"საქართველოს დროშა მაქვს შემოხვეული და ისე ვცეკვავ"
font-large font-small
"საქართველოს დროშა მაქვს შემოხვეული და ისე ვცეკვავ"
მოცეკვავე წყვილი, რომელიც იძულებული გახდა, სხვა ქვეყანაში წასულიყო

მოცეკვავეებმა - ლაშა ჭულუხაძემ და ნათია ნალიყაშვილმა პანდემიის გამო გადაწყვიტეს, დროებით პოლონეთში წასულიყვნენ სამუშაოდ და შარშან დეკემბერში გაემგზავრნენ საქართველოდან. ცეკვა და საერთოდ ხელოვნება აერთიანებთ, ასულდგმულებთ, აძლევთ ძალას ცხოვრებისეული სირთულეების დასაძლევადაც და იმედსაც, რომ მალე დაუბრუნდებიან საყვარელ საქმესა და ანსამბლს. ხანგრძლივი პაუზის გამო, ცეკვას მონატრებულებმა ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას რამდენიმე ვიდეო გადაიღეს და "იუთუბის" და "ინსტაგრამის" გვერდებზე ატვირთეს. ვიდეოებს ბევრი ნახვა და მოწონება ჰქონდა. გარდა იმისა, რომ ლაშა და ნათია სცენაზე ერთად დგანან, ბედიც ერთმანეთს დაუკავშირეს და 3 წლის წინ იქორწინეს.



ლაშა:
- პატარაობიდანვე მიყვარდა ცეკვა, რადგან მოცეკვავეების ოჯახში გავიზარდე. მამა ხელმძღვანელობს ქართული ხალხური ცეკვების სტუდიას "იმედი". 4 წლის ვიყავი, პირველად ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე რომ ვიცეკვე. მახსოვს, ედუარდ შევარდნაძე ამოვიდა და ხელში ამიყვანა, ფოტოც გადაგვიღეს მაშინ, მაგრამ ხომ ხედავთ, მისი წყალი არ გადმომესხა და პოლიტიკოსი არ გავხდი (იცინის). ცეკვა ჩემთვის ყველაფერია. რაც უნდა ცუდ განწყობაზე ვიყო, როგორც უნდა მტკიოდეს რამე, ცეკვა მკურნალივით არის, ყველაფერს მავიწყებს. როგორც ადამიანს სჭირდება საარსებოდ წყალი, ისეა ჩემთვის ცეკვა.
ნათია:
- ცეკვა არის ემოცია, რომელსაც სიტყვების გარეშე გადმოსცემ სცენიდან. შეიძლება ერთი გამოსვლით უდიდესი სიამოვნება მიანიჭო მაყურებელსაც და საკუთარ თავსაც. ჩვენ გვქონია გასტროლები, რომლებიც დღემდე დაუვიწყარია. პანდემიის გამო იძულებულები გავხდით, დაგვეტოვებინა ქვეყანა და ჩვენი ანსამბლი "ლაშარი", რომელიც წლების წინ შევქმენით. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავით ცოლ-ქმარი. ლაშას მამის მოსწავლე გახლდით, შემდეგ თბილისში, სერგო ზაქარიაძის სახელობის კოლეჯის ქორეოგრაფიული ფაკულტეტი დავამთავრე და პარალელურად მუშაობა დავიწყე ცეკვის მასწავლებლად იმავე ანსამბლში, რომელშიც დავდიოდი, ანუ - "იმედში". მერე ლაშაც გავიცანი. ის წლების განმავლობაში სამაჩაბლოში ცხოვრობდა.
ლაშა:
- ჩვენი სტუდია ჯერ კიდევ მაშინ გავხსენით, როდესაც შეყვარებულებიც არ ვიყავით. ერთად ყოფნამ, ერთმა მიზანმა უფრო დაგვაახლოვა და გაგვაერთიანა. მე სამაჩაბლოში გავიზარდე - 10 წლის ვიყავი, როდესაც დედასა და ძმასთან ერთად საცხოვრებლად იქ გადავედი. 22 წლის გახლდით, რომ დავბრუნდი. ნათია სიცილით ამბობს ხოლმე, ჩემთვის დაბრუნდიო. 2012 წელს გავიცანით ერთმანეთი, 5 წელი ვიყავით შეყვარებულები და 3 წელია, რაც დავქორწინდით. ასე რომ, მხოლოდ სცენაზე არ ვართ პარტნიორები.
- ერთია, როდესაც მოცეკვავე ხარ, მაგრამ როდესაც სხვას ასწავლი, ეს კიდევ სხვა უნარ-ჩვევებს მოითხოვს. როგორი უნდა იყოს ცეკვის მასწავლებელი?
ლაშა:
- მართალია, შეიძლება კარგად ცეკვავდე, მაგრამ ვერ იყო კარგი პედაგოგი, ეს სულ სხვა რამაა. ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, უნდა მოახერხო და ბავშვებს შეაყვარო ყველაფერი ქართული. ძალიან კარგად ვიცი "ლეზგინკა" და საერთოდ, კავკასიური ცეკვები. ხშირად მოსწავლეების მშობლები მეუბნებოდნენ, ვიცით, რომ კარგად ცეკვავთ და თუ შეიძლება, ეს ცეკვებიც რომ შეასწავლოთ ანსამბლშიო, მაგრამ მე ყოველთვის ვიწყებ ქართული ტრადიციული ცეკვების შესწავლით.
ნათია:
- როდესაც შენთან მოდის 5-6 წლის ბავშვი და უკვე მეორე-მესამე გაკვეთილზე ბედნიერი შემორბის დარბაზში, გეხუტება და იმ იმედითაა, რომ ბევრ რამეს ასწავლი, ეს უდიდესი სიხარული და სულ სხვა პასუხისმგებლობაა. ბევრი შემთხვევა ყოფილა, მშობელს მოუყვანია ტირილით და მერე, დამშვიდობებისას, ტირილითვე წაუყვანია. ეს არის სფერო, რომლითაც გასცდები საზღვრებს, რომლითაც მოიცავ მთელ მსოფლიოს. საოცარი შეგრძნებაა, ჟრუანტელი მივლის, როდესაც ვისმენ აპლოდისმენტებს, მაშინ ყველაფერი ცუდი წარსულს ჰბარდება.
- საზღვარგარეთ წასვლა ქვეყანაში შექმნილმა ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ გადაგაწყვეტინათ...
- პანდემიამ ძალიან იმოქმედა ჩვენს საქმიანობაზე, რამდენიმე თვეც რომ არ იარო დარბაზში, ყველაფერი წყალში იყრება, სისტემატური დატვირთვა აუცილებელია. ერთი გაცდენაც კი აკლდებათ ბავშვებს, რადგან თითოეულ რეპეტიციას თავისი დატვირთვა აქვს. იმედი გვქონდა, მალე დალაგდებოდა და დამთავრდებოდა ყველაფერი, მაგრამ - ამაოდ. არაერთხელ ვეცადეთ, ხმა მიგვეწვდინა ხელისუფლებისთვის, რომ ყურადღება მიექციათ ამ სფეროსთვის, ესეც არ გამოვიდა. არსებულმა მდგომარეობამ ძალიან იმოქმედა ფინანსურ მხარეზეც, რადგან ჩვენთვის ეს იყო ერთადერთი შემოსავალი. როდესაც სხვა პროფესია არ გაქვს, ძნელია, უცებ შეცვალო ყველაფერი და სხვა საქმეზე გადაერთო. როდესაც დარბაზში 10 ბავშვის ყოფნა დაუშვეს, იმის ნახევარიც აღარ მოვიდა, ვინც დადიოდა. ხარჯი ბევრი იყო, ვეღარ გავწვდით. გარდა ამისა, მოვწყდით საყვარელ საქმეს... ჯერჯერობით შვილი არ გვყავს და ეს სტუდია და ბავშვები, როგორც შვილები, ისე იყვნენ ჩვენთვის. როდესაც მშობელი გირეკავს და გეკითხება, რა იქნება, განახლდება თუ არა რეპეტიციები, შენ კი ვერაფერს ეუბნები დაზუსტებით, უფრო და უფრო გიპყრობს უიმედობა. ვატყობდით, ბავშვებსაც ძველებურად აღარ ენატრებოდათ ცეკვა და გული გვწყდებოდა.
GzaPress
- ნათია, ამ ყველაფერმა ხომ არ გიკარნახათ ვიდეოების გადაღება?
- ეს ლაშას იდეა იყო. მაშინ, როდესაც ყველას 2 და 3 პირბადე ეკეთა, აიკვიატა, - წამოდი, ქუჩაში ვიცეკვოთ და კლიპი გადავიღოთო. ვინც გაიგო ამის შესახებ, თავდაპირველად ყველას გაეცინა.
ლაშა:
- ვხედავდი, ხალხი როგორი დაშინებული იყო პანდემიის გამო, არსად გადიოდა, ყველა დაიზაფრა იმით, რაც ხდებოდა. ამიტომაც გადავწყვიტე გადამეღო დადებითი ემოციების აღმძვრელი ვიდეო, ხალხის გახარება მომინდა. ნათია მეუბნებოდა, ამ გაგანია პანდემიაში ვის ეცეკვებაო, მაგრამ მაინც ვერ გადამათქმევინა. პირველ ვიდეოს მოჰყვა ბევრი კომენტარი, მწერდნენ, როგორც იქნა, სახალისო რამ ვნახეთ ინტერნეტში, შენ გაიხარეო!..
ნათია:
- ლაშამ ბლოგის გაკეთებაც გადაწყვიტა და სხვათა შორის, ბევრი გამომწერიც ჰყავდა. ასე იპოვა გზა, რომლითაც შეივსო ცეკვით გამოწვეული მონატრება. ამბობდა, ყველანი რომ დავსხდეთ და ვიტიროთ იმის გამო, რაც ხდება, ეს არაფრის მომტანი იქნება და ასე ჩვენი სტუდიის ბავშვებს სტიმულს მაინც მივცემ, რომ ოდესღაც კვლავ შეძლებენ ცეკვასო. იმდენი ქნა, ბოლოს მეც ამიყოლია. უამრავი თბილი და დადებითი კომენტარის შემდეგ ვიფიქრე, თუ ხალხს მოსწონდა ეს ყველაფერი, დავთანხმებოდი. აქ რომ ჩამოვედით, ერთ-ერთ შეხვედრაზე პოლონელებთან და უკრაინელებთან ლაშა იცნეს, - შენ ბლოგერი არ ხარ? შენი ვიდეო გვაქვს ნანახი, მანქანას რომ აჩერებ, გადმოდიხარ და ცეკვავო. გვიხარია, რომ ბევრი ადამიანი გვიყურებს და კარგ განწყობას უქმნის ჩვენი ცეკვა.
- ყველაზე მეტი ნახვა რომელ ვიდეოს ჰქონდა?
ლაშა:
- მიმავალი მანქანიდან რომ გადმოვდივარ, საქართველოს დროშა მაქვს შემოხვეული და ვცეკვავ. მსგავსი ვიდეო ბევრი მქონდა ნანახი ინტერნეტში. ვიფიქრე, ქართველები რითი ვართ სხვებზე ნაკლები, მეც გადავიღებ-მეთქი. მართლაც უამრავი გაზიარება და ნახვა ჰქონდა, 3 მილიონამდე. ზოგი მწერდა, გააჩერე ეგ მანქანა და ისე იცეკვე, ამ პანდემიაში კიდევ უფრო დიდ საფრთხეს ნუ უქმნი თავსო.
- მაინცდამაინც პოლონეთი რატომ აირჩიეთ და რას საქმიანობთ ამჟამად?
ნათია:
- როდესაც უკვე მანქანაც გავყიდეთ, მაშინ ვიფიქრეთ, წამოვსულიყავით პოლონეთში. ადრე გასტროლებზე ვიყავით და ძალიან თბილად დაგვხვდნენ აქაურები. თანაც, ეს იყო ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შეგვეძლო ამ პერიოდში დავსაქმებულიყავით. დროებით სამსახურს ვგულისხმობ, არც ვფიქრობდით დიდხანს დარჩენას. გვინდოდა, მალე დავბრუნებულიყავით. ჩამოვედით ზამთარში, ახალი წლის წინა დღეებში. კარანტინში დავყავით 10 დღე, პოლიცია მოდიოდა ყოველდღე და გვამოწმებდნენ. რომ ჩამოვედით, ყველაფერი მუშაობდა, სალონების, რესტორნებისა და სავარჯიშო დარბაზების გარდა. თებერვლიდან ყველაფერი გაიხსნა, სავალდებულო არ არის ღია სივრცეში პირბადის ტარება. აქ თითქმის ყველა აცრილია, დაძალებით არავის არაფერს აძალებენ და არავის ეუბნებიან, რომ თუ არ აიცრება, სამსახურიდან გაუშვებენ. ქუჩაში რომ გადიხარ, ისეთი სიტუაციაა, თითქოს ვირუსი აღარ არსებობს.
ამჟამად ვცხოვრობთ და ვმუშაობთ ქალაქ ვროცლავში. ეს ქალაქი პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ოდრის ნაპირზეა. აქ შეგიძლია იცხოვრო წყნარად, იმუშაო და საკუთარ თავსაც დაუთმო დრო. თავდაპირველად ონლაინ-გამოწერების მაღაზიაში დავსაქმდით, სადაც შემოდიოდა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი. ვიდრე კლიენტთან გავუშვებდით, ვამოწმებდით და ვფუთავდით. 5-6 თვე ვიმუშავეთ, შემდეგ კი დავუბრუნდით ჩვენს სფეროს. ვროცლავში ქართული რესტორანია გახსნილი და იქ ვცეკვავთ. საცეკვაო კოსტიუმებს რომ ხედავენ, ძალიან უკვირთ, ბევრმა არ იცის არაფერი საქართველოსა და ქართული ცეკვის შესახებ. ვინც იცის ან საქართველოში ნამყოფია, მოხიბლულია ჩვენი ხალხის სტუმართმოყვარეობით და გვეუბნებიან, რომ კვლავ ჩამოვლენ. მიხარია, როდესაც ერთი და იგივე კლიენტი ბევრჯერ შემოდის, ესე იგი, მოსწონს ქართული სიმღერაც, ცეკვაც, კერძებიც. შემოდიან ისეთებიც, ვინც არ იცნობს საქართველოს, არ გაუსინჯავს არაფერი ქართული და უკვეთენ ერთ ცალ ხინკალს დასაგემოვნებლად. ცეკვას რომ ვიწყებთ, ბევრი გაოგნებული გვიყურებს. მახსოვს, ერთხელ ასაკიანი ხალხი იჯდა სუფრასთან და იმხელა ემოცია ჰქონდათ ჩვენს ცეკვაზე, კარგა ხანს ისხდნენ და ელოდებოდნენ, კიდევ როდის ვიცეკვებდით.
- საუბრის დასასრულს მითხარით, როდის გეგმავთ უკან დაბრუნებას?
ნათია:
- გვინდა ჩამოსვლა, მაგრამ გვეშინია, რომ კვლავ უმუშევრები დავრჩებით. სიტუაციას შევხედავთ. გვაქვს შემოთავაზება, რომ აქ გავხსნათ სტუდია, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიგვიღია. ღმერთმა ქნას, დალაგდეს ყველაფერი და აუცილებლად დავბრუნდებით!..
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნურასდროს ნუ ვიტყვით: სოხუმი დაეცა...
თოჯინების თეატრში ცირკის წითელი ხალიჩა იშლება
რას ჰყვება დროებითი შრომითი ემიგრანტი
"მამა დახეული ფეხსაცმლით იყო მოსული ერთ-ერთ ფესტივალზე, როდესაც პირველი ადგილი დავიკავე..."
ლალი ბარძიმაშვილი: "მე სულ სხვანაირი ირაკლი დავინახე"
ამბავი თამარ მიქაძის მიერ ამერიკაში მოწყობილ პატარა საქართველოზე
მის მახსოვრობაზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი