეჯები, ბავშვის სათამაშოები და ფეხსაცმელები. წარსულის შიში მთელი ძალისხმევით მოჩანდა თვალებში და სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს. ცრემლი ზუსტად ისე მოდიოდა თვალებიდან მელისას, როგორც მაშინ, 1993 წლის სამი დღე და ღამის განმავლობაში... თქვენ არ იცით, რა საშინელებაა ეს, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიახლდა ის ტკივილები, თქვენ არ იცით, როგორ გტკივა თანშეზრდილი ადამიანის მიერ ნასროლი და უფრო მეტად ის მტკივა, შინისკენ რომ მიდიოდა მშვიდადო, - შემომტირა გულზე მიკრულმა მელისამ...
რომელიღაც არხის კამერა მოვიცილეთ, მერე მედიკოსებმა თავისი საქმე გააკეთეს და ვთქვით, რატომ არ კმარა ამ სამყაროს ის ნაწილი, რომელიც გვიბოძა ღმერთმა? ეს პასუხგაუცემელი კითხვაა და ლელა ანჯაფარიძის გულიდან წამოსული სიტყვებით მინდა დავასრულო...
"ნურასდროს ნუ ვიტყვით:
სოხუმი დაეცა...
უბრალოდ, ცოტა ხნით
შევიდა ზღვაში...
სოხუმი პატარა
ბავშვივით გაგვექცა...
ბავშვი კი ყოველთვის
ბრუნდება სახლში..."
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოცეკვავე წყვილი, რომელიც იძულებული გახდა, სხვა ქვეყანაში წასულიყო
თოჯინების თეატრში ცირკის წითელი ხალიჩა იშლება
რას ჰყვება დროებითი შრომითი ემიგრანტი
"მამა დახეული ფეხსაცმლით იყო მოსული ერთ-ერთ ფესტივალზე, როდესაც პირველი ადგილი დავიკავე..."
ლალი ბარძიმაშვილი: "მე სულ სხვანაირი ირაკლი დავინახე"
ამბავი თამარ მიქაძის მიერ ამერიკაში მოწყობილ პატარა საქართველოზე
მის მახსოვრობაზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი