"ქართველ ბავშვებს არ ვავიწყებთ თავიანთ ფესვებს..."
font-large font-small
"ქართველ ბავშვებს არ ვავიწყებთ თავიანთ ფესვებს..."
ამბავი თამარ მიქაძის მიერ ამერიკაში მოწყობილ პატარა საქართველოზე

პროფესიით იურისტია. საქართველოში ჰქონდა წარმატებული კარიერა, მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, იუსტიციის სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში, წინ იყო კიდევ უფრო მაღალი მწვერვალები და ერთ დღესაც, გადაწყვიტა, დაეწერა განცხადება და ემიგრაციაში, ამერიკაში წასულიყო...
თავიდან თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, თუმცა, რაღაც დროის შემდეგ, მისთვის ღირებული ბევრი რამ დაკარგა და უცხო ქვეყანაში სრულიად მარტოდ დარჩენილს, თავიდან მოუხდა ცხოვრების დაწყება. და რადგანაც ძლიერი ქალები არასდროს კარგავენ რწმენას და უკეთესი მომავლის იმედს, თამარ მიქაძემაც შეძლო გაეკვლია გზა, დაეძლია ბარიერები და მყარად დამდგარიყო ფეხზე. ახლა უკვე სხვა, სამშობლოსგან შორს მყოფ ქართველ ბავშვებზეც ზრუნავს და ეხმარება მათ საქართველოსთან კავშირის შენარჩუნებაში, რისთვისაც ამერიკაში დააფუძნა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული კულტურის ცენტრი.


- 2010 წლის იანვარში, მეუღლესთან ერთად ჩამოვედი ამერიკაში. მანჰეტენზე, მესამე ავენიუზე გავხსენი ე.წ. კოფიშოპი. ჩემი მეუღლე მალევე დაბრუნდა საქართველოში და ცოტა ხანში, რაღაც მიზეზების გამო, ჩვენი ურთიერთობაც დასრულდა. დავრჩი მარტო ამ უცხო ქვეყანაში. შემდგომში ჩემი გეგმები და მიზნები, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ შეიცვალა და სასოწარკვეთილმა ვეღარ შევძელი სათანადო ყურადღება მიმექცია ბიზნესისთვის, შედეგად კი მისი გაჩერება მომიხდა. ცალკე საქართველოში დატოვებული შვილის და დედის დარდი მქონდა.
ერთ დღესაც, გადავწყვიტე ნიუ-ჯერსიში გადავსულიყავი, სადაც ცხოვრება ნულიდან დავიწყე. თავიდან საცხოვრებელიც არ მქონდა... მაგრამ მალევე, ჩემდა საბედნიეროდ, გამოჩნდა სამსახური, ასაკოვან ადამიანთან, რომელსაც დამხმარე სჭირდებოდა და რომელიც ძალიან კარგი პიროვნება აღმოჩნდა. ერთი წლის შემდეგ მოვახერხე საბუთების მოწესრიგება და ოცნების ასრულება, ჯერ ჩემი შვილი და შემდეგ დედა ამერიკაში ჩამოვიყვანე. იმედი არასდროს დამიკარგავს, მაგრამ ამ პერიოდში მივხვდი, რომ თუ იშრომებ, ყველაფერს შეძლებ.
- ძლიერი ქალი ხართ, ამდენი პრობლემის შემდეგ ფეხზე წამოდგომა მაინც შეძელით....
- ძლიერი ვარ, მაგრამ თავიდან ვერ ვეგუებოდი ბევრ რამეს და ვფიქრობ, ამერიკამ ჩემი ამპარტავნობა "მოტეხა". მე დღეს არ მრცხვენია ამის აღიარების, არ მრცხვენია პატიოსანი შრომის და ამ ყველაფრის გამო, ამერიკის მადლობელი ვარ... ამერიკა ოცნებების ასრულების ქვეყანაა, მაგრამ აქ მოდუნების უფლება არ გაქვს. ქვეყანა ჯაჭვისებური სისტემითაა აგებული და თუ ერთი რგოლი ჩაგიწყდა, ჩავარდები როგორც ფინანსურად, ისე მორალურად. პრობლემა რომ არ შეგექმნას, ძალიან ბევრი უნდა იშრომო, მოდუნების უფლება არ უნდა მისცე თავს და ამ შემთხვევაში შეძლებ ყველა ოცნების ახდენას. აი, მე ახლა სამი შვილი მყავს, მათზე ვზრუნავ, დიასახლისის ყველა მოვალეობას ვასრულებ, თან ვმუშაობ და პარალელურად, შოთა რუსთაველის ქართული კულტურის ცენტრს ვხელმძღვანელობ. თუ შრომა გიყვარს, მიზანს აუცილებლად მიაღწევ!
- როგორც ვიცი, ნიუ-ჯერსიში შეხვდით ადამიანს, რომელთანაც ოჯახი შექმენით...
- კი, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა პიროვნება, რომელსაც ჩემი ცხოვრების ადამიანს ვეძახი. ძალიან მიყვარს. ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს და კარგი მეგობრებიც ვართ, ეს კი ბევრს ნიშნავს.
GzaPress
- როგორც მითხრეს, განათლება ამერიკაში აქვს მიღებული...
- კი, ასეა, 14 წლიდან აქ არის. მარტო ჩამოვიდა სასწავლო პროგრამით, ამერიკაში დაამთავრა სკოლა, უნივერსიტეტი და ახლა სადოქტოროს იცავს. მუშაობს საჯარო სამსახურში, ძალიან აქტიური ადამიანია. ჩვენ ორი საერთო შვილი გვყავს, პატარა ჯერ ორი თვისაა. მისნაირი მეუღლე რომ არ მყავდეს, ბევრ რამეს ვერ შევძლებდი. ახლა, პანდემიის პერიოდში, ნახევარი დღე სახლიდან მუშაობს და მაქსიმალურად მეხმარება.
- ამერიკაში გაზრდილი რაიმეთი განსხვავდება დანარჩენი ქართველი კაცებისგან?
- ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საზღვარგარეთ გაზრდილი ქართველები დაშორებული იქნებოდნენ ქართულ ტრადიციებს, მაგრამ გიორგი რომ გავიცანი, დავრწმუნდი, ასე არ არის. ის ნამდვილად, ქართული სულის ადამიანია, ცოტაოდენი ამერიკული მიქსით.
- ცენტრზე მიამბეთ, რომლის წყალობითაც ქართველი ბავშვები უცხო მიწაზე ქართულ კულტურას ეზიარებიან. თავის დროზე ალბათ, ქართულ ცეკვას თქვენც სწავლობდით.
- კი, მამა ქორეოგრაფია და მეც ვცეკვავდი, ახლანდელ "ერისიონში", მაგრამ 90-იან წლებში მოგეხსენებათ, როგორი რთული პერიოდი გადავიტანეთ, შედეგად - მალ-მალე ვცივდებოდი, ორჯერ ფილტვების ანთება დამემართა და მას მერე ცეკვიდან გამომიყვანეს...
რაც შეეხება ცენტრს, ეს არ გამიკეთებია ბიზნესის თვალსაზრისით, უფრო საქველმოქმედოა. როცა ჩემი შვილი, სალომე აქ ჩამოვიყვანე, ცოტა ხანში გავიაზრე, რომ პრაქტიკულად, ურთიერთობა აღარ ჰქონდა ქართველ ბავშვებთან და იმდენად შემაძრწუნებელი იყო ეს ჩემთვის, ძალიან განვიცადე. ამან გამიჩინა სურვილი, რაიმე ქართული საქმე გამეკეთებინა და შევკრიბე ჯგუფი, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის ქართული კულტურის ცენტრის გარშემო გაერთიანდა.
- ანუ შვილმა მოგცათ საამისო სტიმული...
- ნამდვილად ასეა. თან სამშობლოს სიყვარული, მონატრება გამძაფრებულად მაქვს. აქ ყველა თავისებურად აკეთებს ქართულ საქმეს: ერთს თონე აქვს, მეორეს ფაცხა ეზოში... მეც მინდოდა აქ ჩემი პატარა საქართველო მქონოდა და ეს გზა ავირჩიე: შოთა რუსთაველის სახელობის ქართული კულტურის ცენტრში პატარები სწავლობენ ქართულ ცეკვას, ხატვას (პედაგოგი სალომე რიგვავა. - ავტ.). გვაქვს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებიც, რომელსაც უძღვება ელეონორა ქვილითაია. ასევე ვაპირებთ ფორტეპიანოსა და ვოკალის გაკვეთილების დამატებას.
ერთი სასიხარულო ამბავიც მაქვს ჩვენი აღსაზრდელებისთვის: ცენტრში ჩატარდება ონლაინრელიგიის გაკვეთილები, რომელსაც საქართველოდან უსასყიდლოდ წარუძღვება მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა ბასილი.
- თუ ახერხებთ ამერიკაში ქართული ღონისძიებების ჩატარებას?
- რა თქმა უნდა, პანდემიის პერიოდშიც კი გვქონდა ერთი საოცარი ღონისძიება. ჩვენ ვთანამშრომლობთ ანსამბლ "ფესვებთან" და სწორედ მათი ქორეოგრაფები გვყვანან მასწავლებლებად მოწვეულები. შორენა ბარბაქაძე და მისი შვილები, გიორგი და მარიამი ასწავლიან მოსწავლეებს ქართულ ცეკვებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მოსწავლეების მშობლები მაქსიმალურად ცდილობენ, ხელი შეუწყონ ამ საქმის განვითარებას და ამისთვის მათ დიდ მადლობას ვუხდი.
- ეს საქმე რას ნიშნავს თქვენთვის?
- პირველ რიგში, ეს საქმე მიყვარს, რადგან ვფიქრობ, ქართველ ბავშვებს არ ვავიწყებ თავიანთ ფესვებს, საიდან მოდიან, "რა გორის არიან". ვცდილობ, მათ მეც შთავაგონო სამშობლოს სიყვარული, რომ როცა გაიზრდებიან, სულ ჰქონდეთ ქართველობის განცდა. მინდა ოდესმე საქართველოში დაბრუნდნენ და განათლება, რომელსაც აქ მიიღებენ, სამშობლოს მოახმარონ. გარდა იმისა, რომ ამით ჩემს პირად მონატრებას ვიკლავ და ვაკეთებ ქართულ საქმეს, ამ ბავშვებსაც ვუღრმავებთ ქვეყნისადმი სიყვარულს. ამ საქმეში დიდი შრომა მაქვს ჩადებული. თითოეული ბავშვი ძალიან მიყვარს. მეორე შვილზე ვიყავი ორსულად, როცა დარბაზს ვეძებდი ცენტრისთვის და მართლა კარდაკარ დავდიოდი, მომავალ მოსწავლეებსაც ვეძებდი.
- თქვენს უფროს შვილს რა გეგმები აქვს?
- სალომეს უნდა ამერიკაში მიიღოს უმაღლესი განათლება (ჟურნალისტობა სურს) და მერე აუცილებლად საქართველოში დავბრუნდებიო, - ამბობს. ასევე, მოსწონს იაპონური კულტურა, პარალელებს ავლებს ქართულ და იაპონურ ტრადიციებს შორის... მომწონს, რომ მის გეგმებში საქართველო ყოველთვის ფიგურირებს... ჩემს შუათანას, რომელიც ჯერ მხოლოდ 2 წლისაა, ქართულს ვასწავლი და როცა ის ინგლისურად მელაპარაკება, ამას ვაპროტესტებ, პასუხს არ ვცემ (იცინის). ქართველმა ბავშვებმა მშობლიური ენა აუცილებლად უნდა იცოდნენ!
GzaPress
- თქვენ თუ გაქვთ დაბრუნება გეგმაში?
- ძალიან გვინდა საქართველოში დაბრუნება მე და ჩემს მეუღლეს. დარწმუნებული ვარ, ამის დროც დადგება და ჩვენს რესურსს, შესაძლებლობებს ისევ ჩვენს ქვეყანას მოვახმართ, ოღონდ უკვე სამშობლოში - საქართველოში მყოფები.
- ყველაფერი ქართული ხელმისაწვდომია თქვენთვის და მაინც, არის რაიმე, რაც ამერიკაში ძალიან გენატრებათ?
- ეზო, ქართული ეზო გვენატრება და მინდა, სწორედ ასეთი ეზო შევუქმნა ქართველ ბავშვებს ამერიკაში, სადაც დიდი დოზით იქნება სითბო, სიყვარული და საუბრები სამშობლოზე. მინდა შევკრიბო ქართველი ახალგაზრდები, რათა გაიცნონ ერთმანეთი, გაიზარდონ ერთად და უყვარდეთ ერთურთი. დამეთანხმებით, ურთიერთობას სულ სხვა გრძნობები მოაქვს. ჩვენი ცენტრის დამსახურებით, მოსწავლეების მშობლებსაც აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა, მეგობრობენ, შეკრების ინიციატივას იჩენენ - ეს სასიამოვნოა.
- თამარ, სოხუმიდან ხართ, არა?
- დიახ. დღე არ გავა, ეს ქალაქი დიდი სიყვარულით არ გავიხსენო. ჭავჭავაძის ქუჩაზე ვცხოვრობდით. ახლაც თვალწინ მიდგას ჩვენი ეზო, სკოლა. ადამიანებს შორის მაშინ სულ სხვანაირი სიყვარული იყო. მგონია, ბავშვობა იქ დავტოვე. 12 წლის ვიყავი, ომი რომ დაიწყო. გარშემო ქაოსი იყო, სოხუმი ბევრი წვალების შემდეგ, სამხედრო ვერტმფრენით დავტოვეთ. ამის შემდეგ დავიწყეთ ცხოვრება გორში, მერე ქუთაისში, ბოლოს თბილისში გადმოვედით. ეს იყო ურთულესი პერიოდი. მჯერა, დადგება დრო და ჩვენ დავბრუნდებით...
- დაბოლოს, შევაჯამოთ, რა გასწავლათ ცხოვრებამ?
- მე ვარ ადამიანი, რომელმაც ძალიან რთული ცხოვრება გამოიარა, მაგრამ თურმე, ცუდს ყოველთვის მოსდევს კარგი და უნდა ეცადო, გაჭირვების დროსაც საკუთარ თავს შთააგონო, რომ ყველაფრის მიუხედავად, უნდა იყო ბედნიერი - სხვა თუ არაფერი, როცა ცდილობ და თან გაქვს უფლის რწმენა, ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა უფალს, დავდექი ფეხზე, შევხვდი ჩემი ცხოვრების ადამიანს, შევქმენით ოჯახი, უკვე მესამე შვილი მყავს და წინ კიდევ უამრავი გეგმა გვაქვს.... განვლილმა გზამ უმთავრესი, რაც მასწავლა, იცით, რა არის? - რაც უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაბოროტდე, არასოდეს დანებდე და ყოველთვის წინ უნდა იარო!..
აქ, ჩემი სამშობლოსგან ასე შორს, იცით, რა არის ჩემი მთავარი დანიშნულება? საქართველოს საზღვრებს მიღმა მყოფიც კი ვემსახურო ჩემს ქვეყანას, მთელი ჩემი ძალისხმევით. ერების და კულტურათა სხვაობის გამო, ურთულესია საკუთარი იდენტობის, ეროვნულობის შენარჩუნება. ჩვენ ვიღებთ და ვეცნობით ამერიკულ კულტურას, წეს-ჩვეულებებს, ამ გარემოში იზრდებიან ჩვენი შვილები, რომლებიც, ჩვენთან ერთად, ჩვენი ქვეყნის პატარა ელჩები არიან ამ ქვეყანაში და ჩვენი თითოეული ქცევა თუ ქმედება საქართველოსთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ, ჩვენი საქციელი თუ სიტყვა, იმ პასუხისმგებლობით უნდა იყოს შთაგონებული, თუ როგორ წარმოვაჩენთ და რით დავეხმარებით ჩვენს საქართველოს.
დღეს ვუყურებთ ნიჭიერ, თვალებციმციმა, სიყვარულით გულანთებულ ბავშვებს და გული სიხარულით, სიამაყითა და იმედით გვევსება. ვგრძნობთ, რომ სანამ ჩვენს ენას, კულტურას, ისტორიას, რელიგიას, ფოლკლორს ვინარჩუნებთ ერთმანეთის სიყვარულთან ერთად, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ფიზიკურად ყოფნის ადგილს, ჩვენ ყველანი საქართველოში ვართ და ჩვენ ყველანი პატარ-პატარა საქართველოები ვართ.
მიხარია და ამაყი ვარ, რომ ერთი პატარა საქართველო აქ, ამერიკაში ჩემი დაარსებული შოთა რუსთაველის ქართული კულტურის ცენტრია.
ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნურასდროს ნუ ვიტყვით: სოხუმი დაეცა...
მოცეკვავე წყვილი, რომელიც იძულებული გახდა, სხვა ქვეყანაში წასულიყო
თოჯინების თეატრში ცირკის წითელი ხალიჩა იშლება
რას ჰყვება დროებითი შრომითი ემიგრანტი
"მამა დახეული ფეხსაცმლით იყო მოსული ერთ-ერთ ფესტივალზე, როდესაც პირველი ადგილი დავიკავე..."
ლალი ბარძიმაშვილი: "მე სულ სხვანაირი ირაკლი დავინახე"
მის მახსოვრობაზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი