ორმაგი სანახაობა
font-large font-small
ორმაგი სანახაობა
თოჯინების თეატრში ცირკის წითელი ხალიჩა იშლება

ამ ქალაქში გოლიათები ცხოვრობენ. მოსახლეობის სიმაღლე დადებითმა განწყობამ განსაზღვრა, უფრო სწორად - ჯამბაზმა, რომელიც რამდენჯერაც ვინმეს გაღიმებას შეძლებს, ის ადამიანი სიმაღლეში 2 მილიმეტრით იზრდება, ხოლო თუ გააცინებს - 2 სანტიმეტრით. ჯამბაზი ყველას მუხტავს, ის უყვართ და აფასებენ, მაგრამ შეიძლება ერთ დღესაც უსარგებლოდ მიიჩნიონ და საყვარელ საქმეს ჩამოაშორონ. ეს მძიმედ აღიქმება, განსაკუთრებით იმ ადამიანისთვის, რომელიც აპლოდისმენტებსა და მაყურებლისგან წამოსულ დადებით ემოციასაა შეჩვეული. როცა ეს სულიერი საზრდო იკარგება, ცხოვრების გაგრძელება ჭირს და ძნელია, ყველაფრის თავიდან დასაწყებად ძალა იპოვო...


ასეთი შემთხვევები ყოველთვის იყო, ყველა სფეროში ხდებოდა და ახლაც იგივე მეორდება. "გარეთ" კი XXI საუკუნეა და ჩვენ მსოფლიოს მომცველი, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დაავადების, კორონავირუსის პირობებში გვიწევს ცხოვრება. პანდემია როგორც ჩვენს ყოფაში, ისე სპექტაკლშიც იჩენს თავს. არსებულმა რეალობამ უამრავ სხვადასხვა პრობლემასა და დანაკარგთან ერთად, ადამიანებს შორის გაუცხოებისა და მარტოსულობის განცდა გააჩინა. მინიმუმამდე დაყვანილი კონტაქტები, ხალხმრავლობისთვის თავის არიდება უკვე ცხოვრების წესად იქცა. დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, არაერთი რეგულაცია დაწესდა. სხვადასხვა დაწესებულებამ დროებით და პირველ ეტაპზე გაურკვეველი ხნით შეაჩერა ფუნქციონირება. მათ შორის აღმოჩნდა ცირკიც, რომლის წითელ არენაზე აღარ იშლებოდა ამავე ფერის ხალიჩა და ტრიბუნებიდან ხალხის ოვაცია აღარ ისმოდა...
დაბნეული და დაშინებული ადამიანების სამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთი გზა სახლებისა და ბინების ფანჯრები გახდა, თუმცა იქიდანაც მხოლოდ ცარიელი ქუჩები ჩანდა. ერთ დღესაც ამ სივრცეში ჯამბაზი გამოჩნდა, რომელმაც დათრგუნვილ მოსახლეობას პირდაპირ ფანჯრებში მიუტანა ბედნიერება და თავისი პროფესიონალიზის წყალობით, ძველი დიდება და ხალხის სიყვარული დაიბრუნა.
"ცირკი" თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სპექტაკლია. პროექტის ავტორები ნიკოლოზ საბაშვილი და ბახვა წერედიანი არიან. პიესა ნიკოლოზ საბაშვილს ეკუთვნის, ასევე - მუსიკალური გაფორმებაც. თოჯინების ავტორი კი ბახვა წერედიანია. სანახაობრივი ხელოვნების ეს ჟანრი ორივე რეჟისორს უყვარს, იდეა კი არსებულმა რეალობამ გააჩინა. ცირკი პანდემიის დროს იყო საწყისი, შემდეგ თემებად გაიშალა. სპექტაკლს კი მეტი სიღრმე ინდივიდის, ამ შემთხვევაში ჯამბაზის პირადი ცხოვრების გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა შემატა.
"ცირკი" - ეს არის სპექტაკლში კიდევ ერთი წარმოდგენა და პარალელურად, ყოფითი პრობლემების წინაშე დამდგარი ადამიანის ცხოვრება, წარმატებიდან - წარუმატებლობამდე, დაცემიდან - წამოდგომამდე!..

ნიკოლოზ საბაშვილი:
- დედამ პირველად ცირკში რომ წამიყვანა, ძალიან პატარა ვიყავი. მახსოვს წითელი სკამების ბრახუნის ხმა, სანამ მათზე მაყურებელი მოთავსდებოდა. უზარმაზარ სივრცეში ყველა ბედნიერი იყო და ეს ენერგია მეც გადმომედო. წარმოდგენა დაიწყო. დიდი მოლოდინი მქონდა ჯამბაზების ნაწილის მიმართ. ეს დროც დადგა. გამოვიდა ჯამბაზი და ცოტა ხანში დარბაზში განათებამ მაყურებელზე გადაინაცვლა, შემდეგ შუქი ჩემზე შეჩერდა და ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი. ჯამბაზმა თავის პუდელთან ერთად კიბე ამოირბინა, გაჩერდა, ხელი ჩამკიდა და არენაზე ჩამიყვანა. უცბად ვიგრძენი, ცირკის უზარმაზარი სივრცე როგორ "დამემხო" თავზე. მან მე და ძაღლს ნომერიც კი დაგვიდგა - პუდელი ჩემ გარშემო დარბოდა და აყეფებული აქეთ-იქით ხტოდა. შემდეგ ჯამბაზმა ბუშტი, სასტვენი მაჩუქა და თავისნაირი წითელი ცხვირი გამიკეთა. ვიდექი პატარა ჯამბაზი დიდი ჯამბაზის გვერდით და ამ თანამონაწილეობით ეშხში შესული, უბედნიერესი ვიყავი. ისმოდა სიცილი და ტაშის გრიალი. ახლაც მახსოვს ცირკის არენის წითელ ხალიჩაზე ჩემი ნაბიჯები, თითქოს წონა არ მქონდა და სხვა განზომილებაში დავფრინავდი. ჯამბაზმა დედაჩემთან რომ დამაბრუნდა, მთელი დარბაზი მიყურებდა. ანტრაქტზე, ფოიეში ბუშტით დავდიოდი და ხალხი ღიმილიანი სახით თავზე ხელს მისვამდა. აბა, როგორ შეიძლება ცირკი არ მიყვარდეს, როცა იმ მადლიანმა ჯამბაზმა ასეთი დაუვიწყარი განცდები მაჩუქა?!

ბახვა წერედიანი:
- ჩემთვის ორმაგად ემოციურია ცირკში ჩემი პირველი ვიზიტის გახსენება. ულამაზეს ქალაქ გაგრაში გავიზარდე. სოჭს საბჭოთა კავშირში სახელგანთქმული ცირკი ჰქონდა. ერთხელაც იქ ჩამოვიდა ცნობილი ილუზიონისტი ემილ კიო. მაშინ 9-10 წლის ვიქნებოდი და დედ-მამამ ცირკში წამიყვანა. მასშტაბური წარმოდგენა იყო, ცირკისთვის ყველა დამახასიათებელი ნომრით, ჯამბაზებითა და ცხოველებით. კიოს ნომერი იყო უაღრესად ეფექტური, მათ შორის - გაჭრის სცენა. მას შემდეგ ჩვენს ქვეყანაში დატრიალებული მოვლენებიდან გამომდინარე, ცირკში აღარ ვყოფილვარ. იქ მაშინ აღმოვჩნდი, როცა უკვე თბილისში თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობდი და პერიოდულად დავდიოდით ცირკში. მაშინ ამ ადგილის ისეთი ემოციური აღქმა აღარ მქონია, როგორიც შემდგომში, როცა ჩემს ცხოვრებაში მარიონეტები "შემოვიდნენ". რეზო გაბრიაძეს სიგიჟემდე უყვარდა ცირკი, უამრავი ასეთი სცენა ჰქონდა სპექტაკლებში, ვდგამდით და გაუთავებლად ვაკეთებდით ჯამბაზებს. მას შემდეგ, რაც უკვე დამოუკიდებლად დავიწყე მუშაობა, მარიონეტები მეც სულ მყავს: ჯამბაზები, ჟირაფები, ლომები. ჩემი შოუც საცირკო პროგრამებისგან შედგებოდა, რომელსაც რეგიონებსა თუ საზღვარგარეთ ვმართავდი.
- "ცირკის" თოჯინების ავტორი თქვენ ხართ და ხომ არ დაგითვლიათ, ამ სპექტაკლის მთავარი ჯამბაზი რიგით რომელია? დღესდღეობით მშობლებს ბავშვები უფრო მეტად კინოში დაჰყავთ, ნაკლებად - თეატრსა და ცირკში. ფიქრობთ, რომ სპექტაკლი "ცირკი" მაყურებლის ინტერესს გამოიწვევს?
- ჩემს დასში ახლაც არის ოთხი ჯამბაზი, მათ შორის ერთ-ერთის ცხვირი ანათებს - როცა ბავშვები თითს მიაჭერენ, ხოლო მეორე საპნის ბუშტებს უშვებს. ის ტიპაჟი, რომელიც "ცირკისთვის" გავაკეთე, რიგით მეხუთეა. რაც შეეხება დაინტერესებას, ვფიქრობ, იქნება. მე და ნიკა თავიდანვე შევთანხმდით, რომ პირველ რიგში სპექტაკლი უნდა ყოფილიყო ძალიან ლამაზი, ფერადი, მხიარული, რიტმული, სახალისო, რომ ბავშვებს ცირკის რაობა აღექვათ და იმედი მაქვს, ამ ჩანაფიქრის განხორციელება შევძელით.
- რა არის ამ სპექტაკლის მთავარი სათქმელი?
GzaPress
ნიკოლოზ საბაშვილი:
- სპექტაკლი მოგვითხრობს ადამიანზე, რომელიც მთელი ცხოვრება მწვერვალზე დგას, მაგრამ ნელ-ნელა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ყველაფერი იცვლება. კიბეზე გორდება, ძირს ეცემა და ერთ დღეში ჩამოქვეითებულ-ჩამოქცეული, გაოგნებული შეჰყურებს აწმყოს. რეალობის აღქმა არ არის ადვილი, ბუნებრივია, მომხდარს მოჰყვება განცდა, ტკივილი, თუმცა, დავრდომილი ფეხზე აუცილებლად უნდა წამოდგეს, კვლავ შეეცადოს კიბეზე ასვლას და მის თავში მოქცევას. სპექტაკლის რამდენიმე მესიჯთან ერთად, ერთ-ერთი ისიცაა, რომ ყოველთვის უნდა ცდილობდე, გახდე პროფესიონალი. როცა ასეთ ადამიანად ყალიბდები, შენთვის სულ რომ ყველა კარი ამოიჭედოს, მაინც შეძლებ თვითრეალიზაციას. ვფიქრობ, ბავშვებთან ენის მოჩლექით საუბარი არ არის აუცილებელი. მათ დოზირებულად ყველაფერზე უნდა დაელაპარაკო, მათ შორის ისეთ თემებზე, როგორიც არის მარტოობა, შიში და ა.შ. თავიდანვე უნდა აუხსნა და შეაგუო, რომ ცხოვრებაში ბევრი ცუდი რამ ხდება, მაგრამ ეს არ უნდა აღიქვან როგორც ტრაგედია. ერთხელ დამარცხების გამო, მიდრეკილები არ უნდა იყვნენ უიმედობისა და დეპრესიისკენ, პირიქით, სხვადასხვა უსიამოვნო ფაქტის შემდეგ, ყოველთვის უნდა შეძლონ ფეხზე წამოდგომა. სწორედ ამის მოტივაცია უნდა მივცეთ ახალ თაობას. თეატრი მხარდამჭერი უნდა იყოს იმ ახალგაზრდების, რომლებიც დღევანდელი წარუმატებლობის გამო შეშინებული არიან და მომავალს დაბნეული გაჰყურებენ. ვეცადოთ დავარწმუნოთ, რომ ადამიანმა მოძრაობა არასოდეს არ უნდა შეწყვიტოს...
"ცირკის" იმ მსახიობებს შორის, ვინც მაყურებლის წინაშე მარიონეტებს აცოცხლებენ, არიან: მარიკა ძაგნიძე, ნინო პაპიაშვილი და ნინო ნატროშვილი. მათი აზრით, "ცოცხალ ურთიერთობებს" მონატრებულ საზოგადოებას სპექტაკლის სახით ერთი ფერადი და ამავდროულად დამაფიქრებელი საღამო ელოდება.

მარიკა ძაგნიძე:
- პანდემიამ ადამიანებს დაგვაშორა, ბავშვებიც ტელევიზორებსა და კომპიუტერებს არიან მიჯაჭვული. ბავშვების ბედნიერი სახეები და დარბაზში ფუსფუსი ჩვენც ძალიან მოგვენატრა. ამავდროულად, მსახიობებისთვის ეს იყო გამოწვევა, რადგან სპექტაკლში გამოყენებულია მარიონეტებიც (რაც აქამდე ჩვენთვის უცხო იყო) და "შტირებიანი" თოჯინაც. ნელ-ნელა ამ ყველაფერს ალღო ავუღეთ და ვფიქრობ, "ცირკის" სახით ერთი ლამაზი საოჯახო სპექტაკლი შეიქმნა.

ნინო პაპიაშვილი:
- იმ პირობით ქალაქში, რომელიც სპექტაკლში იგულისხმება, "ცირკის" გამოჩენა თავისი პერსონაჟებით ნამდვილი ზეიმი და ფეიერვერკია, ხოლო ჯამბაზის გარშემო განვითარებული რომანტიკული და სევდიანი ამბავი, არა მხოლოდ უმცროსებს, არამედ მოზრდილებსაც გაუღვივებს ინტერესს.

ნინო ნატროშვილი:
- 25 წელია თოჯინების თეატრში ვარ და აქ დღემდე მსგავსი სპექტაკლი არ დადგმულა. პირველ რიგში ვგულისხმობ მარიონეტებს და ამავდროულად, ორმაგ სანახაობას - თეატრში ცირკი, ანუ მოდიხარ სპექტაკლზე და ამავდროულად თვალს ადევნებ საცირკო წარმოდგენას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მაყურებელს ორმაგი სიამოვნება ელოდება.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნურასდროს ნუ ვიტყვით: სოხუმი დაეცა...
მოცეკვავე წყვილი, რომელიც იძულებული გახდა, სხვა ქვეყანაში წასულიყო
რას ჰყვება დროებითი შრომითი ემიგრანტი
"მამა დახეული ფეხსაცმლით იყო მოსული ერთ-ერთ ფესტივალზე, როდესაც პირველი ადგილი დავიკავე..."
ლალი ბარძიმაშვილი: "მე სულ სხვანაირი ირაკლი დავინახე"
ამბავი თამარ მიქაძის მიერ ამერიკაში მოწყობილ პატარა საქართველოზე
მის მახსოვრობაზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი